Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციანიდი ყველასთვის


ნატრიუმის ციანიდი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას შთანთქავს ჟანგბადს და იწვევს სიკვდილს, თუმცა, როგორც საქართველოს გამოცდილება გვიჩვენებს, ციანიდმა, შესაძლოა, ორგანიზმში მოხვედრის გარეშეც კი მოკლას არა თუ ცალკეული ინდივიდები, არამედ მთელი რიგი სახელმწიფო ინსტიტუტები. სავარაუდოდ, ციანიდმა და „ციანიდის საქმემ“ „შეურყია“ ჯანმრთელობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლომ უარი თქვა, ე.წ. „ციანიდის საქმის“ („დეკანოზ მამალაძის საქმის“) წარმოებაში მიღებაზე, უარისმთქმელ საკასაციო პალატაში კი, პაატა სილაგაძესთან და გიორგი შავლიაშვილთან ერთად, ნინო გვენეტაძეც შედიოდა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჯერ კიდევ გვენეტაძის გადადგომამდე გამოხატა გაოცება თავისი ყოფილი პედაგოგის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილების გამო, თუმცა ახლა, როცა გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია გამოვთქვათ ეჭვი, გადადგომისა და ციანიდის საქმეზე მიღებული განჩინების დროში საეჭვო თანხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი სამი მოსამართლიდან, სულ ცოტა, ორი მაინც დაწერდა, რომ „წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის [დეკანოზ გიორგი მამალაძის] ბრალეულობა“ და, რომ „საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს“.

არადა, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეს თავიდანვე ასდიოდა მძაღე პოლიტიკური სურნელი და ამის შესაგრძნობად სულაც არ იყო საჭირო ყნოსვის განსაკუთრებულად ნატიფი აპარატი, საკმარისი იქნებოდა, თუნდაც სულ მცირე ხნით, ხელისუფლების ტანიდან მოწყვეტა.

პროკურატურისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისე წარმოაჩინეს საქმის ვითარება, თითქოს დეკანოზი აპირებდა ციანიდით მოეკლა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშული, ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმაო, - განაცხადა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა.

იგივე პათოსი იყო კახა კალაძის სიტყვებშიც, მთავარმა პროკურორმა ისიც ითქვა, რომ დეკანოზი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ციანიდი განკუთვნილი ყოფილა არა პატრიარქისთვის, არამედ მაღალი იერარქიის სასულიერო პირისთვის, თუმცა, საბოლოოდ, დეკანოზ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს არა რომელიმე სასულიერო პირის, არამედ პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის გამო. ამასთან ცხრა წელი მიუსაჯეს ისე, რომ გამოძიებას (სასამართლოს) არ დაუდგენია, ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი. მეტიც, მომწამვლელი ნივთიერება ამოიღეს აეროპორტში, უკვე ჩაბარებული ბარგიდან, როცა მამალაძეს დაკარგული ჰქონდა კონტროლი ბარგზე. ამოიღეს ისე, რომ მოწმეებად მხოლოდ პოლიციელები დაასწრეს, ამასთან, ოქმს არ დაურთეს ვიდეოჩანაწერი. გარდა ამისა, დაცვის მხარეს უარი უთხრეს აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მოპოვებასა და დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზაზე - ყოველივე ამაზე კი საუბარია, არა დეკანოზ მამალაძის ან მისი ადვოკატების სიტყვაში, არამედ ნეიტრალური დამკვირვებლის, სახალხო დამცველის ანგარიშში.

თუმცა გამოძიების დროს დაშვებული „ხარვეზები“ არც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოასწორა და არც - სააპელაციომ, უზენაესმა კი საერთოდ უარი თქვა საქმის მიღებაზე.

ძნელია ვინმე დააჯერო იმაში, რომ პროკურატურის, სასამართლოსა და ხელისუფლების (რომელიც დაინტერესებული იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე შექმნილიყო საზოგადოებრივი განწყობა გიორგი მამალაძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით) ორკესტრირებულ მოქმედებას არ ჰქონდა წინასწარ დასახული მიზანი. საფუძველს არ უნდა იყოს მოკლებული ვარაუდი, რომ დეკანოზი ემსხვერპლა საპატრიარქო ტახტისათვის ბრძოლას (აკი, თავად დეკანოზი მამალაძეც ამტკიცებს, რომ ციანიდის შოვნა შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა). ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ დეკანოზს ციანიდი მაშინ „უპოვეს“, როდესაც საოპერაციოდ გამზადებული პატრიარქის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა და საჭირო იყო თადარიგის დაჭერა. აკი, მოჰყვა კიდეც ამ ნაბიჯს საპატრიარქოს ბანაკებად დაყოფა და მხარეების ღია დაპირისპირება, რომელმაც არნახულად შეურყია ეკლესიას ავტორიტეტი (2017 წელს ეკლესიის რეიტინგმა 84% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2004 წლის შემდეგ).

საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლის ნაწილი უნდა იყოს, როგორც ბევრისთვის მოულოდნელად, პატრიარქის მოსაყდრის დასახელება ღიად და არა - ანდერძში, ასევე პატრიარქისათვის გადადგომის შეთავაზება, როგორც ამას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ამტკიცებს.

გადმოწერა

თუმცა დეკანოზ მამალაძის ქომაგებს ეკლესიაში ღიად უპირისპირდება ქორეპისკოპოსი იაკობი, რომელიც ეკლესიის სახელით საუბრობს („ეკლესიას რომ გვჯეროდეს, რომ უდანაშაულოა [მამალაძე], ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე“) და სინოდის წევრთა ნაწილს ურჩევს, „მოისვენონ, თორემ გაეხვევიან შარში“.

გადმოწერა

თუმცა, როგორც ჩანს, იმის მიუხედევად მოისვენებენ თუ არა, შარში მაინც გაეხვევა არა მხოლოდ სინოდის რომელიმე ცალკე აღებული წევრი, არამედ მთელი საქართველო. 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში „ამოღებული ციანიდი“ ყველას ეყოფა, რადგანაც ბრძოლა, რომელიც საპატრიარქოს ტახტისთვის მიმდინარეობს ასუსტებს ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს (რომელთა ნდობა მკვეთრად დაეცა) და საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მაინც რა ძალები შეიძლება იბრძოდნენ საპატრიარქოს ტახტისთვის?

რა გასაკვირია, თუ ხელისუფლება, რომელიც 2030 წლამდე არც კი განიხილავს ძალაუფლების დაკარგვის შესაძლებლობას, ცდილობდეს ვალში ჰყავდეს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის, მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი. 2012 წლის ოქტომბერში ეკლესიისა და ცალკეული სასულიერო პირების მხარდაჭერამ აკი გამოიღო საოცნებო შედეგი, რომელსაც დრო და დრო გამეორება და განმტკიცება სჭირდება.

ის გარემოება, რომ საპატრიარქოში მიმდინარე ბრძოლა და მასში სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა რამდენადმე ასუსტებს ეკლესიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს, დიდად არ უნდა აღელვებდეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ღიად ეჭვიანობს (გიორგი კვირიკაშვილის მოულოდნელი ვარდნა) თავის გარემოცვაზეც კი. ალბათ, კომფორტულია, როცა ყველაზე მეტ ფინანსურ შესაძლებლობას და ძალაუფლებას ფლობ და, ამავდროულად, ყველაზე მაღალი რეიტინგიც გაქვს (უფრო ზუსტად, ყველა სხვას შენზე დაბალი რეიტინგი აქვს).

არც რუსეთის ფაქტორია გამოსარიცხი, რომელთან სარწმუნოებრივი ძმობა აუტანელ ტვირთად გვექცა. ეს „ძმობა“, ვიდრე კონტროლს ექვემდებარება, რუსული რბილი ძალის მთავარი იარაღია, კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში კი ისე შეუბრუნდება ხოლმე, როგორც არაერთხელ შებრუნებია წარსულში, თუნდაც პირველი რესპუბლიკის დროს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლთა ავანგარდში იყო. ღირს იმის გახსენება, თუ როგორ ამხნევებდა კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე ფრონტზე მყოფ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც წითელი არმიისაგან იცავდნენ სამშობლოს:

„თვითეულს აქ მდგომთაგანს ნათლად და ცოცხლად გვეხატება თვალწინ ის ბნელი ჯოჯოხეთი და ყოველ ზომას აღმატებული უბედურობა, რომელიც თავს დასტრიალებდა ჩვენს დედაქალაქს და მასთან ერთად ჩვენს სამშობლოს. მყრალი მტერი გვექადოდა აოხრებას, განადგურებას, გაუპატიურებას და სამარცხვინო უღლის დადგმას. ...მომენტი მოითხოვს, რომ მოხდეს ყოველი ძალების მობილიზაცია. მთავრობა მეთაურობას გვიწევს თავდაცვის საკითხებში და ჩვენც ყველანი მოვალენი ვართ, მჭიდროდ გავერთიანდეთ მის გარშემო, დავივიწყოთ პარტიული განსხვავება, ყოველგვარი განხეთქილება, უსიამოვნება, თუ გნებავთ, ცხადი უსამართლობაც. ჯერ მტრის დამარცხება და ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცება, მერე შინაური საქმეების მოგვარება. ზეციურო ჩვენო მამაო, მუდმივი ძლევა გამარჯვების ბრწყინვალე შარავანდედს ნუ მოაკლებ ქართველ ჯარს! იესო ტკბილო, აღაყვავე, გააძლიერე და განამტკიცე ჩვენი ნორჩი დემოკრატიული რესპუბლიკა!“

რა გასაკვირია, რომ ასეთი პატრიარქი არ ემეტებოდეს რუსეთს, ქვეყანას, რომელსაც დაპყრობილი აქვს საქართველოს ნაწილი, მაგრამ ემეტებოდეს ციანიდი, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით, როგორც ჟანგბადის - დემოკრატის მშთანთქმელი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG