Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის მსხვერპლ ქალებს კომპენსაციის მოთხოვნა სახელმწიფოსგან შეეძლებათ


უკვე ათ დღეზე მეტია საქართველოში მოქმედებს დადგენილება, რომელიც არეგულირებს ძალადობის მსხვერპლისა და ფემიციდის მსხვერპლი ქალების არასრულწლოვანი შვილებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემის წესს. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, პირველი დეკემბრიდან, მსხვერპლს, რომელმაც ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება ან ფსიქოლოგიური ზიანი, შეუძლია მოძალადეს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოძალადისგან ვერ მიიღებს სათანადო ანაზღაურებას, მაშინ მსხვერპლს ეძლევა საშუალება სახელმწიფოსგან მოითხოვოს კომპენსაცია.

ვის და როდის შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია?

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის“ თანახმად, სახელმწიფოსგან კომპენსაცია შეუძლია მოითხოვოს მსხვერპლმა, რომელმაც ძალადობის შედეგად მიიღო ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი.

კომპენსაცია ასევე შეუძლია მოითხოვონ ფემიციდის მსხვერპლი ქალის არასრულწლოვანმა შვილებმა.

სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზიანის ანაზღაურება ვერ ხდება დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ.

ანუ, სანამ მსხვერპლი სახელმწიფოს მიმართავდეს კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით, მანამდე, კომპენსაციის გაცემის წესის თანახმად, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს, რათა სასამართლომ დაადგინოს დანაშაულის ჩამდენი პირის, ანუ მოძალადის მიერ მსხვერპლისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მსხვერპლმა, პირველ რიგში, სასამართლოს გზით უნდა მოსთხოვოს მოძალადეს ზიანის ანაზღაურება.

თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მოძალადემ მსხვერპლს ზიანი უნდა აუნაზღაუროს, მაგრამ მოძალადე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, ანუ, მისგან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება სასამართლოს მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურება, მაშინ მსხვერპლი უკვე სახელმწიფოს მიმართავს კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით.

სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნა მსხვერპლს შეუძლია ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 3 წლის განმავლობაში.

რამდენია სახელმწიფოსგან გასაცემი კომპენსაციის თანხა?

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ მსხვერპლისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა სასამართლომ მოძალადეს შესაძლოა განუსაზღვროს ულიმიტოდ, დაწყებული, მაგალითად 500 ლარიდან, დამთავრებული ათობით ათასი ლარით.

თუმცა, სახელმწიფოსგან გასაცემი კომპენსაციის ოდენობა არ აღემატება 10 000 ლარს. ანუ, კომპენსაციის გაცემის წესის თანახმად, სახელმწიფომ მსხვერპლს შესაძლოა გადაუხადოს მაქსიმუმ 10 000 ლარის ოდენობით კომპენსაცია.

ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუკი მოძალადე მსხვერპლს გადაუხდის მოთხოვნილი თანხის 40%-ს მაინც, მაშინ მსხვერპლს აღარ აქვს უფლება მოსთხოვოს სახელმწიფოს დარჩენილი თანხის კომპენსაცია.

ანუ, თუკი დანაშაულის ჩამდენი პირისგან ამოღებული თანხა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხის 40%-ზე ნაკლებია, მხოლოდ მაშინაა სახელმწიფო უფლებამოსილი, გასცეს კომპენსაცია შესავსები თანხის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.

ვინ გასცემს კომპენსაციას და რა დოკუმენტებია საჭირო კომპენსაციის მისაღებად?

კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოა. აქ არის ინფორმაცია ყველა იმ დოკუმენტის შესახებ, რაც ძალადობის მსხვერპლმა და ფემიციდის მსხვერპლი ქალის შვილებმა უნდა წარადგინონ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კომპენსაციის მისაღებად.

ირმა ალადაშვილი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სრულყოფილად ჩაბარებული დოკუმენტაციის პირობებში, მსხვერპლს შესაბამისი კომპენსაცია დაერიცხება მაქსიმუმ 4 თვის ვადაში:

„თავდაპირველად სააგენტო ამოწმებს მსხვერპლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას. თუკი დოკუმენტაციაში დაფიქსირდება გარკვეული ნაკლოვანებები, განმცხადებელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ სრულად შეავსოს კომპენსაციის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია. სააგენტომ სრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიიღოს კომპენსაციის გაცემის ან კომპენსაციაზე უარის თქმით გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან მაქსიმუმ სამ თვეში მსხვერპლს პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება შესაბამისი კომპენსაცია“.

რა შენიშვნები აქვს სახალხო დამცველის ოფისს?

ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შემოღების ვალდებულება საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ 2017 წლიდან აქვს, როდესაც საქართველომ მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) რატიფიცირება, თუმცა, ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის დადგენილების მიღება წლების განმავლობაში გაჭიანურდა და მისი შემუშავება მხოლოდ ხუთი წლის თავზე გახდა შესაძლებელი.

კომპენსაციის გაცემისა და განსაზღვრის წესის მნიშვნელობაზე წლების განმავლობაში მიუთითებდა სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში და წერდა, რომ მსხვერპლთა მხარდაჭერისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო დროული და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესის მიღება.

ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე გვეუბნება, რომ პირველ რიგში, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მთავრობამ მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესი დაადგინა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის ოფისს დამტკიცებულ დოკუმენტთან გარკვეული შენიშვნები მაინც რჩება:

ეკატერინე სხილაძე
ეკატერინე სხილაძე

„მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციის გაცემის წესის სამუშაო ვერსიის შემუშავების პროცესში სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო, საბოლოოდ, ჩვენი მოსაზრებები არ იქნა გათვალისწინებული. ეს მოსაზრებები მეტწილად ეხება პროცედურულ საკითხებს, მაგალითად, საკითხი, რომელიც ეხება აღუსრულებლობის შემთხვევას. ამ დადგენილების მიხედვით, თუკი დამნაშავე მსხვერპლს გადაუხდის მოთხოვნილი თანხის 40%-ს მაინც, მაშინ სახელმწიფო აღარ ერთვება კომპენსაციის გაცემის საკითხში. ანუ აღარ ფარავს დარჩენილ თანხას. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ დარჩენილი თანხა ყველა შემთხვევაში აანაზღაუროს“.

არაერთი სახელმწიფო უწყება, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავებაში. როგორც ირმა ალადაშვილი გვეუბნება, განხილვის პროცესში სწორედ მხარეების შეჯერებული პოზიცია იყო, რომ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის მექანიზმი ზიანის 40%-ამდე ანაზღაურების შემთხვევაში ამოქმედებულიყო:

„სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ამ ვარიანტზე შევჯერდით. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ რიგ შემთხვევებში, თუკი დანაშაულის ჩამდენი პირი თუნდაც მინიმალურ თანხას გადაუხდის მსხვერპლს, სახელმწიფო კომპენსაცია პროცესში აღარ ერთვება. თუმცა, ჩვენ ეს ვარიანტი არ ავირჩიეთ. პირიქით, ჩავთვალეთ, რომ მსხვერპლებზე მორგებული, მოქნილი მექანიზმი უნდა შეგვემუშავებინა. რა თქმა უნდა, არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენ დღეს კომპენსაციის გაცემის საუკეთესო წესი გვაქვს, რადგან ზოგადად, მსოფლიოში, კომპენსაციის გაცემის წესი ახლად დანერგილი მექანიზმია, ჯერჯერობით, არცერთი ქვეყნის წესი იდეალური არ არის და ამ პროცესში ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული გამოწვევები. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენი წესი იდეალურია. მუშაობა კვლავ გაგრძელდება, პრაქტიკაც დაგროვდება, ვნახავთ, აღსრულების პროცესში რა გამოწვევები შეიძლება შეგვხვდეს და მომავალშიც, ყველანი ერთად, სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს წესი დაიხვეწოს და მივიღოთ იდეალურთან დაახლოებული მექანიზმი“.

კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული გაეროს ქალთა ორგანიზაცია. სწორედ მათ იმუშავეს კომპენსაციის გაცემის წესის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე. ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის პრაქტიკა შეისწავლეს.

მათ შორის იყო სალომე იჩქითიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი. როგორ სალომე გვეუბნება, ევროპის ქვეყნებში მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის პრაქტიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. სხვადასხვა ქვეყანა კომპენსაციის გამცემ სხვადასხვა უწყებას ირჩევს, მათ შორის, ზოგ ქვეყანაში კომპენსაციას გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზოგან იუსტიციის სამინისტრო, ან სპეციალურად შექმნილი ფონდები:

„თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ მსხვერპლთათვის კომპენსაციას ყველა ევროპული ქვეყანა არ გასცემს. კომპენსაციას გასცემს, მაგალითად, ჰოლანდია, ესპანეთი, მონტენეგრო, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, ფინეთი. ყველა ქვეყანა განსხვავებულ მიდგომას ირჩევს. აქვთ განსხვავებული კრიტერიუმები. შეიძლება ითქვას, რომ ერთი კონკრეტული ქვეყნის მოდელი არ გადმოუღია საქართველოს. უფრო მეტად ამ წესს ჰიბრიდული მოდელი შეიძლება ეწოდოს. ის, რომ კომპენსაცია გონივრულ ვადაში უნდა იყოს გაცემული, ის, რომ თანხა უნდა იყოს ადეკვატური, ვფიქრობთ, ეს წესი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა, შემდგომში, პრაქტიკა უკეთ გამოაჩენს, რეალურად როგორ დაინერგება ეს წესი და მოითხოვს თუ არა გადახედვას“.

რას ფიქრობენ კომპენსაციის გაცემის მექანიზმზე უფლებადამცველები?

თამარ გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, წლებია იცავს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას არ ჰქონია პრაქტიკაში არც ერთი საქმე, როდესაც ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა მოძალადისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.

მისი თქმით, „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის“ კანონის მეჩვიდმეტე მუხლი, რომელიც მსხვერპლს აქამდეც აძლევდა საშუალებას, რომ მოძალადისგან მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, პრაქტიკაში არ მუშაობს, რამდენადაც მოძალადე, მით უმეტეს, როდესაც ის მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით, უმეტესწილად ხდება გადახდის უუნარო. თამარ გაბოძის თქმით, რეალურად, საქართველოში ძალიან ცოტა პრეცედენტია, როდესაც დაზარალებულები მოძალადისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

ახლა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ამოქმედდა მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის დამატებითი მექანიზმი, თამარ გაბოძე ფიქრობს, რომ იმ საქმეებზე, რომლებიც ამის საშუალებას იძლევა, ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოს კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით:

თამარ გაბოძე
თამარ გაბოძე

„გვესმის, რომ შესაძლოა, ეს პროცესი გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, რამდენადაც, იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიმართო კომპენსაციის მოთხოვნით, მანამდე გავლილი უნდა გქონდეს ის პირველი ეტაპი, როდესაც ჯერ მოძალადისგან უნდა მოითხოვო კომპენსაცია. შესაძლოა, პროცესი საკმაოდ გაჭიანურდეს, თუმცა, რამდენადაც ახლა ინერგება ეს მექანიზმი პრაქტიკაში, იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო ამ მას მოქნილად და მსხვერპლის საჭიროებებზე მორგებულად აამოქმედებს, რომ კომპენსაციის მოთხოვნამ არ დაკარგოს აზრი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება ნამდვილად იყოს მორგებული მსხვერპლის უფლებებზე, სახელმწიფომ გაითვალისწინოს მსხვერპლის განსაკუთრებული საჭიროებები და რეალურად ხელი შეუწყოს ამ მუხლის პრაქტიკაში ამუშავებას. რეალურად, კომპენსაცია ეს არის დარღვეული უფლებების ნაწილობრივ აღდგენის შესაძლებლობა. უმრავლეს შემთხვევაში, მსხვერპლებს ადგებათ იმ დონის ფიზიკური, მორალური თუ ემოციური ზიანი, რომ შეუძლებელია, თუნდაც სოლიდური თანხით მოხდეს მათი უფლებების აღდგენა. ეს არის ძალიან მიზერული და ძალიან სიმბოლური რამ, რომ გარკვეულწილად, მსხვერპლებს აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მათ ამის საშუალება მისცეს“.

ეკა ქობესაშვილს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტს იმედი აქვს, რომ კომპენსაციის გაცემის წესი ეფექტიანად იმუშავებს და მსხვერპლებს მიეცემათ საშუალება მცირედით მაინც აინაზღაურონ ის ზიანი, რაც მათ მოძალადეებისგან მიადგათ:

ეკა ქობესაშვილი
ეკა ქობესაშვილი

„მსხვერპლებს აქამდეც შეეძლოთ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სასამართლოს წესით, თუმცა, ახლა ამას დაემატა ზრუნვის სააგენტოც, როგორც დამხმარე რგოლი. მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ თუ დამნაშავე პირისგან ვერ მოხდება თანხის ამოღება, მაშინ ეს ვალდებულება გადადის სახელმწიფოზე, რაც ნამდვილად შეიძლება განვიხილოთ დადებით ჭრილში. ჩვენი ბენეფიციარების საქმეებზე აუცილებლად გამოვიყენებთ ამ მექანიზმს და იმედს ვიტოვებთ, რომ დადგენილებაში არსებული ჩანაწერები ეფექტიანად აღსრულდება“.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, უწყებისთვის კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით, ჯერჯერობით, არავის მიუმართავს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ კომპენსაციის გაცემის წესის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია მსხვერპლებს არ აქვთ, შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლებსა და ფემიციდის მსხვერპლი ქალების ოჯახებს, რათა მათ კომპენსაციის მიღების უფლებით ისარგებლონ.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG