Accessibility links

ჭუბერის სტიქია - ბუნებრივი მოვლენა თუ ადამიანის ზეგავლენის შედეგი


არის თუ არა კავშირი ჭუბერის ხევში 5 ივლისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასა და მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში, მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას შორის? - ამ კითხვას პასუხი სააქციო საზოგადოება „ნენსკრა ჰიდრომ“ 5 ივლისსვე საგანგებო განცხადების საშუალებით გასცა და თქვა, რომ სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებას “ნენსკრაჰესის“ მშენებლობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და დააყოლა, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე „ნენსკრაჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები სრულიად გაჩერებულია. გარდა ამისა, განცხადებაში არგუმენტადაა მოყვანილი ისიც, რომ აღნიშნული სამუშაოები გულისხობდა მხოლოდ არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას, ხოლო სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით.

ეს ტერიტორია მაქსიმუმ ორი კილომეტრითაა დაშორებული დაგეგმილი ნენსკრის კაშხლიდან, ანუ, რეალურად, ეს ტერიტორია სწორედ საპროექტო არეალია.
დათო ჭიპაშვილი

„ნენსკრა ჰიდროს“ ეს განცხადება არასერიოზულად და ნაჩქარევად მიაჩნია დათო ჭიპაშვილს, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელს. მისი სიტყვებით, სანამ არ იქნება გამოკვლეული, თუ რამ გამოიწვია სტიქიური უბედურება, მანამდე მსგავსი განცხადებების გაკეთება დაუშვებელია. გარდა ამისა, განცხადების ავტორებს ის სიცრუეში ადანაშაულებს:

„კომპანიამ განაცხადა, რომ სტიქიის ზონა საპროექტო არეალიდან დაშორებულია 5 კილომეტრით. ეს განცხადება არ შეეფერება სიმართლეს. სტიქიამ სათავე აიღო მემულის ტერიტორიაზე, მდინარე ოკრილიდან. ეს ტერიტორია მაქსიმუმ ორი კილომეტრითაა დაშორებული დაგეგმილი ნენსკრის კაშხლიდან, ანუ, რეალურად, ეს ტერიტორია სწორედ საპროექტო არეალია. საპროექტო ტერიტორიაში არ იგულისხმება მხოლოდ კაშხლის ან რეზერვუარის ტერიტორია. საპროექტო არეალში იგულისხმება მიმდებარე ტერიტორიებიც. ეს არის ის ტერიტორია, სადაც კომპანიამ უკვე გადაუხადა მოსახლეობას კომპენსაცია და ააღებინა საზაფხულო კარვები ჭუბერის თემის საძოვრებიდან, რადგან კომპანია იქ აფართოებდა გზას. არის თუ არა დაკავშირებული ჰესის სამუშაოები ამ სტიქიასთან, ეს სხვა თემაა, მაგრამ თავად განცხადება, რომ თურმე სტიქიის ზონა 5 კილომეტრითაა დაშორებული საპროექტო არეალიდან, არის სიცრუე“.

​დათო ჭიპაშვილი ფიქრობს, რომ სტიქია უნდა შეისწავლონ და შეაფასონ დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა:

„სახელმწიფოს მიერ აუცილებლად უნდა იქნეს მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი. მათ უნდა შეაფასონ, ერთი მხრივ, რა მოხდა ჭუბერში და, მეორე მხრივ, უნდა გაკეთდეს შეფასება იმისა, თუ რა საფრთხეებს უნდა ელოდოს ჭუბერი, „ნენსკრაჰესის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში. საპროექტო არეალში ათზე მეტი მდინარეა, რომელიც შეიძლება ადიდდეს. ეს რისკები „ნენსკრაჰესის“ პროექტში არ იყო შეფასებული. ასევე არ იყო შეფასებული ის, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული რეზერვუარის მშენებლობისა და სხვა სამუშაოებისათვის, ჯამში, მინიმუმ 700 ჰექტარი ფართობის ტყის მასივის გაჩეხა. ამ მოვლენამ ჩვენ დაგვარწმუნა, რომ აქ მხოლოდ ერთი მდინარის პრობლემა კი არ არის, სიტუაცია გაცილებით რთულადაა“.

კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე იჩეხება ტყის მასივები, ხდება ხე-ტყის მოპოვება. ასეთ დროს კი ფერდობების მდგრადობა ძალიან მყიფეა, რაც ხელს უწყობს მთების ჩამოქცევას.
მერაბ ალავერდიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ჰესების მშენებლობას იმ ტერიტორიებზე, სადაც მრავლადაა ღვარცოფული მდინარეები, რისკის შემცველად მიიჩნევს ჰიდროლოგი მერაბ ალავერდაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ, მისი დაკვირვებით, ჭუბერში 5 ივლისის სტიქიურ მოვლენას არა არქვს კავშირი ჰესის მშენებლობასთან. ის დარწმუნებულია, რომ წყლის მოვარდნა ჭუბერში გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი მოვლენით, რომელიც სამმა მიზეზმა გამოიწვია:

„ძალიან დიდი სიცხეებია, მოხდა მყინვარის ინტენსიური დნობა. ენგურის აუზის მდინარეებსა და იმ მდინარეებს, რომლებიც მყინვარიდან საზრდოობენ, ივლის-აგვისტოში ახასიათებთ მაქსიმალური წყლიანობა. წელს ეს პერიოდი ცოტა ადრე დაიწყო, რადგან ასეთი სიცხეები, დიდი ხანია, არ ყოფილა. მოხდა თოვლის ინტენსიური დნობა. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ნალექი მოვიდა წვიმისა და სეტყვის სახით, რამაც გამოიწვია ნიადაგის დამძიმება, სწორედ ისე, როგორც სამი წლის წინ ვერეს ხეობაში. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდია ანთროპოგენული ზეგავლენა. კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე იჩეხება ტყის მასივები, ხდება ხე-ტყის მოპოვება. ასეთ დროს კი ფერდობების მდგრადობა ძალიან მყიფეა, რაც ხელს უწყობს მთების ჩამოქცევას“.

კადრები სტიქიის ზონიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:01:10 0:00

სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი კომპანია კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში, მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი 2020 წლიდან დაიწყებს, ხოლო მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

„ნენსკრაჰესის“ მშენებლობის შესახებ პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა, 2012 წლის დასაწყისში. მაშინ მესტიაში ჩატარებულმა საჯარო განხილვამ ჰესის მშენებლობის მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება გამოავლინა. „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას, არაერთი წელია, აპროტესტებენ სვანეთის მკვიდრნი. ისინი პერიოდულად აქციებს მართავდნენ როგორც სვანეთში, ისე თბილისში.

უხვი ნალექის შედეგად 5 ივლისს ჩამოშლილმა მთის მასამ მდინარე ნენსკრის ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა ათობით სახლი, გზები და ხიდები წაიღო, რის გამოც გარე სამყაროს მოსწყდა რამდენიმე სოფელი. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მდინარე ნენსკრის კალაპოტში დასაბრუნებლად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. წინასწარი მონაცემებით, ჭუბერის ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად, მთლიანად განადგურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG