2025 წლის 24 სექტემბერს ინიციირებული და 2026 წლის 11 მაისს მიღებული რეზოლუციით, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ:
- დაგმო ის, რასაც უწოდებს საქართველოს „არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას“; ასევე, ფუნდამენტური უფლებების დარღვევასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ „ძალის არაპროპორციულ გამოყენებას“;
- მოითხოვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის „მიზნობრივი“ ფინანსური სანქციების დაწესება;
- მოუწოდა საკუთარ მთავრობას, დაგმოს „რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოზე“ - მის პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც „ოლიგარქად“ არის მოხსენიებული.
რეზოლუცია, ევროპარლამენტის რეზოლუციების მსგავსად, ერთმანეთისგან ასხვავებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს და ამ უკანასკნელს მხარდაჭერას უცხადებს ევროპული მისწრაფებებისკენ სვლაში.
რეზოლუციის განხილვას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი.
პროცედურა
ზოგადად, როგორც კანონების, ისე რეზოლუციების მიღება შეუძლია ასამბლეის პლენარულ სესიაზე დამსწრეთა ნახევარზე მეტს.
11 მაისს გამართულ კენჭისყრას 97 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან 96-მა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. მისაღებად საკმარისი იქნებოდა 49 ხმა.
რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ 28 წავიდა, ერთმა დამსწრემ კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას ჯამში 577 დეპუტატი აკომპლექტებს.
მანამდე რეზოლუციის ტექსტი მიღებული იყო ევროპის საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტებში.
ვინ დაუჭირა მხარი
რეზოლუციის ინიციატორი იყო საპარლამენტო ჯგუფი „ერთად რესპუბლიკისათვის“, რომლის პრეზიდენტია გაბრიელ ატალი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
რეზოლუციას ამ პარტიის 34-მა წევრმა დაუჭირა მხარი; მას შეუერთდნენ სოციალისტები, რესპუბლიკელი მემარჯვენეები, ეკოლოგები და დემოკრატები.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ 13-მა დეპუტატმა, ასევე მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტის“ 10-მა დეპუტატმა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ, 12 მაისს „სამწუხარო“ უწოდა საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუციას.
„სამწუხაროა, რომ დღეს ევროპული ქვეყნები და ევროპელი ლიდერები ყველანაირი ფაქტებისგან დაცლილ რეზოლუციებს აქვეყნებენ“, - თქვა მან.
სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ 12 მაისს ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ შეაფასებს სალომე ზურაბიშვილის დასწრებას რეზოლუციის განხილვაზე, უპასუხა:
„სამწუხაროა, რომ ქართველი მონაწილეობას იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში“.
„ვფიქრობ, რაც არ უნდა ოპოზიციონერი იყო, არ მოგწონდეს ხელისუფლება, აკრიტიკებდე არ [უნდა] მიიღო მონაწილეობა“, - თქვა მან.
„ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში და იყო იმ ადგილას სადაც საქართველოს მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული“, - განაცხადა 12 მაისსვე „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები სალომე ზურაბიშვილს, 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატად მხარდაჭერისას მას ემიგრაციიდან „სამშობლოში დაბრუნების“ მაგალითად მოიხსენიებდნენ.
როდესაც 5 მაისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო კრიტიკული ანგარიში მსგავსი აქცენტებით, საქართველოს საგარეო უწყებამ ამას „რეალობას აცდენილი“ და „შემაშფოთებელი“ უწოდა.
- ევროკავშირი აცხადებს, რომ სურს საქართველოს ოფიციალური პირებისთვის და „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ პასუხისმგებელთათვის ფინანსური სანქციების დაწესება, თუმცა კონსენსუსს ვერ აღწევს.
- ამ პირობებში ბრიუსელი განიხილავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ფორუმი