Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2021 წლის პირველი მინისტერიალი და ნატოს ამოცანები


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

2021 წლის 1 მაისის შემდეგ, აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, NATO-ს სარდლობით მოქმედმა კოალიციურმა ჯარებმა უნდა დაიწყონ ავღანეთიდან გასვლის პროცესი და, შესაბამისად, სწორედ ავღანეთსა და ერაყში განლაგებული კოალიციური ძალების შემდგომი ყოფნა წარმოადგენს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტრების 17-18 თებერვლის წლის პირველი შეხვედრის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს.

ავღანეთში ამჟამად ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს 860 ჯარისკაცი) სულ მცირე 10 000-კაციანი ქვედანაყოფი იმყოფება, შესაბამისი შეიარაღებითა და ტექნიკით, რომლის ორგანიზებულ გასვლას სათანადო ლოგისტიკური უზრუნველყოფა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება დასჭირდება. თუმცა ბრიუსელში არ გამორიცხავენ, რომ არათუ მაისიდან, არამედ წელს საერთოდ არც კი დაიწყოს ავღანეთიდან მრავალეროვნული ძალების გაყვანის პროცესი, უშედეგო შიდაავღანური დიალოგისა და 2021 წელს ქვეყანაში ახალი ძალით გაჩაღებული ტერორისტული თავდასხმების გამო.

როგორც 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, NATO-ს მრავალეროვნული ძალების გაყვანას ეწინააღმდეგება აშშ-ის კონგრესის რეკომენდაციით შექმნილი „ავღანეთის შემსწავლელი ჯგუფი“ (Afghanistan Study Group), რომელიც მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ყოფნა უნდა გაგრძელდეს, ხოლო თავად კოალიციური ძალების რაოდენობა კიდევ 4500 მებრძოლით უნდა გაიზარდოს.

„მე უკვე აღვნიშნე, რომ არ ვაპირებ ამ კვირაში დანიშნული მინისტერიალის დასკვნებზე წინასწარ ლაპარაკს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საჭიროა ვიპოვოთ სწორი ბალანსი ამ ორ საკითხს შორის: არ დავრჩეთ იმაზე უფრო მეტი ხნით, ვიდრე საჭიროა და, იმავდროულად, არც ძალიან ადრე გავიდეთ, რათა არ აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როდესაც ავღანეთი კვლავ გადაიქცევა საერთაშორისო ტერორისტების პლატფორმად, მათ თავშესაფრად, რაც იყო კიდეც ძირითად მიზეზი ჩვენი იქ (ავღანეთში) შესვლისა“, - განაცხადა ყოველთვის ფრთხილმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 17 თებერვალს NATO-ს მინისტერიალის წინ გამართულ ვიდეოპრესკონფერენციაზე.

„პროფილაქტიკა ინტერვენციაზე უმჯობესია“

ნატოს გენერალური მდივანი, ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი, ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე 2014 წლიდან იმყოფება. მის ამ თანამდებობაზე დანიშვნას დაემთხვა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ტრანსატლანტიკური შეთანხმება, რაც ალიანსის შიგნით ფინანსური „ტვირთის თანაბრად გადანაწილების“ მიზნით წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვითი ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ის ნიშნულამდე.

ამ ხნის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება NATO-ს იმ წევრი ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას და, შესაბამისად, მომავალ წელს, როდესაც 8-წლიანი სამსახურის შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს, იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ პროგრესი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.

„2021 წელი იქნება ზედიზედ მეშვიდე წელი თავდაცვისთვის გამოყოფილი ხარჯების ზრდის თვალსაზრისით. 2014 წლიდან კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა ჯამურად დამატებით 190 მილიარდი $ შემოიტანეს. მოველით, რომ 9 მოკავშირე ქვეყანა დახარჯავს თავდაცვაზე მშს-ს 2 %-ს, ხოლო 24 მოკავშირე, როგორც მოსალოდნელია, ინვესტიციის 20 %-ს სამხედრო აღჭურვილობის შეძენას მოახმარს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა 17 თებერვალს, ნატოს 2021 წლის თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრის დაწყების წინ.

ფინანსური ტვირთის თანაბრად გადანაწილება პირდაპირ უკავშირდება იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომლის წინაშეც ყველაზე ძლიერი სამხედრო ბლოკი აღმოჩნდა 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ბოლოს და მესამის დასაწყისში.

ესენია საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეები, კლიმატის სახიფათო ცვლილება, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისი, გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები, ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხში წარმოქმნილი უთანხმოება და დასავლეთის ალიანსის მიმართ ყველაზე არამეგობრულად განწყობილი “სახიფათო საგარეო აქტორების“ - ჩინეთისა და რუსეთისგან მომდინარე სხვადასხვა სახის, მათ შორის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის, საფრთხეები.

„ავტორიტარული ჩინეთი და რუსეთი კანონიერებაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან. ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენს თანამოაზრეებთან პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, რათა განვავითაროთ ჩვენი ფასეულობები და დავიცვათ ჩვენი ინტერესები. მე შევთავაზებ (მინისტერიალს), რომ გავაძლიეროთ წვრთნები და გავზარდოთ რეგიონში ჩვენი პარტნიორების პოტენციალი, ვინაიდან პროფილაქტიკა ინტერვენციაზე უმჯობესია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 17 თებერვალს.

თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელ პარტნიორებს გულისხმობდა ნატოს გენერალური მდივანი, რადგან 2021 წლის პირველ ვირტუალურ მინისტერიალში პარტნიორის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან მხოლოდ შვედეთისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოსა და უკრაინის საკითხის გარეშე

რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინას, ნატოში გაწევრიანების მსურველ ორ ქვეყანას, ალიანსის თავდაცვის მინისტრების სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, არ იგეგმება არც NATO-საქართველოს და არც NATO-უკრაინის კომისიების სხდომა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი დამოუკიდებელი ქვეყანა 2008 წლიდან ითვლება ალიანსის პოტენციურ კანდიდატად.

„ჩვენ გვსურს ძალიან არ ჩამოვრჩეთ საქართველოს, ხოლო, იდეალურ შემთხვევაში, საქართველოსთან ერთად მივიღოთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ი), რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა 8 თებერვალს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა, ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

უფრო ადრე, 22 იანვარს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მტკიცე სურვილი ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც არაორაზროვნად განაცხადა, რომ „დადგა დრო“ ამ საკითხის გადაჭრისათვის „ალიანსმა აჩვენოს უფრო მეტი სოლიდარობა და მეტი გამბედაობა“.

ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე თავისი 7-წლიანი მოღვაწეობისას იენს სტოლტენბერგმა საქართველოს არაერთხელ უწოდა „ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი“.

მეტიც, ნატოს გენერალურ მდივანთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის (Reflection Group) მიერ შარშან შემუშავებული ანგარიშის ერთ-ერთ უმთავრეს რეკომენდაციას „ნატოს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნება“ და „პარტნიორი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებისათვის მომზადება“ წარმოადგენს.

„ნატოს ღია კარის პოლიტიკა მხარდაჭერილი უნდა იყოს და იგი უნდა გააქტიურდეს, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი პარტნიორი ქვეყნების მოდერნიზების, ინტეგრაციისა და მომავალი წევრობისათვის მათ მოსამზადებლად. ნატომ უნდა გააფართოოს თავისი დახმარება პარტნიორებისადმი, რომლებმაც ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადეს, დაეხმაროს მათ განავითარონ წევრობისათვის აუცილებელი ინსტრუმენტები და რეფორმები პარტნიორების პოლიტიკურ, სამხედრო, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან ერთობლივი მუშაობით. ნატო კვლავინდებურად ერთგული უნდა დარჩეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და წევრობის შესახებ მოლაპარაკებების მნიშვნელობა უფრო მაღალ დონეზე უნდა აიყვანოს“, - აღნიშნულია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციაში, რომელსაც, 67-გვერდიან კონცეპტუალურ ანგარიშთან ერთად, ნატოს გენერალური მდივანი განსახილველად 2021 წელს ალიანსის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტს წარუდგენს.

მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება NATO-ს მომავალი სამიტი. ნაადრევია იმაზე საუბარიც, დადგება თუ არა მის დღის წესრიგში ალიანსის გაფართოების საკითხი და დაუჭერს თუ არა მხარს ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი ქვეყანა.

ახალი ფურცელი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო, ალიანსის შიგნით ბევრი საკითხის გარშემო წარმოიშვა მწვავე უთანხმოება. ზოგჯერ ეს დაპირისპირება ალიანსისათვის ეგზისტენციური საფრთხის ნიშნებსაც ატარებდა.

17 თებერვალს ნატოს გენერალურ მდივანს პრესკონფერენციაზე შეახსენეს ერთი კვირის წინ ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ცნობა, რომ 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე დონალდ ტრამპი ლამის მზად იყო გამოეცხადებინა აშშ-ის გასვლა ნატოს რიგებიდან თავდაცვის ბიუჯეტში გერმანიისა და სხვა ქვეყნების შენატანთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო.

იენს სტოლტენბერგს ეს ინფორმაცია, როგორც ჟურნალისტებს უყვართ თქმა, არც დაუდასტურებია და არც უარუყვია. მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ ეს ყველაფერი წარსულია, ჩვენ კი მომავლისაკენ უნდა ვიყუროთო.

„მომავალი კი ისაა, რომ აშშ-ში, ვაშინგტონში, ახლა ჩვენ გვეგულება ადმინისტრაცია, რომელიც ტრანსატლანტიკური კავშირის, ნატოს, - ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ერთობლივი მოღვაწეობის, - მტკიცე ერთგულია. მე ამას მიველსამები. არჩევნების შემდეგ მე ორჯერ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს და ორჯერვე მან ძალიან სერიოზულად, ძალიან მკაფიოდ ილაპარაკა ალიანსების აღდგენისა და ნატოს შემდგომი გაძლიერების თაობაზე. და NATO-2030 წლის სტრატეგიასთან დაკავშირებული ჩემი წინადადებებიც სინამდვილეში წარმოადგენს სწორედ იმ გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა ტრანსატლანტიკურ ურთერთობებში ახალი ფურცლის გადასაშლელად“, - განაცხადა 17 თებერვალს იენს სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ნატოს პირველ ვირტუალურ მინისტერიალში პირველად ღებულობს მონაწილეობას აშშ-ის ახალი თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი, რომელსაც კარგად იცნობენ ნატოში ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც პენტაგონის მომავალი შეფი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ აზიის მაკონტროლებელი სამეთაურო ცენტრის უფროსად მსახურობდა.

ნიშანდობლივია, რომ NATO-ს ორდღიან მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს ჟოზეპ ბორელიც, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ცოტა ხნის წინ პირველად იმყოფებოდა რუსეთში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ ყველაზე აგრესიულად განწყობილ ქვეყანაში.

დაბოლოს, მინისტერიალის ფარგლებში დაზუსტდება 2021 წლისათვის დაგეგმილი ალიანსის სამიტის ჩატარების საკითხი და, რაც მთავარია, 17-18 თებერვლის შეხვედრაზე დაიწყება მსჯელობა ალიანსის გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით შემუშავებულ NATO-ს ახალი კონცეფციის პროექტზე, რომელმაც მომავალ ათწლეულში ალიანსის ადაპტირება და მისი რიგების შემდგომი გაძლიერება უნდა უზრუნველყოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG