ეს მისია - Artemis-II - მეორეა სერიაში, რომლის მთავარი მიზანი იქნება მარსზე პილოტირებული გაფრენა.
Artemis-II-ის ფარგლებში ასტრონავტები 10 დღეს დაყოფენ კოსმოსში: ამ დროის განმავლობაში ისინი გაფრინდებიან მთვარეზე, შემოუფრენენ მას, ამასთან მის უკანა მხარეს აღმოჩნდებიან და დაბრუნდებიან დედამიწაზე, სადაც კაფსული წყნარ ოკეანეში დაეშვება წყალზე. NASA-ს წარმომადგენლების თქმით, გუნდმა შეიძლება მოხსნას მისია Apollo-13-ის რეკორდი, რომელიც 1970 წელს 400 ათასი კილომეტრით დაშორდა დედამიწას. მოხდება ეს თუ არა, დამოკიდებულია სტარტის თარიღზე და ფრენის მომენტში დედამიწის მიმართ მთვარის პოზიციაზე.
Artemis-II-ის მისიაში შედის ოთხი ადამიანი: ხომალდის მეთაური რიდ უიზმანი, პილოტი ვიქტორ გლოვერი, მისიის ინჟინერ-სპეციალისტი კრისტინა კუკი და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი, მფრინავი-გამომცდელი ჯერემი ჰანსენი. ჰანსენისთვის ეს პირველი გაფრენა იქნება კოსმოსში, ასევე ის იქნება ისტორიაში პირველი კანადელი, რომელიც მთვარეზე გაფრინდება.
მთვარის მისიის აღორძინება
2017 წელს, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლის თანახმად, აშშ-ის კოსმოსური დარგის მთავარი ამოცანა უნდა გამხდარიყო პილოტირებული კოსმოსური გაფრენები: ჯერ მთვარეზე, შემდეგ კი გრძელვადიანი პერსპექტივით - მარსზე. მაშინ ტრამპმა მოიწონა NASA-სთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში უმსხვილესი ბიუჯეტი: კოსმოსურმა სააგენტომ 21 მილიარდი დოლარი მიიღო.
2019 წელს NASA-ს მეცნიერებმა წარმოადგინეს გეგმა Artemis-ის პროგრამისთვის, რომელშიც შედის რამდენიმე მისიის კომპლექსი. მათი მიზანია მზის სისტემის ათვისება. მთავარმა რედაქტორმა პორტალისა All About Space, დენის ალბინმა,რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში დააზუსტა: „2020-იან წლებში მთვარეზე ადამიანების დაბრუნების გარდა პროგრამის მიზანი იყო დედამიწის თანამგზავრის მუდმივი შესწავლის ელემენტების შექმნა, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარება ორბიტაზე და ზედაპირზე“. პროგრამის თაობაზე ერთ-ერთ პირველ ოფიციალურ გეგმაში NASA იუწყებოდა, რომ ათწლეულის ბოლოსთვის სამხრეთ პოლუსზე შექმნილი ბანაკის ფარგლებში ფუნქციონირებას დაიწყებს მთვარის საცხოვრებელი მოდული, დასახლებული მობილური პლატფორმა და ადგილობრივი რესურსების გამოყენების სისტემები.
რამდენიმე წელში პროგრამა Artemis-ს 60-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. პირველთა შორის იყვნენ კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ავსტრალია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლუქსემბურგი - ქვეყნები, რომლებიც სხვებზე უფრო აქტიურად დებენ ინვესტიციებს კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებაში. სახელმწიფოებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს „Artemis-ის ხელშეკრულებას“, იკისრეს ვალდებულება, რომ ჩაატარონ კვლევები მშვიდობიანი მიზნებით, გამოიყენონ თავსებადი ტექნოლოგიები, ღიად მოჰყვნენ საქმიანობის შესახებ და გამოაქვეყნონ სამეცნიერო მონაცემები, არ მიითვისონ კოსმოსში მოპოვებული რესურსები (მაგალითად, მთვარის ან მარსის გრუნტი), მოახდინონ კოსმოსური ნაგვის უტილიზაცია და „თავი შეიკავონ ნებისმიერი განზრახ ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ერთმანეთს მავნე ხელის შემშლელი გარემოებები შეუქმნან კოსმოსური სივრცის გამოყენებაში“.
ახალი პროგრამის შესახებ საუბრისას ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ: მთვარეზე ასტრონავტების მომავალი გამგზავრება პირველი იქნება მას შემდეგ, რაც დაიხურა აშშ-ის მთვარის პროგრამა Apollo.
აშშ-ის წინა მთვარის პროგრამა, ოფიციალური მონაცემებით, დახურეს სიძვირისა და კოსმოსის ათვისების მიმართ საზოგადოების ინტერესის შესუსტების გამო. 1969 წელს მთვარეზე ამერიკელი ასტრონავტების პირველი წარმატებული დასხდომის შემდეგ მიზნობრივი კოსმოსური ჯგუფის (Space Task Group) წარმომადგენლები რიჩარდ ნიქსონს სთავაზობდნენ, უფრო აქტიურად განევითარებინა კოსმოსური დარგი. ჩინოვნიკების გეგმების თანახმად, 1980-იანი წლების ბოლოსთვის აშშ შეძლებდა მთვარის ბაზის აგებას და პილოტირებული მისიის გაგზავნას მარსზე. ასეთ მიზნებს NASA-ს ბიუჯეტის ორჯერ გაზრდა ესაჭიროებოდა. იმის გამო, რომ პროგრამა Apollo დროში დაემთხვა ომს ვიეტნამში, კოსმოსური სააგენტოს ბიუჯეტის ზრდაზე უარი თქვეს და კოსმოსში აშშ-ის ყოფნის მყარი განვითარების გეგმა არ განხორციელებულა. ამის ნაცვლად ნიქსონმა დაამტკიცა მრავალჯერადი კოსმოსური ბორნების შექმნა დედამიწის მახლობელ ორბიტაზე სამოგზაუროდ. ასე გაჩნდა 1970 წელს კოსმოსური პროგრამა Space Shuttle.
პროგრამა Artemis-ზე მუშაობა და Artemis-II-ის გაფრენა
პროგრამა Artemis-ი, რომელიც 2019 წელს წარმოადგინეს, შედგება მისიებისგან: Artemis-I, Artemis-II, Artemis-III და ა.შ. პირველი, მოსამზადებელი, რომლის მსვლელობისას ხომალდ Orion-ს უეკიპაჟოდ უნდა შემოეფრინა დედამიწის თანამგზავრისთვის, 2022 წლის დამდეგისთვის იყო დაგეგმილი. 2023 წელს მთვარისთვის უნდა შემოეფრინა უკვე კაფსულს ოთხი ასტრონავტის გუნდით (Artemis-II), არაუგვიანეს 2024 წლისა უნდა განხორციელებულიყო მთვარის სამხრეთ პოლუსზე გადასხდომა მისია Artemis-III-ის ფარგლებში.
ამავე პროგრამა Artemis-ის ფარგლებში აშშ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით გეგმავდა მთვარის მახლობლად ორბიტაზე მოძრავი სადგურის, Gateway-ის შექმნას, რომელიც ნაწილობრივ ჩაანაცვლებდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. დენის ალბინი ჰყვება: „იგეგმებოდა, რომ სადგური იქცევა კოსმოსური ხომალდების, სამეცნიერო ლაბორატორიების შეპირაპირების კვანძად და, საერთოდ, საყრდენ წერტილად ზედაპირზე მოქმედი მისიებისთვის. და სწორედ ეს იყო ის, რამაც უკვე 2018 წელს გამოიწვია გაოცება და მკაცრი კრიტიკაც კი მთვარის სადგურის მიმართ კოსმოსური საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. რატომ იყო საჭირო ყველაფრის ასე გართულება და მისი ასე არაჩვეულებრივად გაძვირება, თუ საბოლოო მიზანი მთვარეზე მუდმივი ყოფნაა? მაგრამ ასეთი სადგურის საჭიროების გასამართლებლად, მთვარის პროგრამის გარდა, NASA ამტკიცებდა, რომ Gateway ასევე იქნებოდა შუალედური პუნქტი მარსზე და ღრმა კოსმოსის სხვა მიმართულებებზე შემდგომი პილოტირებული ფრენებისთვის“.
შედეგად, პროგრამა Artemis-ის რეალიზაციის ვადები გადაიდო. პირველი Artemis-I-ის მისიის გაშვება რამდენჯერმე გადაიდო ტექნიკური პრობლემებისა და ამინდის პირობების გამო და ხომალდი Orion-ი მხოლოდ 2022 წლის ნოემბერში გაემგზავრა მთვარისკენ. მისიის განმავლობაში კაფსული დედამიწას სარეკორდო მანძილით, 430000 კილომეტრით დაშორდა. ეს ყველაზე დიდი მანძილია, რომლითაც ოდესმე დაშორებია დედამიწას ხომალდი, რომელიც პილოტირებული ფრენისთვის არის განკუთვნილი. Orion-მა ორჯერ შემოუარა მთვარეს, დაბრუნდა დედამიწაზე და წყნარ ოკეანეში დაჯდა წყალზე.
NASA-მ მისია წარმატებულად მიიჩნია და Artemis II-ისთვის მზადება დაიწყო. თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო, პილოტირებული ფრენა 2023 წლიდან 2026 წლამდე გადაიდო, ხოლო მთვარეზე დაშვება (Artemis-II), NASA-ს ახალი გეგმის თანახმად, 2028 წლამდე არ განხორციელდება. დენის ალბინი Artemis-ის რეალიზაციას ასე აღწერს: „ისტორიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვხედავთ, თუ როგორ იწყობოდა ეს პროგრამა რამდენიმე პროგრამისგან, რათა, ერთი მხრივ, არ დაკარგულიყო ნამუშევარი და უკვე ჩადებული საშუალებები, მეორე მხრივ კი, რათა რამე მაინც გაკეთებულიყო. და არა უბრალოდ რამე, არამედ რაღაც გრანდიოზული და დიდებული. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ასეთი გადაწყვეტილებები პრობლემებს იწვევს“.
Artemis II-ის კოსმოსური ხომალდი და რაკეტა: განვითარების ათწლეულები და ახალი გამოწვევები
პროგრამა იყენებს აღჭურვილობას, რომელსაც NASA ათწლეულების განმავლობაში ავითარებდა და აშენებდა: პილოტირებულ ხომალდ Orion-ს და ზემძიმე მზიდ რაკეტა Space Launch System-ს (SLS).
კოსმოსურ ხომალდ Orion-ზე მუშაობას 20 წელზე მეტი ხნის წინ შეუდგნენ პროგრამა Constellation-ის ფარგლებში, რომელიც 2005 წელს დაიწყო ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ. მისი მიზანი, როგორც თეთრმა სახლმა განაცხადა, იყო „ადამიანების მთვარეზე დაბრუნება 2020 წლისთვის და საბოლოოდ მარსზე ადამიანის მისიების უზრუნველყოფა“. ხუთი წლის განმავლობაში მეცნიერებმა დააპროექტეს კოსმოსური ხომალდი და ჩაატარეს Ares-ის ორი რაკეტიდან ერთ-ერთის სატესტო გაშვება, რომელიც ეკიპაჟს და ტვირთს ორბიტაზე გაიყვანდა. მთვარის მოდული Altair, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მთვარეზე დაშვებასა და ტვირთის მთვარის ზედაპირზე გადატანაზე, ჯერ კიდევ პროექტირების ფაზაში იყო. ასევე ჩატარდა ხომალდ Orion-ის ცალკეული სისტემების ტესტები, მაგრამ კაფსული სრულად არასოდეს აშენებულა.
2010 წლისთვის აშშ-ის მთავრობას უკვე დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი ჰქონდა დახარჯული მთვარის ახალი მისიის შექმნაზე. თეთრი სახლის მიერ Constellation-ის ეფექტიანობის შესაფასებლად შექმნილმა სამთავრობო კომისიამ დაასკვნა, რომ პროგრამის გასაგრძელებლად წელიწადში მინიმუმ კიდევ 3 მილიარდი დოლარი იყო საჭირო. მაღალი ხარჯების, „გრაფიკში ჩამორჩენისა“ და „ინოვაციების ნაკლებობის“ გამო ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 2011 წელს პროგრამა დაიხურა. მიუხედავად ამისა, აშშ-ს არ მიუტოვებია კოსმოსში პილოტირებული ფრენების განახლების იდეა და გაგრძელდა მუშაობა კოსმოსური ხომალდის შექმნაზე დედამიწის დაბალი ორბიტის მიღმა ფრენებისთვის.
სატესტო გაშვება 2014 წელს ჩატარდა. კაფსულმა რამდენჯერმე შემოუარა დედამიწას და წარმატებით ჩაეშვა წყნარ ოკეანეში. NASA-სადა აშშ-ის კერძო კონტრაქტორების გარდა, Orion-ის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) სპეციალისტები. მათ შექმნეს სამუშაო მოდული, რომელშიც განთავსებულია ძრავები, მზის პანელები, სიცოცხლის შენარჩუნების სისტემები და თერმული კონტროლის სისტემები. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან 20-ზე მეტი კომპანია აწარმოებს მისთვის კომპონენტებს.
ხომალდის ხანგრძლივი განვითარების მიუხედავად, პირველი Artemis-I მისიის ფრენის შემდეგ, NASA-ს სპეციალისტებმა შენიშნეს პრობლემა, რამაც Artemis II-ის გაშვების გადადება გამოიწვია, განმარტავს დენის ალბინი: „პრობლემა ის არის, რომ Artemis-I მისიის ფარგლებში კაფსული Orion-ის დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ატმოსფეროში შესვლისას აბლაციური თერმოდამცველი მასალის ნაწილი მოსწყდა ეკრანს. როდესაც დაიწყეს გამოძიება, აღმოაჩინეს, რომ ასზე მეტი მონაკვეთი იყო, სადაც დამცავი მასალა დაშვების დროს დაიკარგა. მიზეზი ის იყო, რომ მასალა Avcoat-ის შიგნით, რომელიც პროგრამა Apollo-ს შემდეგ გამოიყენება, გაცხელებით წარმოქმნილი აირები ვერ ასწრებდა გარეთ გამოსვლას, რაც იწვევდა წნევის ზრდას, ბზარების წარმოქმნას და ფენის ალაგ-ალაგ აქერცვლას“. ალბინი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასალის ფორმულა Apollo-ს შემდეგ არ შეცვლილა, ტექნოლოგია შეიცვალა ახალი პროგრამისთვის დამცავი ფენის წარმოების პროცესის დასაჩქარებლად: „ასობით ათასი უჯრედის ხელით შევსების ნაცვლად, აწარმოებენ დაახლოებით ორას წინასწარ ფორმირებულ ბლოკს. თითქოს ისე ჩანს, რომ დროა დავუბრუნდეთ ძირებს, ანუ დავაბრუნოთ ტექნოლოგია, რომელიც არასდროს ცდება. მაგრამ არა“. სამაგიეროდ, აგრძელებს All About Space-ის მთავარი რედაქტორი, NASA-ს სპეციალისტებმა შეცვალეს კოსმოსური ხომალდის დაშვების პრინციპი ისე, რომ კაფსულს რაც შეიძლება ნაკლები დრო გაეტარებინა ისეთ მდგომარეობაში, სადაც თერმული იზოლაციის მასალა შეიძლებოდა დაზიანებულიყო: „Artemis I-ის მისიის დროს კოსმოსურმა ხომალდმა გამოიყენა ნახტომისებრი ტრაექტორია, როგორც Apollo-ს დროს. ანუ, ის ნაწილობრივ ეშვება ატმოსფეროში, ამუხრუჭებს, შემდეგ ზევით ადის და შემდეგ ისევ ატმოსფეროში ჩამოდის საბოლოო დაშვებისთვის. პილოტირებული Artemis-II მისიისთვის ტრაექტორია ახლა შეცვლილია. NASA-მ შეამცირა მანძილი, რომელსაც Orion-ი წყალზე დაჯდომამდე გადის ატმოსფეროში, რათა შეემცირებინათ დრო იმ ტემპერატურულ დიაპაზონში, სადაც დეფექტი ვლინდება. ეს ნიშნავს, რომ პროფილი იქნება დამრეცი, ნახტომის გარეშე, რამაც, NASA-ს თქმით, უნდა შეამციროს სითბური დატვირთვა და ფენების კარგვა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ატმოსფეროში შესვლის ეს ახალი ტრაექტორია ახალ რისკებსაც წარმოშობს“. ალბინი განმარტავს, რომ ეს არის ის, რომ დაშვების ადგილის კორექტირების შესაძლებლობა მცირდება, ხოლო კოსმოსურ ხომალდთან კომუნიკაციის გარეშე დრო იზრდება: „მოკლედ რომ ვთქვათ, შეცდომის ფასი იზრდება და ძალიან ცოტა დრო რჩება მის გამოსასწორებლად“. თუმცა, NASA-ს ახალმა ხელმძღვანელმა, ჯარედ აიზეკმანმა, განაცხადა, რომ ის სრულად ენდობა სააგენტოს გადაწყვეტილებას, გამოიყენოს არსებული სითბური ფარი მისია Artemis-II-ისთვის.
ახალი ზემძიმე რაკეტა SLS ასევე დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა, განმარტავს ალბინი: „2010 წელს ობამამ გამოაცხადა Constellation-ის უმეტეს ნაწილზე უარის შესახებ ისე, რომ ხომალდი Orion-ი შენარჩუნებულიყო და გამოვიდა წინადადებით, შექმნილიყო ახალი რაკეტა, რომლის მიზანიც იქნებოდა 2030-იანი წლებისთვის მარსზე პილოტირებული ფრენები. მაშინვე მოეწერა ხელი კანონს რაკეტა SLS-ის შექმნის შესახებ“. მის წარმოებაში გამოყენებულ იქნა ტექნოლოგიები, რომლებიც დარჩა გაუქმებული Ares რაკეტებიდან. მაგალითად, ამჟამინდელმა Space Launch System-მა მათგან მიიღო მობილური გამშვები (Mobile Launcher), რომელსაც უჭირავს რაკეტა აწყობის, მომსახურებისა და გაშვების ადგილზე ტრანსპორტირების დროს. SLS-მა ასევე მემკვიდრეობით მიიღო NASA-ს სხვა პროგრამის, Space Shuttle-ის ზოგიერთი ელემენტი: მყარი საწვავის დამაჩქარებლები, რომლებიც Artemis-ისთვის შეიქმნა ორიგინალების საფუძველზე და ძრავები, რომელთა ნაწილი უკვე იყო გამოყენებული Shuttle-ების გაშვებისას.
SLS იქნება NASA-ს პირველი ოპერატიული ზემძიმე რაკეტა Saturn-V-ის შემდეგ, რომელიც გამოყენებული იყო პროგრამა Apollo-სთვის. SLS-ის შექმნაზე, ოფიციალური მონაცემებით, 11 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მაგრამ ამ მაღალი ღირებულების მიუხედავად, მისი გაშვება რამდენჯერმე გადაიდო საწვავის გაჟონვის გამო.
რეფორმები NASA-ში და მთვარის პროგრამა
დენის ალბინის თქმით, NASA ამ რაკეტის გამოყენებას დიდხანს არ გეგმავს და მალე გადავა კომერციულ გადაწყვეტაზე. All About Space-ის მთავარი რედაქტორი განმარტავს, რომ SLS-ის გაუქმება ნაწილია რეფორმებისა, რომლებიც დაიწყო 2025 წლის დეკემბერში NASA-ს ხელმძღვანელად დამტკიცებულმა მილიარდერმა,ჯარედ აიზეკმანმა, რომელიც კომპანია SpaceX-ის მსხვილი საქმიანი პარტნიორია. „პირველ რიგში ის აუქმებს SLS Block 1-b რაკეტის ზედა საფეხურის Exploration Upper Stage-ზე განვითარებას, რაზეც უკვე დაიხარჯა 4 მილიარდ დოლარზე მეტი და რომელზეც 11 წელი მუშაობდნენ. ამის ნაცვლად Artemis-IV-სადა შემდგომ მისიებში იგეგმება კომპანია ULA-ის ბლოკ Centaur G5-ის გამოყენება,“ განმარტავს ალბინი. მომავალი რეფორმების ფარგლებში, აიზეკ მანი გეგმავს რაკეტების გაშვების ხარჯების შემცირებას: „გაშვება 6 მილიარდი დოლარი დაჯდა და მას სურს ეს თანხა 3 მილიარდ დოლარამდე შეამციროს - გაანახევროს. ასევე მისიებს შორის ინტერვალი 42 თვიდან ათ თვემდე შეამციროს“.
დენის ალბინის თქმით, კერძო კორპორაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებამ შესაძლოა გაზარდოს აშშ-ის მთვარის პროგრამის წარმატების შანსები: „NASA აგრძელებს SpaceX-თან და Blue Origin-თან თანამშრომლობას, მაგრამ ახლა ის მათთან ერთად მუშაობს და ცდილობს დააჩქაროს მათი სადესანტო სისტემების მზადყოფნა მომავალი მისიებისთვის. მართლაც ძალიან კარგია, რომ NASA-ს რესურსებს საინჟინრო პრობლემების გადაჭრისკენ მიმართავენ“.
რეფორმები შეეხო ასევე მთვარის სადგურ Gateway-ს, რომელიც ახლა მთვარის ზედაპირზე უნდა აშენდეს და არა ორბიტაზე. NASA ამ პროექტზე დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
ცვლილებები შევიდა ასევე Artemis-ის პროგრამის გეგმაში: „მან [აიზეკმანმა] შეცვალა Artemis-III-ის სცენარი. ახლა მთვარეზე დაშვება [ამ მისიის დროს] არ იქნება. ამის ნაცვლად Orion-ს გაიყვანენ დედამიწის ორბიტაზე, სადაც ის იქნება მთვარის დასაჯდომი აპარატების პროტოტიპებით“.ალბინი დასძენს, რომ მთვარის დასაჯდომ აპარატებს, რომლებთან შეპირაპირებაზეც იმუშავებს კოსმოსური ხომალდი, აწარმოებენ ილონ მასკის SpaceX და მილიარდერ ჯეფ ბეზოსის Blue Origin. მთვარის ზედაპირზე დაშვება Artemis-IV მისიის ფარგლებში მოხდება არაუადრეს 2028 წლისა.
მთვარის რბოლა: ჩინეთი აშშ-ის წინააღმდეგ
მთვარეზე დაშვებისგან განსხვავებით, რომლისთვისაც NASA-ს მზადყოფნის დონე ჯერ კიდევ გაურკვეველია, Artemis-I და Artemis-II მისიები ძველი პროექტების რეალიზაციაა, ამბობს დენის ალბინი: „ეს არის ის, რაც უკვე იყო. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, SLS, რომელიც 2010 წლიდან მუშავდება, მზა რაკეტაა, თანაც საშინლად ძვირი და საშინლად უაზრო. კოსმოსური ხომალდი Orion-იც, რომელიც ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის დროს იქმნებოდა“.
ამასობაში, ჰყვება ექსპერტი, მთვარეზე გამოცდებს, თუმცა იქ ტაიკონავტების გაგზავნის გარეშე, აქტიურად ატარებს ჩინეთი. როდესაც აშშ-მა პირველად გამოაცხადა Artemis-I მისიის შესახებ, ჩინეთმა დაამუშავა ასაფრენი მოდულის და ორბიტული მოდულის (რომელიც დედამიწაზე ბრუნდება) შეპირაპირება: „2020 წლის ნოემბერში Chang'e-5 მისიის ფარგლებში ჩატარდა ავტონომიური შეპირაპირება მთვარის ორბიტაზე. მე ვფიქრობ, რომ ნიადაგის ნიმუშების აღება სასიამოვნო ბონუსი იყო, სხვა არაფერი. ასევე გაუშვეს რეტრანსლატორი Queqiao-2, რომელიც ამჟამად მხარს უჭერს Chang'e მისიებს, მომავალში კი ჩინეთის მთვარის სადგურს უნდა მოემსახუროს.“
ამის შემდეგ ცოტა ხანში ჩინეთმა გამოაცხადა მთვარეზე თავისი საერთაშორისო კვლევითი სადგურის (International lunar research station) შესახებ. ამ პროექტს რუსეთი შეუერთდა. „2024 წლის მაისში [ჩინეთმა] გამოცადა ავტონომიური შეპირაპირების სისტემა მთვარის ორბიტაზე. და, ისევ, ბონუსის სახით - ნიადაგი მთვარის შორეული მხარიდან“, აგრძელებს ალბინი. „2025 წლის აგვისტოსთვის დასაჯდომმა მოდულმა Lanyue-მ, რომელიც განკუთვნილია მომავალში მთვარეზე პილოტირებული დაშვებისთვის, ჩაატარა ტესტები, რომლებმაც, როგორც აცხადებენ, დაადასტურა დაშვებისა და ასვლის ძირითადი ელემენტების ფუნქციონირება. და უკვე წელს ჩინეთმა წარმატებით ჩაატარა რაკეტების დემონსტრაციული ტესტები - მძიმე ტვირთამწეობის რაკეტისა.“
ოღონდ, აღნიშნავს ჟურნალ All About Space-ის მთავარი რედაქტორი, ჩინეთი აცხადებს წარმატებების შესახებ, პრობლემებზე კი დუმილს არჩევს, ამიტომ შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ არის სინამდვილეში უფრო ახლოს მთვარეზე დაჯდომასთან. „არ ვიცით, რა პრობლემებს აწყდება ჩინეთი თავისი პროგრამის განხორციელებისას. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ისინი მხოლოდ იმას გვაჩვენებენ, რისი ჩვენებაც სურთ. ამჟამად კი შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ ვინ გაიმარჯვებს XXI საუკუნის მთვარის რბოლაში. და ასე დარჩება მთლად უკანასკნელ მომენტამდე“, მიაჩნია თანამოსაუბრეს.