Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხომ იცოდა, რომ არ ესმოდა, რატომ ურტყამდა? - პოლიციელის მიერ ნაცემი ბიჭის ამბავი


არასრუწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის ისნის მეტროში ცემისთვის ორი პოლიციელია პასუხისგებაში მიცემული - ვიდეოში, რომელიც ბიჭის მეგობრებმა გადაიღეს, ყველამ ნახა, როგორ სცემდა ყრუ მოზარდს ერთი პოლიციელი და „ალაპარაკებით“ ემუქრებოდა, მეორე კი უმოქმედოდ აკვირდებოდა მომხდარს.

პოლიციელმა მეტროში მოქალაქეს სცემა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00

ვიდეოში ისმის პოლიციელსა და შშმ მოზარდის თანმხლებ ბიჭს შორის გამართული ეს დიალოგიც, რომელიც მეტროს ესკალატორზე დაიწყო.

- ხელი გაუშვი.

- შენ ხო გიცნობ.

- ყრუ-მუნჯია.

- მანდ უნდა იაროს მერე?

- არ ესმის, ყრუა.

- შენ ხო გესმის?

- მერე ვეუბნებოდი...

- უნდა დაარიგო მერე.

- ყრუა, რა უნდა დავარიგო.

- ყრუ-მუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?

- თუ აალაპარაკებ, მილიონს მოგცემ.

ამ „გასაუბრების“ შემდეგ შშმ ბიჭი პოლიციელს იქვე ოთახში შეჰყავს და ხელს გამეტებით ურტყამს რამდენჯერმე. ამ ვიდეოშივე ისმის მისი მეგობრის რეპლიკა, რომ ბიჭი ესკალატორზე წინ და უკან დადიოდა.

გიორგი ჯოჯიშვილი, რომელიც ამ ამბავს შეესწრო და ვიდეო გადაიღო, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ პოლიციელმა ერთხელ მისცა შენიშვნა ბიჭს, რომ უმიზნოდ ნუ დადიოდა ესკალატორზე, მაგრამ რადგან მან ვერ გაიგო, შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

გვეუბნება, რომ ცემის დროს მათ არავინ მიშველებია.

იმ ღამით თვალჩალურჯებული ბიჭი სახლში მივიდა - მისი მამა ჟურნალისტებთან ჰყვება, რომ მისი შვილი თავის მეგობართან, ვაგზალზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ოჯახში კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიდის. სავარაუდოდ, ბავშვი არც სკოლაში დადის.

ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს კომუნიკაციის დიდი პრობლემა აქვთ - ეს დაბრკოლება არსებობს პოლიციასთან, ექიმებთან ურთიერთობისას, საჯარო უწყებებში, სადაც ისინი რაიმე საქმეზე მიდიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეზობლებთან. მათ სულ სჭირდებათ გვერდით დამხმარე - ჟესტური ენის მცოდნე ადამიანი, - გვეუბნება საქართველოს ყრუთა კავშირის ხელმძღვანელი, მაია მეტონიძე.

ისნის მეტროში მომუშავე პოლიციელებს, ბუნებრივია, სპეციალისტის დაძახება თავში არც მოსვლიათ.

გაიგეს, რომ იყო სმენადაქვეითებული, მოჰკიდეს ხელი, არაფერი აუხსნეს, სპეციალისტი არ გამოიძახეს და უბრალოდ სცემეს“.

მაია მეტონიძე გვეუბნება, ბიჭს, ყრუთა კავშირიდან მალევე შეხვდნენ და ამბავი გამოჰკითხეს. მან თქვა, რომ დიდი არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ესკალატორზე ზევით-ქვევით დადიოდა.

გატეხილი არაფერი იყო, ლიანდაგებში არ ჩამხტარა, არავინ დაუზარალებია, როგორც ჩანს, თვალში არ მოუვიდათ. მაგრამ ეს არ არის გასაკვირი - ასეთი დამოკიდებულება არსებობს, რადგან მათ არ შეუძლიათ ლაპარაკი - არ შეუძლიათ აზროვნება“, - უთხრა მაია მეტონიძემ რადიო თავისუფლებას.

ვიდეო რომ არ გადაეღოთ? ხვალ რომ იგივე გამეორდეს? ან იქნებ ეს ყოველდღიური ამბავია? და თუ ასეა, სად არის ამ დროს სახელმწიფო?

ვინც მეტროთი მგზავრობს, ის ყოველდღე ხედავს იქ მომუშავე ბავშვების, ლამის მეტროში გაზრდილი მოზარდების შეხლა-შემოხლას ხან მგზავრებთან, ხან პოლიციასთან, ხან ერთმანეთთან. ამის მიზეზი ხან ვაგონის კარში ჩადგომა და მატარებლის შეფერხების მცდელობაა, ხან სხვა, საზოგადოებისთვის მიუღებელი საქციელი, რაც ხშირად სრულდება თავში წამორტყმით, მუჯლუგუნების კვრით.

ამას მართლა ყოველდღე ვხედავ, მაგრამ თითქოს მივეჩვიეთ, - მეუბნება ნინო არჩვაძე, ერთ-ერთი მგზავრი, რომელსაც ახმეტელის მეტროში გამოველაპარაკე, - ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს [ბავშვები] ასეთ დამოკიდებულებას კიდეც მიეჩვივნენ, რომ მათ ვიღაცამ უნდა უყვიროს, პოლიციელმა უნდა ხელი კრას... თითქოს სახელმწიფო მიწისქვეშ არ ჩადის“.

- სახელმწიფო ხომ პოლიციაა ამ შემთხვევაში?

- წესით. მაგრამ აქ წესებს ვინ იცავს?

იქ, მეტროში, თითქოს უკეთ ჩანს ის უზარმაზარი ნაპრალი, რაც განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოჩნდა ღარიბ და არაღარიბ მოსახლეობას შორის. აღქმაა ასეთი, რომ იქ უფრო დაუცველები არიან ადამიანები. მიწის ზემოთ, შეიძლება, ჩვენც გვცემოს პოლიციამ, თუ, მაგალითად, აქციას გავმართავთ, ვიყვირებთ ან პიკეტს მოვაწყობთ, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ მეტროში ბიჭი მხოლოდ იმიტომ ცემეს, რომ ის არის, ვინც არის - ღარიბი დაუცველი, შშმ... იქ არ მოქმედებს არც კონვენციები, არც კონსტიტუცია. სახელმწიფოს დახუჭული აქვს თვალი მაგ სიღრიბის მიმართ, ამ დროს კი ის სარგებლობს, ვისაც აქვს დაუსჯელობის იმედი“, - გვეუბნება ბავშვთა უფლებების დამცველი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატი ანა არგანაშვილი.

ხომ იცოდა, რომ ამ ცემით მისი ქცევა არ გამოსწოდებოდა, ხომ იცოდა, რომ ბიჭს არ ესმოდა? რატომ სცემა? ამ კითხვაზე პასუხი არც ანას აქვს.

განსხვავებულებს ვერ იტანს საზოგადოება და რა ფორმით გამოხატავს და დაგჩაგრავს, ეს სხვა საქმეა. ეს პოლიციელებიც, ჩემი აზრით, ამ საზოგადოების სახეა: "აგალაპარკებ" - ეს ფრაზა კარგად მეტყველებს ყველაფერზე“, - ეს გიორგი ახმეტელის სიტყვებია, ის არის ორგანიზაციის „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ პრეზიდენტი.

ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოც ზუსტად იმავეს აკეთებს თავისი პოლიტიკით, რაც ამ პოლიციელებმა ჩაიდინეს.

„ეს სისტემური ჩაგვრის ნაწილი მგონია ... ასეთი განცდა აქვთ, რომ შშმ პირები ფეხზე უნდა გაგვატარონ, ყრუები აგვალაპარაკონ, უსინათლოებს თვალი აგვიხილონ. ხშირად გვეუბნებიან, არ იხმარო ეტლი, მიეჩვეევი, იხოხე და ეგრე უფრო მალე ადგები... ამ ამბავზეც ეს შეგრძნება გამიჩნდა - პოლიციელის მხრიდან ეს იყო დემონსტრირება, რომ მისთვის მიუღებელია ბიჭის ეს მდგომარეობა, რომ ის ვერ ლაპარაკობს... არ ვარ დარწმუნებული, ყრუ რომ არ ყოფილიყო, უბრალო მოზარდს ასე თუ მოექცეოდა და მაინც დაარტყამდა“.

გიორგი ახმეტელი
გიორგი ახმეტელი

პოლიციელის ნაცემ მოზარდს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. სანამ გამოძიება მიდის, დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, თუ ბიჭის მამას დავეყრდნობით, ბავშვს, სულ მცირე, თვალი აქვს ჩალურჯებული.

საპროტესტო აქცია თბილისში იმ ღამით გაიმართა, როცა პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის კადრები გავრცელდა
საპროტესტო აქცია თბილისში იმ ღამით გაიმართა, როცა პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის კადრები გავრცელდა

პატრულ-ინსპექტორი, ნ.ბ. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის (ძალადობის) ბრალდებითაა დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 144 მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა","ბ" და "ზ" ქვეპუნქტებით.

მისი კოლეგა კ.ბ. კი, რომელმაც დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავებს, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

პირველს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება, მეორეს კი ან ჯარიმა, ან შინაპატიმრობა - ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG