Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი ახალი დაპირებები - რა წერია გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამაში


გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში, რომელიც 2019-20 წლებისთვის არის განკუთვნილი, 4 მთავარი საკვანძო მიმართულებიდან პირველია ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება. პროგრამაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის განუხრელი დაცვა.

პროგრამის მიხედვით, ის ორიენტირებულია სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე განათლების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. იგეგმება სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესება.

აი, რას გვპირდება გიორგი გახარია პრემიერად გახდომის შემთხვევაში 2020 წლის ბოლომდე.

  • გაგრძელდება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად;
  • 2020 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 430 000 ადამიანი;
  • რეგიონებში დამატებით აშენდება მაღალსიჩქარიანი ოპტიკური ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობის 85 %-ზე მეტს ექნება მაგისტრალურ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ-ინფრასტრუქტურასთან წვდომა;
  • 2020 წლის ბოლოსთვის გაზმომარაგებაზე წვდომა ექნება 1,3 მლნ. ადამიანს;
  • ხელი შეეწყობა ეკოტურიზმის, როგორც საინტერესო ტურისტული პროდუქტის განვითარებას;
  • საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით მოხდება მეტი მაღალმხარჯველი ტურისტის მოზიდვა საქართველოში;
  • შემუშავდება სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რაც ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად განაპირობებს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას;
  • განხორციელდება ჯავშანმანქანა “დიდგორის” შემდგომი დახვეწა და განვითარება ისეთი საბრძოლო და მხარდამჭერი ფუნქციების შესასრულებლად, როგორიცაა კავშირგაბმულობა, სახანძრო, სადაზვერვო და საცეცხლე მხარდაჭერა (მობილური ნაღმტყორცნი);
  • გატარდება ქმედითი ღონისძიებები თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის და ადმაიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად;
  • 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება 9 ახალი იუსტიციის სახლი და 22 საზოგადოებრივი ცენტრი;
  • 2020 წელს განხორციელდება პენსიების ზრდა და დაინერგება საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც მომავალში ყოველწლიურად უზრუნველყოფს საპენსიო გასაცემლების ზრდას. გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა; ახალი ბაზრების მოძიების მიზნით, განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არეალის შემდგომი გაფართოება (ისრაელი, ინდოეთი, აშშ, ყურის არაბული ქვეყნები);
  • 2020 წელს დაიწყება ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი;
  • ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, რაც ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის საწინდარია;
  • საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურში განხორციელდება სამთავრობო სერვისების გაფიცროვნება და ერთი ონლაინ პლატფორმის ქვეშ გაერთიანება.
  • სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ინკლუზიური და მულტიკულტურული გარემოს შექმნა; განვითარდება ბულინგისა და ძალადობის პრევენციაზე ორიენტირებული სერვისები და პროგრამები;
  • განხორციელდება საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველი ლაბორატორიებით უზრუნველყოფა;
  • სოფლის მცირეკონტინენტიანი და მაღალმთიანი სკოლების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეს სკოლები გარდაიქმნება სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად, რომლებიც საბავშვო ბაღს, სკოლას, პროფესიულ კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს;
  • სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის ზრდას, მათ შორის დისტანციური სწავლების კომპონენტის გაძლიერებას;
  • სახელმწიფო მხარს დაუჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში;
  • გაიზრდება ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე ხელმისაწვდომობა და გაძლიერდება ამ პროექტის ფარგლებში ინტელექტუალური კომპონენტი;
  • გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ დონეზე;
  • 2019-20 წლებში დევნილთა ბინებით უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება 200 მლნ. ლარზე მეტი.

გიორგი გახარიას პროგრამა დიდწილად ჰგავს მისი წინამორბედის, მამუკა ბახტაძის, სამთავრობო პროგრამას რიგ საკითხებში.


გიორგი გახარიას და მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამებში, ორივეგან პროგრამაში ვკითხულობთ, რომ:

  • 2019-2020 წლებში საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს მაქსიმალურად გამოიყენებს;
  • სახელმწიფო დასაქმებას ხელს შეუწყობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, პროფესიული განათლების სისტემის განვითარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერით;
  • სკოლების საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება, სწავლა-სწავლების პროცესში გაძლიერდება ტექნოლოგიებისა და დისტანციური სწავლების როლი; შეიქმნება მრავალფეროვანი ციფრული რესურსები და დამხმარე სასწავლო მასალები;
  • სახელმწიფო მხარს დაუჭერს ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებულ სამეცნიერო კვლევებს. ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობას;
  • მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა.

ახალი პრემიერის ახალი პროგრამა ძველი კითხვებით რთულად გასაცემს ხდის პასუხს კითხვაზე, შეძლებს გიორგი გახარია იმას ერთ წელიწადში, რაც მამუკა ბახტაძეს ორი წელიწადისთვის ჰქონდა გაწერილი?

3 სექტემბერს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. 2 სექტემბერს ეს პოსტი დატოვა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი გახარია 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის და ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს ემთხვევა ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც ხალხმავალი აქციები მოჰყვა, ასევე პანკისის სპეცოპერაცია, ზვიად რატიანი საქმე და ბოლოს 20-21 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამე, როდესაც საპროტესტო აქციების დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმემ დაკარგა თვალი, ორი მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 20 ივნისიდან უწყვეტად იმართება საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე 2016 - 2017 წლებში ის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2014- 2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი. უფრო ადრე, 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე გიორგი გახარია იკავებდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG