Accessibility links

ცხინვალი დახმარებას ითხოვს. ორგანიზაციების დიდი ნაწილი დახურულია


ცხინვალი

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარიულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფექციური უკვე გადავსებულია, მალე მეორე საავადმყოფოც გადაივსება. სპეციალისტები არ არის საკმარისი...

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში პანდემიის დაწყების დროიდან დაინფიცირების 362 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 272 ადამიანი 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნიდან, დღემდე დაინფიცირდა. კოჩიევას თქმით, ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 47 პაციენტი მკურნალობს, ბავშვთა საავადმყოფოში კი - 35 პაციენტი.

რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო ხელისუფლებამ ბავშვთა საავადმყოფო კოვიდჰოსპიტლად გადააკეთა, სადაც 100 საწოლია განთავსებული. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალთან ერთად საწოლების რაოდენობაც მალე არასაკმარისი იქნება.

„ინფექციური უკვე გადავსებულია, მალე მეორე საავადმყოფოც გადაივსება. სპეციალისტები არ არის საკმარისი. როგორც მე ვიცი, საავადმყოფოში მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტები გადაჰყავთ, მსუბუქებს სახლში დარჩენის რეკომენდაციას აძლევენ. საავადმყოფოებში ქაოსია. არც ექიმები და არც ექთნები არ გვყოფნის. ჩვენი მთავრობა დახმარებას რუსეთს სთხოვს და, ალბათ, მალე მივიღებთ, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ აქ დღესაც ბევრი ამტკიცებს, კორონა არ არსებობსო. ისინი არც პირბადეებს იკეთებენ და რეკომენდაციებსაც არ იცავენ. დაავადებულთა რაოდენობა კი სწრაფად იზრდება“.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 21 ოქტომბრიდან ყველა სკოლა ორი კვირით დაიხურა. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა რეკომენდაცია 65 წლის ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქე თვითიზოლაციაში გადავიდეს. დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადავიდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, რადგან ანატოლი ბიბილოვს და მისი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ინფიცირებულია დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევიც.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის დავალებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაიგზავნა წერილი „სამხრეთ ოსეთში“ სამხედრო-საველე ჰოსპიტლის გაგზავნის თხოვნით. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

საავტორო გადაცემების რედაქცია აჩერებს მუშაობას, მაგრამ უკვე მომზადებული გადაცემები გავა ეთერში. საინფორმაციო გამოშვება დღეში ერთ გასვლამდე შემცირდა...
მადინა ვალიევა

დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იბრაჰიმ გასეევი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, სწერს, რომ რესპუბლიკაში კორონავირუსული ინფექციის აფეთქებაა და სთხოვს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში განათავსონ 150-ადგილიანი ჰოსპიტალი და მიავლინონ შესაბამისად აღჭურვილი სპეციალისტები.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა 15 სექტემბრიდან, რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ.

საველე ჰოსპიტლის გარდა, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ითხოვს რუსეთის არმიის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ბიოლაბორატორიას PCR-ტესტირებისა და რეგიონის სამხედრო ნაწილებსა და სოციალურ ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად.

მაუწყებლობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა დე ფაქტო სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „ირი“. ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად შემოაქვთ შიდა კარანტინი. ტელეკომპანიის მთავარი რედაქტორი მადინა ვალიევა აცხადებს, რომ მუშაობას წყვეტს ყველა რედაქცია, გარდა საინფორმაციო სამსახურისა.

„საავტორო გადაცემების რედაქცია აჩერებს მუშაობას, მაგრამ უკვე მომზადებული გადაცემები გავა ეთერში. საინფორმაციო გამოშვება დღეში ერთ გასვლამდე შემცირდა. მთავარი გამოშვება მხოლოდ 20:30 ზე გავა ეთერში. ეს ცვლილებები გაურკვეველი დროით გვექნება“, - განაცხადა მადინა ვალიევამ.

ახლა დე ფაქტო ხელისუფლება საველე ჰოსპიტლით დახმარების თაობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდება. დაახლოებით, ერთი კვირის წინ რუსეთს ასეთივე თხოვნით მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამაც. სააგენტო "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ამ კვირაში სოხუმის პანსიონატ „აიტარის“ ტერიტორიაზე გაიხსნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი, სადაც, 21 ოქტომბრის მონაცემებით, 10 პაციენტი იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG