Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძეგლზე დაგეგმილმა ცვლილებამ შესაძლოა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს


ბათუმში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, რომელსაც ბათუმელები „ვერსალს“ უწოდებენ, სხვენის დაშენება იგეგმება. ეს გადაწყვეტილება, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მიიღო, ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილთან ერთად სპეცილისტების პროტესტსაც იწვევს.

მათ შორისაა არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი, საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წევრი, რომელმაც წერილით მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ინგა შამილიშვილს, და სანებართვო მოწმობის დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა. როგორც წერილის ავტორი წერს, დაუშვებელია ძეგლში ამ სახით ჩარევა და მისი სახეცვლილება, რამაც შესაძლოა საერთაშორისო სკანდალიც კი გამოიწვიოს: «რადგან საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობა უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ცნობილი ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული და მისი ნიმუშების დაზიანება უცილობლივ გამოიწვევს ბევრი სერიოზული უწყების პროტესტს“, ნათქვამია წერილში. ნესტან თათარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბათუმში არსებული ძეგლი მოდერნის სტილის ერთ-ერთი გამორჩეული მიმდინარეობის, „არტ ნუვოს“ (Art Nouveau), ნიმუშია, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს შეიქმნა ევროპაში და სულ რაღაც 20 წელი იარსება. ამ მიმდინარეობის არქიტექტურული ძეგლები საქართველოშიცაა, რომელთაგან ერთი ბათუმში 1906 წელს აშენდა:

„საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს ეს შენობები, რომლის შემდეგ ისინი აღიარა მსოფლიოს ძეგლთა დაცვის ფონდმა. ჩვენ ვართ პარტნიორები ევროკავშირის ორი ძალიან სერიოზული ორგანიზაციის, რომლებიც ეწევიან ამ მოდერნის მემკვიდრეობის დაცვას, პოპულარიზაციას, აკეთებენ მარშრუტებს და ჩვენ მიბმული ვართ ამაზე, მათ რუკებზე ვართ მონიშნული, მათ ვებგვერდებზე ვართ განთავსებული და ეს ძალიან ღირებულია. ბათუმში არსებული ძეგლი რომ საფრთხეში იყო, ჯერ კიდევ 2002 წელს დადასტურდა. იგი შევიდა საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობას შორის ას ყველაზე დაზიანებული ძეგლის სიაში“.

ძეგლი ახლაც დაზიანებული და უფუნქციოა. 2009 წელს მისი ფასადი შეღებეს. ძეგლის რესტავრაციის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მისცა შპს „კორაქსესს“, რომელიც რეკონსტრუქცია-ადაპტაციის მიზნით მანსარდის დაშენებას, ხოლო ეზოს მხრიდან ძველი ნაწილის მოშლასა და ახლის მიშენებას ითვალისწინებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ, სამი ხმით სამის წინააღმდეგ, ძეგლზე ცვლილება დაუშვა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა კი სამართლებრივ აქტს ხელი მოაწერა და, როგორც ამბობს, იხელმძღვანელა ერთი ხელოვნებათმცოდნის დასკვნით.

პროექტი
პროექტი

„წარმოდგენილია ლალი ანდრონიკაშვილის სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ეს შენობა 15.90 მეტრი სიმაღლისაა და იგი მომხრეა, ანუ შესაძლებლად მიიჩნევს, რომ შენობაზე არსებული მანსარდული სახურავის კეხი 1 მეტრით წამოიწიოს“, - ამბობს აჭარის კულტურული მემვკიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი. მისივე თქმით, იგი არ იცნობს სხვა სპეციალისტების მოსაზრებებს, რომლებიც სააგენტოში დოკუმენტურად 2017 წელს წარადგინეს, რადგან ამ დროს უწყებაში არ მუშაობდა, ბათუმში არსებულ მოდერნზე დაშენება კი თავდაპირველად სწორედ ორი წლის წინ იგეგმებოდა. მაშინ სააგენტოს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა მიმართა. წერილში წერია, რომ ბათუმში, გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე შენობაზე ყოველგვარი დაშენება მიუღებელია, რადგან აუცილებლად დაცული უნდა იყოს გამორჩეული ნაგებობის ავტორისეული ჩანაფიქრი, რომლის არსებით მხარეს წარმოადგენს განსაკუთრებული მხატვრული დატვირთვის მატარებელი ექსპრესიული მონახაზის მქონე მსხვილფორმებიანი პლასტიკური დეკორით შემკული ფასადების დამასრულებელი პარაპეტი, შენობის სილუეტის ცის ფონზე წაკითხვა. წერილს ექვსი სპეციალისტი აწერს ხელს და იგი ორი წლის წინ საზოგადოება „ბათომმა“ წარადგინა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. როგორც „ბათომის“ ერთ ერთი წევრი, შოთა გუჯაბიძე, ამბობს, სპეციალისტების რეკომენდაცია სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა გაითვალისწინა. შოთა გუჯაბიძე, რომელიც ამავე დროს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ერთ-ერთი წევრია, ამბობს, რომ საბჭოს სხდომაზე ძეგლის იერსახის შეცვლის საკითხი მეორედ გასული წლის ბოლოს განიხილეს - სწორედ იმ დროს, როცა იგი და საბჭოს კიდევ ერთი წევრი, რომელიც პროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ქალაქში არ იმყოფებოდნენ:

„ბათუმი რომ ევროპული ქალაქია, ეს მხოლოდ სადღეგრძელო კი არაა, ასეთი ღირებული შენობით დასტურდება, რომელიც ქუჩის კუთხეში დგას და მთელ კვარტალს განსაზღვრავს. ამავე დროს, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ვართ გაწევრიანებული სწორედ ამ მარგალიტების გამო. ეს კი ძალიან უხეში ჩარევაა და იგი დაკარგავს მის პირვანდელ სახეს, მის ავთენტურობას. ეს კი დანაშაულია“.

დაუშვებს თუ არა ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ამგვარ რეკონსტრუქციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ჯერჯერობით უცნობია. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საკითხს სწავლობენ და მხოლოდ მისი შესწავლის შემდეგ გაახმაურებს მინისტრი თავის გადაწყვეტილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG