რაღაც დროს, ალბათ, თქვენც გექნებოდათ მსგავსი მომენტი. ჩემი გუშინდელივით მახსოვს. მეოთხე კლასში ვიყავი და ვღელავდი, რომ ფიზკულტურას შეიძლებოდა სამიანი გამოეყოლებინა. პატარა ვიყავი და ჯერ არ ვიცოდი, რომ სხვა საგნებში თუ კარგი ნიშანი გაქვს, შანსი არაა ფიზკულტურამ ცუდი დაგიწეროს.
ფილარმონიის ქვეშ რომ მიწისქვეშა გადასასვლელია, მანდ ვიყავი, ვერის ბაღს ვუახლოვდებოდი, როდესაც უცებ დამარტყა - ღმერთო ჩემო, ამხელა დედამიწაა, ამდენი ხალხი ცხოვრობს, რამდენი რამე მომხდარა და მოხდება... ჩემს სამიანს, აბა რა მნიშვნელობა აქვს მეთქი.
მერე, საღამოს კიდევ უფრო განვავრცე - ამხელა სამყაროა, ვარსკვლავები, გალაქტიკები, რამე... რა ფიზკულტურა, რის სამიანი...
იმ ფიზკულტურის მასწავლებლის არც სახე მახსოვს, არც სახელი და არც ის, მეოთხე კლასში სამიანით რატომ მემუქრებოდა. მაგრამ ეგ გრძნობა, რომ აი, რა პატარები ვართ სამყაროში დროდადრო მიბრუნდება ხოლმე. ცუდ პონტში კი არა - პირიქით.
ხანდახან საჭიროა.
განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, ახალ ამბებში ძალიან რომ ჩაერთვები ხოლმე და ერთი საინფორმაციო გამოშვების დასრულების მერე მეორეს უყურებ და მერე ისევ ფეისბუკზე პოსტებს სკროლავ.
დროდადრო პაუზა გჭირდება ადამიანს და ვარსკვლავებზე ფიქრი.
მაგისთვის ჩემი საყვარელი სიმღერაა ეს - Flaming Lips-ის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიცია, თითქოს გულუბრყვილო ტექსტით, რომელიც, მე მგონი, სწორედ რომ იდეალურად შეეფერება ვარსკვლავებზე და სამყაროში ცურვაზე ფიქრს.