ნატალია ლიპეი 66 წლისაა. მისი ვაჟი, ვიქტორი 2022 წელს დაიღუპა. კიევში, მაიდან ნეზალეჟნოსტიზე მდებარე დაღუპულთა მემორიალთან, ნატალია თავის პირველ და ერთადერთ ტატუს გვაჩვენებს:
“ეს ჩემი შვილის ბრიგადაა - 79-ე. მე-10 სადესანტო-მოიერიშე. ეს მათი - შევრონია. ეს კი მოსახმობი ნიშანი „ამიგო“, - ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა, - "მეგონა, რომ როცა ამას გავიკეთებდი, ჩემი შვილი ყოველთვის გვერდით იქნებოდა. არა იმ სახლში, სადაც ახლაა, არამედ ჩემ გვერდით. და შევძლებ მის ჩახუტებას”.
ნატალია თავის სვირინგიან ხელს იხუტებს და ტირის. მეორე ხელზე კი ყოველდღე ახალ რიცხვს წერს - ასე ითვლის შვილის გარდაცვალებიდან გასული დღეების რაოდენობას.
ტატუს ოსტატი ვალერია, რომელსაც თვითონაც აქვს ხელზე წარწერა „უკრაინკა“, ჰყვება, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მსგავს ტატუებზე მოთხოვნა რამდენჯერმეა გაზრდილი:
“ყველა მათგანი სიმბოლური და ავთენტიკურია, დაკავშირებული უკრაინულ სიმბოლიკასთან იმის დემონსტრირებით, რომ უკრაინელი ვარ, რომ ეს ჩემია”.
„ეს ჩვენი კულტურის ცენტრალური სახლია! ეს ჩემი ბავშვობისა, სიყმაწვილის ადგილია“, - ამბობს ელონა ლელეკო და მშობლიური ქალაქის დაბეჭდილ და ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს გვაჩვენებს. მას უწევს სახლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გადატანა. გოგონას სხეულზე რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული მშობლიური დაბის, ჩაპლინკის კოორდინატები აწერია. იქვე აქვს მინაწერი: „ყოველთვის აქ ვარ“.
“არ ვიცი, როდის მოვხვდები იქ, ან ოდესმე თუ მოვხვდები. გადარჩება თუ არა იქ რამე. მაგრამ ვიცი, რომ ჩემი სახლის ნაწილი აქ არის. დედაჩემის ნაწილი, სახლის ნაწილი აქ არის. ალბათ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შიში: რომ ვერ ვიცნობ ჩემს სახლს... რომ არსად წასასვლელი არ მექნება”, - ამბობს ელონა ლელეკო, უკრაინელი გოგონა რომლის სახლიც ოკუპაციაშია.
ტაისა კრივოვიაზს კი ტატუ გულთან აქვს: „ანგელოზის ფრთების ქვეშ“.
“რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი გულისსწორი ჩემი მფარველი ანგელოზია”, - ამბობს ტაისა, ომში დაღუპული ჯარისკაცის მეგობარი გოგონა, რომელსაც მაჯაზე სხვა წარწერა აქვს შეყვარებულის ხსოვნის ნიშნად: „მე ძლიერი ვარ“. ტაისა ცრემლებს ვერ იკავებს, როცა საყვარელ ადამიანთან დამშვიდობების სცენას იხსენებს:
“მითხრა, დამპირდი, რომ თუ რამე დამემართება, შენ არ... [პაუზა. ტირის] იტირებ. მე ვუთხარი, შენს გარეშე ვერ შევძლებ-მეთქი. ამაზე მიპასუხა: თავიდან მძიმე იქნება, გაგიჭირდება, მაგრამ შენ შეძლებ, ვიცი, ძალიან ძლიერი მყავხარ.”
დახმარებისთვის ტაისამ პროფესიონალებს, მათ შორის ფსიქოლოგებს მიმართა.
“ფსიქოლოგთანაც ვიმუშავე. და, სიმართლე გითხრათ, იმის ერთი პროცენტი შვებაც კი ვერ ვიგრძენი, რაც ამ ტატუს გაკეთებამ მომიტანა. ეს ნამდვილად იყო თერაპიის მსგავსი”, - ამბობს ტაისა კრივოვიაზი.
რატომ არის, რომ უკრაინელთა ნაწილი თავისებურ თერაპიას ხედავს სწორედ ტატუში? ფსიქოთერაპევტი ვიქტორია ლიუბარევიჩ-ტორხოვა ამბობს: ეს პრაქტიკა დიდი ხანია ცნობილია. მაგალითად, ამერიკელი ჯარისკაცები ვიეტნამის ომის დროს ხშირად იკეთებდნენ ტატუს:
“ჩემი აზრით, ეს გლოვის თანამედროვე რიტუალია. თუ ფსიქოლოგიის ენაზე ვიტყვით, დანაკარგის შემდეგ ჩვენი ფსიქიკა ცდილობს ორი ამოცანის შესრულებას: პირველი, შეინარჩუნოს კავშირი იმ ადგილთან ან ადამიანთან, რომელიც აღარ არის და ამავდროულად, ისწავლოს ცხოვრება ამ ტკივილთან ერთად. მეორე, რაც მნიშვნელოვანია: ეს რიტუალია. ძალიან ხშირად ადამიანებს არ შეუძლიათ შეელიონ იმას, რაც დაკარგეს.“
შესაბამისად, ფსიქოთერაპევტის თქმით, ტკივილი იძენს სიმბოლურ მნიშვნელობას, ხოლო ომში დაღუპული ახლობელი ან ოკუპირებული მშობლიური ქალაქი კი სამუდამოდ რჩება ტრავმირებულ ადამიანთან.
ფორუმი