Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში რუსული სამხედრო-საველე ჰოსპიტლის მოწყობას ელოდებიან


ცხინვალი. 2018 წ.
ცხინვალი. 2018 წ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კოვიდვითარება სულ უფრო მძიმდება. ბოლო 24 საათში რეგიონში ინფიცირების სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა. დე ფაქტო რესპუბლიკაში  114 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო  “რესი“ ე. წ. მთავარ სანიტარიულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტი 198 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 114-ის პასუხი დადებითი იყო.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში ეპიდსიტუაცია რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გაუარესდა. მათი მონაცემებით, 15 სექტემბრიდან დღემდე რეგიონში 391 ადამიანი დაინფიცირდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ცხინვალის ინფექციური საავადმყოფო პაციენტებით სავსეა. ბავშვთა საავადმყოფოში 100- ადგილიანი კოვიდჰოსპიტალი შექმნეს, მაგრამ თავისუფალი ადგილები იქაც აღარ არის. ტესტების დეფიციტის გამო, ინფიცირებულებს კვლევას ვეღარ უტარებენ, ამიტომ ექიმები მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ადგენენ, ინფიცირებულია თუ არა პაციენტი. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში კომენტატორებიც წერენ. გარდა ამისა, ცხინვალელები იმასაც ამბობენ, რომ უამრავი ადამიანი სახლში მკურნალობს და ექიმების დახმარებას უშედეგოდ ელიან.

ცხინვალის ცენტრალურ სტადიონზე საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ. რუსეთიდან სპეციალური დახმარება დე ფაქტო რესპუბლიკაში უკვე გაიგზავნა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, მრავალპროფილური სამხედრო-საველე ჰოსპიტალი 150 ადამიანზე იქნება გათვლილი. ადგილზე რუსი სამხედრო ექიმებიც ჩავლენ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ. დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ დახმარებისთვის მიმართა. ცხინვალში, საწოლფონდის გარდა, მედპერსონალის დეფიციტიცაა. ექიმები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც ექმნებათ კორონავირუსთან ბრძოლაში. ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ალექსანდრ პლიევი „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ არაერთხელ გააფრთხილა ხელისუფლება მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, მაგრამ ამისთვის არავინ მომზადებულა.

სასწრაფო დახმარების მანქანები გამოძახებებზე გასვლას ვეღარ ასწრებენ. გარდა ამისა, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა და ხშირად ინფიცირებულების საავადმყოფოებში გადაყვანის დროს მთავარი რეკომენდაციები ირღვევა...

„ყოველდღიურად ავადმყოფების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ინფექციური საავადმყოფო გადავსებულია. სამი დღის წინ პაციენტების გადაყვანა ახალ ჰოსპიტალში, ბავშვთა საავადმყოფოში დავიწყეთ, სადაც ასი საწოლია, თუმცა, ბოლო მონაცემებით, იქაც უკვე აღარ არის ადგილი. ჩვენ ჯერ პანდემიის პიკამდე არ მივსულვართ და უკვე შესაძლებლობების ზღვარზე ვმუშაობთ. სასწრაფო დახმარებაც ვეღარ მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი დაეცნენ. ცოტა ხნის წინ ტომოგრაფის პერსონალს ვესაუბრე. მათი თქმით, ძალიან გადატვირთულები არიან. ხალხი კომპიუტერული ტომოგრაფიის გადასაღებად მივარდა. მე ვთხოვ მოსახლეობას, რომ ტომოგრაფიას ექიმის დანიშნულების გარეშე ნუ ჩაიტარებენ. ჩვენი საპოლიკლინიკო ნაწილი ძალიან დაუცველია. ექიმები ნიღბებით სხედან და დღეში 20-40 პაციენტს იღებენ. პოტენციურად დაავადებულებთან მუშაობენ და ეს ადამიანები დაცულები არ არიან, რადგან ამ შემთხვევაში სამედიცინო ნიღაბი ვერ იცავს, როცა შენობაში ვირუსის დიდი კონცენტრაციაა“.

ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ქაოსსა და არასრულყოფილ სტატისტიკაზე სულ უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს. პატარა საზოგადოებაში ინფორმაციას ერთმანეთს სწრაფად უზიარებენ და იციან, რომ ტესტები თითქმის ამოწურულია საავადმყოფოში და ინფიცირებულებს კერძო ლაბორატორიაში გზავნიან, სადაც ანალიზის ჩატარება 1650 რუბლი (დაახლოებით, 70 ლარი) ღირს. ამ ანალიზს ბევრი არც იტარებს და მკურნალობას სახლში აგრძელებს. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო აცხადებს, რომ „რესპუბლიკაში“ სრული ქაოსია.

„სასწრაფო დახმარების მანქანები გამოძახებებზე გასვლას ვეღარ ასწრებენ. გარდა ამისა, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა და ხშირად ინფიცირებულების საავადმყოფოებში გადაყვანის დროს მთავარი რეკომენდაციები ირღვევა. სახლებიდან საკაცეების გამოტანაში სასწრაფოს ექიმებს უბრალო მოხალისეები ეხმარებიან და მათი დაავადების რისკი მაღალია. სტატისტიკას უკვე ვეღარ ვენდობით, რადგან ვიცით, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი ავადმყოფობს და მათ საავადმყოფოში ტესტსაც კი ვეღარ უკეთებენ. ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ახალგაზრდა კაცზე კი დიაგნოზის სახით თქვეს, რომ ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და კორონავირუსს აღარ აცხადებენ. კლინიკური ნიშნების მქონე ადამიანებს კერძო ლაბორატორიაში აგზავნიან, სადაც ტესტის აღება საკმაოდ ძვირია და ამას ყველა ვერც აკეთებს, ამიტომ სახლებში რჩებიან და იქ ავადმყოფობენ“.

დე ფაქტო რესპუბლიკის ექიმები ასევე ღიად აცხადებენ, რომ ყველაზე მძიმე ავადმყოფები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით თბილისის კლინიკებში გადაჰყავთ. სამოქალაქო აქტივისტები კი იმაზე საუბრობენ, რომ წითელ ჯვარს სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს და ინფიცირებული ნათესავების თბილისის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

დე ფაქტო რესპუბლიკაში, კორონავირუსისა და სეზონური გრიპის შემთხვევების გამო, ყველა საშუალო სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება.

კოვიდი დადასტურებული აქვს დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ გენადი ბეკოევსაც. გასულ შაბათს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსით დაინფიცირდა. მისი ინფიცირებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა, ბიბილოვს კი არც ვიდეომიმართვა და არც წერილობითი განცხადება არ გაუვრცელებია, ამიტომ ცხინვალელების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიბილოვის მდგომარეობა მძიმეა და ამის გამო ვერ ჩნდება საზოგადოების წინაშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG