Accessibility links

ჯგუფურად მოძალადეები თუ "გავრილოვის პატიმრები"


საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის ღამის აქციის 6 მონაწილის სასამართლო სხდომა გაიმართა, რომლებსაც ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტში შეჭრის მცდელობაში. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

  • ვინ არიან ბრალდებულები?

  • რას ედავება მათ გამოძიება?

  • რას ამბობენ თავად ბრალდებულები, მათი ადვოკატები და ოჯახის წევრები?

# 1 ცოტნე ცოტნიაშვილი, 45 წლის

- ბრალდების მხარე ამბობს, რომ იგი თავს დაესხა სამართალდამცველებს, მიაყენა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფა, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობაში

- ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თავად არის 20 ივნისის დაზარალებული - აქციაზე მას ზურგში 8 ტყვია მოხვდა.

#2 ლევან ჯიქური, 30 წლის

- ბრალდების მხარე ამბობს, რომ იგი სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობაში.

- ადვოკატის და ოჯახის მტკიცებით, ლევან ჯიქურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, კერძოდ აქვს მომატებული შაქრის დონე სისხლში და პარალიზებული კიდურები.

23 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მკვეთრად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ლევან ჯიქურის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა მისი ადვოკატი. 5 000 ლარიან გირაოსთან ერთად ჯიქური მზად იყო პროკურატურისთვის გადაეცა პირადობის მოწმობა და საზღვარგარეთის პასპორტი იმის ნიშნად, რომ არ აპირებდა გაქცევას და მიმალვით სასამართლოსთვის თავის არიდებას. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა არგუმენტით, რომ საქმეში ახალი გარემოებები, რაც გათავისუფლების არგუმენტად გამოდგებოდა, არ იკვეთებოდა.

ლევან ჯიქური, რომელიც სასამართლო პროცესს ეტლში მჯდომი ესწრებოდა, ამბობდა, რომ მას ციხეში ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალება არ ეძლევა და ის გარემოება, რომ მის ოჯახს, მცირეწლოვან შვილს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ცოლს სხვა მარჩენალი არ ჰყავთ, დიაბეტის ფორმას უმძიმებს, ყოველდღე უფრო და უფრო ცუდად მოქმედებს მის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

“რაც ციხეში ვარ, მარტო საძილე წამლები და ომეპრაზოლი მაქვს მიღებული,” - თქვა ჯიქურმა სასამართლო პროცესზე.

"დღეს ჩემი შვილი მშიერია" - ამბობდა დარბაზში მყოფი მისი ცოლი, რომელსაც მოსამართლემ სხდომის დროს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.

#3 ზურაბ ბუდაღაშვილი, 32 წლის

- ბრალდების მხარის მტკიცებით, იგი ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ.

- ოჯახი ამტკიცებს, რომ ის 20 ივნისის ღამეს დაშავებული გოგოს დახმარებას ცდილობდა და ვიდეო მტკიცებულებაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა, სწორედ ეს პროცესია ასახული.

ბუდაღაშვილი 20-21 ივნისის ღამეს თავადაც დაიჭრა - მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

ოჯახი მიუთითებს, რომ ზურაბ ბუდაღაშვილის დაკავებიდან 20 დღის შემდეგ პოლიციამ დააკავა მისი ძმა გიორგი ბუდაღაშვილი ნარკოდანაშაულის გამო; თუმცა შემდეგ გაათავისუფლა და მერე ისევ დააკავა, ახლა უკვე მტკიცებულებების განადგურების მუხლით.

#4 კახაბერ კუპრეიშვილი, 39 წლის

ბრალდების მხარე ამბობს, რომ იგი პოლიციელებს ესროდა სხვადასხვა საგნებს, თავს ესხმოდა და უსწორდებოდა სამართალდამცველებს.

#5 ბესიკ თამლიანი, 45 წლის

- ბრალდების მხარე: იგი თავს დაესხა რამდენიმე პოლიციელს

- ოჯახის და ადვოკატის მტკიცებით, იგი პარლამენტის წინ აქციის მონაწილე რამდენიმე ქალს იცავდა, რომელიც პოლიციის ზეწოლით შადრევანში ვარდებოდა. სწორედ პარლამენტის წინ, აქციაზე დააკავეს ბესიკ თამლიანი პირველად. დაკავებისას იგი სცემეს, რის გამოც მას თავზე ჰემატომა განუვითარდა და დაუზიანდა თვალის მიმდებარე არეალი.

აქციაზე დაკავებული თამლიანს 13-დღიანი სასჯელი სააპელაციო სასამართლომ დაკავებიდან მეოთხე დღეს მოუხსნა და გაათავისუფლა. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების შესწავლის საბაბით იგი მალევე დაიბარეს პროკურატურაში გამოკითხვაზე მისასვლელად, სადაც განუმარტეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს იძიებდნენ. გამოკითხვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბესიკ თამლიანი საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ხის საამქროში დააკავეს და ამჯერად უკვე სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულად სცნეს.

ბესიკ თამლიანი აფხაზეთიდან არის დევნილი.

#6 ცოტნე სოსელია, 25 წლის

- ბრალდების მხარის მტკიცებით, იგი ხელკეტით დაესხა თავს სამართალდამცველებს და ფიზიკურად გაუსწორდა მათ.

- ადვოკატის მტკიცებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა და მისი დისკრედიტაციის მიზნით დაკავებიდან მალევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი წარსულში წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ამ 6 პირთან ერთად სასამართლო განიხილავდა იმავე ბრალდებით დაკავებულ სოსო ბაჯელიძეს, რომელიც 16 სექტემბერს ბრალის აღიარებისა და გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა.

გირაოთი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ 27 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე 7-ივე დაკავებულის ადვოკატები. მაშინ ბრალდების მხარემ თქვა, რომ არსებობდა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და აღკვეთის ფორმად წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.

23 სექტემბერს გამართული სასამართლო სხდომა დაცვის მხარის მოსმენებს ისახავდა მიზნად. პროცესისთვის გამოყოფილი ზღვრული დროის გამო სიტყვის თქმა მხოლოდ 4 ბრალდებულის ადვოკატმა შეძლო. სხდომის დასაწყისში მოსამართლეს ვრცელი სიტყვით მიმართა ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატმა.

“განგებამ და ღმერთმა განსაკუთრებული როლი გარგუნათ, ბატონო მოსამართლევ! თქვენ უნდა განიხილოთ საქმე, რომელსაც ხალხმა“ გავრილოვის პატიმრების” საქმე უწოდა. ჩვენმა საზოგადოებამ, მთელმა ერმა აღიარა, რომ ის ადამიანები, რომლებიც განაჩენს თქვენგან ელიან, არიან გმირები და არა ავაზაკები, როგორც ცდილობს მათ წარმოჩენას ბრალდების მხარე.”- თქვა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

ადვოკატი არალოგიკურად მიიჩნევს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სახელმწიფო გადატრიალებასა და პარლამენტის შტურმით აღებას აპირებდნენ იმ მიზეზით, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციას გადატრიალებისთვის აუცილებელი არც ერთი პირობა არ ჰქონდა. მაგალითად:

  • გეგმა
  • ფინანსური სახსრები;
  • მონაწილეთა შორის როლების განაწილება;
  • მოიერიშე ჯგუფები;
  • შეიარაღება.

იაშვილმა ისაუბრა სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისთვის არარსებობაზეც, რის ეჭვსაც აჩენს ის, რომ საქმეში მტკიცებულებად წარდგენილია იმ პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც 20-21 ივნისის ღამეს ძალა არაპროპორციულად გამოიყენეს და აქციის მონაწილეები დაასახიჩრეს. ადვოკატის თქმით, იმის მტკიცებულებად, რომ ეს ადამიანები ჯგუფურად ძალადობდნენ ან პარლამენტის შტურმს გეგმავდნენ, არც ის ვიდეო კადრები გამოდგება, რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა.

“ხალხზე ნადირობა დაიწყო იმ მხარემ, რომელიც დღეს ბრალდების მხარეს წარმოადგენს” - თქვა ვახტანგ იაშვილმა, რომელმაც სიტყვის დროს არაერთხელ მიიღო შენიშვნა მოსამართლისგან, რომელიც ადვოკატს პერიოდულად ახსენებდა, რომ ამ დარბაზში სასამართლოს წარმომადგენელი ის იყო და ყველა სიტყვით გამომსვლელს მისთვის უნდა მიემართა და არა დარბაზში შეკრებილი საზოგადოებისთვის. მოსამართლის შენიშვნების მიუხედავად ვახტანგ იაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულებს ჰკითხა იცნობდნენ თუ არა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც გამოძიების თანახმად პარლამენტის შტურმს აპირებდნენ, ანუ ირაკლი ოქრუაშვილს და ნიკა მელიას.

- მხოლოდ ტელევიზორიდან [დაკავებულები]

- რას გეგმავდით გადატრიალების შემდეგ, როცა ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებდით? [ადვოკატი]

- წარმოდგენა არ გვაქვს [დაკავებულები]

- ბატონო ვახტანგ, მათაც მიეცემათ საშუალება, ილაპარაკონ, ჯერ თქვენ გისმენთ

[ მოსამართლე]

მომდევნო სასამართლო სხდომა, სადაც დაცვის მხარის მოსმენა გაგრძელდება, 8 ოქტომბერს გაიმართება. 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულია აქციის 19 მონაწილე. ძალის გადამეტებაზე პროკურატურა იძიებს საქმეს 2 პოლიციელისა და 1 სპეცრაზმელის წინააღმდეგ.

20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია. კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG