ბაქოში მას მოსკოვის გამოგზავნილად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ „ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს“. მისით აღფრთოვანებულები არც ერევანში არიან. რადიო თავისუფლება გიამბობთ, ვინ არის რუბენ ვარდანიანი, რა განაპირობებს ბაქოს, ერევნისა და სტეფანაკერტის დამოკიდებულებებს მისდამი და რა კავშირი აქვს საქართველოსთან.
ვინ არის რუბენ ვარდანიანი?
ჟურნალი „ფორბსი“ 54 წლის რუბენ ვარდანიანის ქონებას 1.3 მლრდ აშშ დოლარად აფასებს. „რუსეთის საფონდო ბირჟის მამად“ წოდებულმა ბიზნესმენმა ქონება, სხვა არაერთი პოსტსაბჭოთა ბიზნესმენის მსგავსად, სსრკ-ის ნგრევის შემდეგ, 1990-იანი წლების "პრიხვატიზაციის" ქაოსში დააგროვა.
ერევანში დაბადებული ვარდანიანი 1985 წელს გადავიდა მოსკოვში სასწავლებლად და მას შემდეგ ათწლეულების განმავლობაში იქ ცხოვრობდა. 1999 წელს რუსეთში ამერიკის სავაჭრო პალატამ მას „წლის ბიზნესმენის“ სტატუსი მიანიჭა. სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო თუ ტიტული.
ვარდანიანის გამდიდრებისა და წარმატებების პერიოდი ვლადიმირ პუტინის აღზევებას ემთხვევა. სომხურ და დასავლურ მედიაში მას პრეზიდენტ პუტინთან სიახლოვეს მიაწერენ.
როდესაც პუტინზე კითხეს, „ბიბისის“ ინტერვიუში ვარდანიანმა უთხრა, რომ ბიზნესი 1991 წელს დაიწყო „ამერიკელი ინვესტორებისგან 35,000 დოლარის ინვესტიციით“ და შექმნა „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი რეგიონში“, ბიზნესი უკეთებია ინგლისში, შეერთებულ შტატებში, სხვა დასავლურ ქვეყნებში - „ასე რომ, ვფიქრობ, თქვენი დასკვნა, რომ მე დაკავშირებული ვარ ვლადიმერ პუტინთან, არასწორია, იმდენ გავლენიან ადამიანთან მიმუშავია კერძო სექტორშიო“, - თქვა მან.
ვარდანიანის საქმიანობის ძირითადი სფერო თავდაპირველად საბანკო-საინვესტიციო სექტორი იყო. 1991 წელს მან პიტერ დერბისთან ერთად დააარსა „ტროიკა დიალოგი“, - მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამოწყება. დროთა განმავლობაში არაერთი რუსული კერძო თუ სახელმწიფო კომპანიის დირექტორთა საბჭოში დაიკავა თანამდებობა. მაგალითად, „როსგოსტრახში“, რუსეთის უდიდეს სადაზღვევო კომპანიაში, „კამაზში“, შერემეტიევოს აეროპორტში და ა.შ..
2019 წლიდან ის იყო რუსეთის საჰაერო გადაზიდვების კომპანია „ვოლგა დნეპრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2022 წელს ამ კომპანიას, - და, კომპანიასთან ერთად, ვარდანიანს, - უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა, რადგან იგი „მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის სამხედრო საჰაერო ტრანსპორტში“ და "მხარს უჭერს ისეთ ქმედებებს რომლებიც ან საფრთხეს უქმნიან, ან კი ძირს უთხრიან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".
ვარდანიანი და საქართველო
აქვს კავშირები საქართველოშიც. მაგალითად, იგი 2014-15 წლებში თბილისში ერთ-ერთი სომხური ეკლესიის, სურბ-გევორქის რესტავრაციაში იღებდა მონაწილეობას - იყო ეკლესიის რეკონსტრუქციიის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
2020 წელს, როდესაც ყარაბაღის მეორე ომის პერიოდში საქართველოს მოუწოდა, „არ ჩაიდინოს ისეთი რამ, რისიც მომავალში შერცხვება“, თქვა: „ჩემს ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს, რაც ძალიან მეამაყება. ეს ხერხეულიძეების ოჯახის სისხლია. ცხრა ძმისა, რომლებიც 1625 წელს ქრისტიანული, მართლმადიდებლური რწმენის დაცვისას დაიღუპნენ“.
ბიზნესსაქმიანობის პარალელურად ვარდანიანი ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას ყარაბაღსა და სომხეთში. ქართული „ფორბსის“ დამფუძნებელმა, გიორგი ისაკაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში მას ჰკითხა, შეიძლება თუ არა, მას „სომეხი ბიძინა ივანიშვილი“ უწოდონ.
მან ეს შედარება არ მოიწონა, თუმცა თქვა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს ივანიშვილთან, „ძალიან მადლობელია“ მისი, რადგან სომხური ეკლესიების აღდგენის საქმეში დაეხმარა…
მილიარდერი პოლიტიკაში
2021 წელს ვარდანიანმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო. იმავე წლის ნოემბერში განაცხადა, რომ სომხეთში დაბრუნება სურდა და ეს გადაწყვეტილება ყარაბაღის მეორე ომის შედეგების გამო მიიღო, რათა სამშობლოს დახმარებოდა. 2020 წლის ომში სომხეთმა დაკარგა კონტროლი მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში და მის გარშემო.
თავდაპირველად ვარდანიანი სომხეთის პოლიტიკისგან, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, დისტანცირებას ეცადა, - იმის მიუხედავად, რომ მედია მას „ცხოვრების ქვეყანასთან“ აკავშირებდა - პარტიასთან, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და არა პარლამენტში, მაგრამ არჩევნების შედეგად 5 ქალაქის თვითმმართველ ორგანოებში მოახერხა წევრების შეყვანა.
2021 წლის ნოემბერში ვარდნიანმა დაადასტურა, რომ სურდა პოლიტიკური კარიერის დაწყება, - და საკმაოდ ამბიციურადაც. როდესაც რუსულმა გამოცემა RBK-მ ჰკითხა, სურდა თუ არა [სომხეთის] პრეზიდენტობა, უპასუხა:
2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობდა.
2022 წლის იანვარში, - რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, - მისი სახელი მოხვდა შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ პირთა ერთ-ერთი სიის სამუშაო ვერსიაში. იგი უარყოფს, რომ რუსეთის მოქალაქეობის დათმობა სანქციებისგან თავის არიდების გზა არის და ამბობს, რომ მხოლოდ საკუთარი ერის დახმარება სურს კრიზისულ ვითარებაში. საბოლოოდ, შეერთებულ შტატებს მის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია.
...და ყარაბაღში
2022 წლის სექტემბერშივე გადავიდა ყარაბაღში საცხოვრებლად.
ოქტომბერში ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა საჯაროდ შესთავაზა სახელმწიფო მინისტრის - იგივე პრემიერ-მინისტრის- პოსტი იმ დათქმით, რომ „ფართო უფლებამოსილებები“ ექნებოდა.
4 ნოემბრიდან ვარდანიანი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას და ამ „ფართო“ უფლებამოსილებების გამოყენება დაიწყო - ყარაბაღში გაათავისუფლეს დე ფაქტო მთავრობის მინისტრები, დაითხოვეს უშიშროების საკითხებში მრჩეველი, ვიტალი ბალასანიანი; პრეზიდენტი არუთუნიანის ფიგურაც ჩრდილში აღმოჩნდა - ყარაბაღზე რუსულ და დასავლურ მედიას ამიერიდან მხოლოდ ვარდანიანი ესაუბრება ხოლმე.
უკმაყოფილება ერევანში
რუბენ ვარდანიანის ყარაბაღში, სომხეთისთვის არცახში, დანიშვნას ერევანი მაინცდამაინც პოზიტიურად არ შეხვდა.
თუმცა, გრიგორიანის თქმითვე, ეს ეჭვები დროთა განმავლობაში დასუსტდა, რასაც თავად ვარდანიანის განცხადებებმა შეუწყო ხელი. „ჩემი აზრით, მისი ქმედებები ეწინააღმდეგება კიდეც რუსეთის ინტერესებს. მაგალითად, მოსკოვი ამჟამად მხარს უჭერს ბაქოს პოზიციას, რომ აზერბაიჯანის დელეგაცია უნდა ჩავიდეს ყარაბაღში და ინსპექტირება ჩაუტაროს ოქროს საბადოებს. მაგრამ ვარდანიანი ღიად ეწინააღმდეგება ამას“, - ამბობს ის.
ანალიტიკოსის თქმით, ამ ეჭვის მეტნაკლებად გაქარწყლების მიუხედავად, კვლავ არსებობს გარკვეული დაძაბულობა ერევანსა და ვარდანიანს შორის, რასაც ორი საკითხი განაპირობებს „შიდაპოლიტიკური ეჭვიანობა და ვარდანიანის არადიპლომატიური სტილი“.
უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი ვარდანიანის ახლობლობაა სომხეთის ყოფილ მმართველ პარტიასთან. ფაშინიანის 2018 წლის „რევოლუციის“ შემდეგ, ახალმა მთავრობამ დახურა „სტრატეგიული ინიციატივების ცენტრი“, რაც წინა მთავრობის წამოწყება იყო უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ცენტრში, რომელიც პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის დაფუძნებული იყო, მონაწილეობდა ვარდანიანიც. მან ცენტრის დახურვას „შეურაცხმყოფელი“ უწოდა და ახალი ხელისუფლება გააკრიტიკა.
აცდენა ერევნისა და ვარდანიანის რიტორიკაში
არის კიდევ ერთი საკითხი, რაც დროთა განმავლობაში არ შეცვლილა - აცდენა ერევნისა და სტეფანაკერტის რიტორიკაში მოსკოვის მიმართ.
ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვის აქტიურ კრიტიკას იწყებს 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრის მიუხედავად, რუსეთის გარშემო შეკრული ალიანსი, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ („კუხო“) საქმეში არ ერთვება. მისი წევრები, რუსეთთან ერთად, არიან სომხეთი, ბელრუსი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
მას შემდეგ, რაც სექტემბერში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, - ყარაბაღისგან გაცილებით შორს, - დაპირისპირება დაიწყო, კუხომ სამხედრო ექსპერტები გაგზავნა, - შეუიარაღებელი ექსპერტები. „კუხო“ ასევე განიხილავდა მშვიდობისმყოფელების უფრო დიდი მისიის განლაგებას საზღვრის სომხურ მხარეზე, თუმცა გეგმა არ შესრულდა - საბოლოოდ, ერევნის ორჭოფობის გამო.
„საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის“ (ICG-ის) კვლევის თანახმად, სომხეთის მთავრობაში შიშობდნენ, რომ „კუხოს“ გაგზავნა საბოლოოდ მათს მეტოქეს მოუტანდა სარგებელს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ალიანსი ერევნის მხარეს არ იჭერდა. ICG-ის თანახმადვე, ამის ყველაზე ცხადი მაგალითი ბელარუსი გახდა: პრეზიდენტმა ლუკაშენკამ, ფაქტობრივად, სომხეთი დაადანაშაულა ალიანსის აზერბაიჯანთან „ომში ჩათრევის“ მცდელობაში და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს „ჩვენიანი“ უწოდა.
ფაშინიანმა ქვეყნისადმი ბოლო საახალწლო მიმართვაში განაცხადა: „2021 წლის მაისიდან 2022 წლის 13 სექტემბრამდე სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესია ორმაგად მტკივნეული იყო, რადგან ჩვენმა მოკავშირეებმა უშიშროების საკითხებში მიგვატოვეს, არჩიეს პასიური დამკვირვებლის სტატუსი და ალტერნატივად მხოლოდ „აქტიური დამკვირვებლის“ სტატუსი შემოგვთავაზეს“.
ერევანი აკრიტიკებს უშუალოდ ლაჩინის დერეფანში განთავსებულ სამშვიდობო მისიასაც და მიანიშნებს, რომ ისინი დაკისრებულ მისიას, - გადაადგილების უზრუნველყოფას, - ვერ ართმევენ თავს. ვარდანიანი ასე არ იქცევა. როდესაც „ბიბისის“, HARDtalk-ში სტივენ საკურმა კითხა, - რატომ არ აკრიტიკებს მოსკოვს, როგორც ფაშინიანი, - მან უპასუხა:
ანალიტიკოსი ტიგრან გრიგორიანი ამას კვლავ სტეფანაკერტის რთულ ვითარებას უკავშირებს: „რა თქმა უნდა, საჯაროდ ის უკიდურესად ერიდება სამშვიდობო მისიის კრიტიკას, რაც ბუნებრივია, - ყარაბაღში არავინ გააკრიტიკებს სამშვიდობო მისიას, რადგან ეს მისია არის ერთადერთი ბარიერი ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანის არმიას შორის. ერევნისთვის გაცილებით მარტივია რუსეთისა თუ სამშვიდობო მისიის კრიტიკა“.
პარალელურად, სომხეთში საზოგადოებრივი განწყობები რუსეთის მიმართ უარყოფითისკენ იცვლება. მაგალითად, Gallup-ის ბოლო კვლევების თანახმად, 2022 წლის აპრილიდან დეკემბრამდე 45-დან 70 პროცენტამდე გაიზარდა ისეთი ადამიანების წილი, ვინც რუსეთში უკრაინის ქმედებებს „აბსოლუტურად“ და „მეტწილად“ გაუმართლებლად მიიჩნევს. 45-დან 20%-მდე შემცირდა მათი წილი, ვინც ამ ქმედებებს ამართლებდა. ანალოგიური მონაცემები ყარაბაღის მოსახლეობის შესახებ ხელმისაწვდომი არ არის…
უკმაყოფილება ბაქოში
ვარდანიანის ყარაბაღის პოლიტიკაში დაწინაურებას უკიდურესად უარყოფითად შეხვდნენ ბაქოში. აზერბაიჯანის გადმოსახედიდან, ვარდანიანი ერთი მხრივ, არ აღიარებს 2020 წლის ომის შემდგომ რეალობას - მაგალითად, იგი 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადებას „კაპიტულანტურად“ მოიხსენიებს, მეორე მხრივ კი, რეგიონში რუსული გავლენის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც ბაქოს ინტერესებში არ არის.
ვარდანიანის ყარაბაღში ჩასვლისა და შემდეგ დე ფაქტო მინისტრად დანიშვნისთანავე ძლიერი ტალღა აგორდა. ის პირადად პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც ჰყავს გაკრიტიკებული. ალიევმა, როდესაც 17 ნოემბერს ევროკავშირის დელეგაცია მიიღო ბაქოში, ვარდანიანს „მოსკოვიდან გაგზავნილი“ უწოდა:
ერთი შეხედვით, ვარდანიანის პოზიციების ნაწილი მართლაც განსხვავდება ერევნის ბოლოდროინდელი რიტორიკისგან, რომელიც, თუკი ომამდე ყარაბაღის სპეციალურ სტატუსზე საუბრობდა, ახლა ბაქოსთან მოლაპარაკებებში ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის იქ ცხოვრების უფლებრივი გარანტიების შექმნის საჭიროებაზე საუბრობს.
„ჩვენ ვიბრძვით ჩვენს მიწაზე ცხოვრების უფლებისათვის, ჩვენ აქ ჩვენი კანონებით ვცხოვრობთ. ეს ძალიან უხეშ პოზიციონირებას ნიშნავს, - და განსხვავდება სომხეთის რესპუბლიკის პოზიციისგან“, - განაცხადა ვარდანიანმა 13 იანვარს. მოგვიანებით, 3 თებერვალს, მან თქვა, მზად ვართ, ვიცხოვროთ აზერბაიჯანთან ერთად, მაგრამ არა ერთ სახელმწიფო სისტემაშიო.
ბაქო, თავის მხრივ, არც ერევნის პოზიციას იზიარებს მოსახლეობის დაცვის გარანტიებზე და აცხადებს, რომ ეს მისი საშინაო საკითხია და არ შეიძლება იყოს სომხეთთან მოლაპარაკებების ნაწილი.
ტიგრან გრიგორიანი, ანალიტიკოსი ყარაბაღიდან, რომელიც ბოლო წლებია, ერევანში ცხოვრობს, ფიქრობს, რომ ბაქო ცდილობს, ყარაბაღის საკითხი „რუსეთის დასავლეთის წინააღმდეგ დაპირისპირების პრიზმაში წარმოაჩინოს და გვაჩვენოს - ეს ხალხი რუსეთის მარიონეტები, მისი იმპერიალიზმისა და ქმედებების ნაწილი არიან; აზერბაიჯანს კი სურს კონტროლის აღდგენა და ერთადერთი ხელის შემშლელი არის რუსეთი“.
გრიგორიანის თქმით, საქმე ასე მარტივად არ არის: ყარაბაღელებისათვის რუსეთის 2000-მდე მშვიდობისმყოფელს კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ, მათი ხედვით, აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო ეთნიკური წმენდისგან დასაცავად.
„აშშ და ევროკავშირიც კი, რომ შეხედოთ, დიდად არ აკრიტიკებენ სამშვიდობო მისიას, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც კი. ეს იმიტომ, რომ თავადაც ესმით, მათ ალტერნატიული სამშვიდობო მისიის განთავსება ფიზიკურად უკიდურესად რთული იქნება მათი მხრიდან“, - ამბობს ანალიტიკოსი.
სტეფანაკერტშიც ფიქრობენ, რომ ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორიის აზერბაიჯანის მიერ დაკავების წინააღმდეგ ერთადერთი დაბრკოლება არის რუსეთის სამშვიდობო მისია ადგილზე. ეს მისია იქ 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ დგას, - ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შედეგად.
ამ შეთანხმების გაფორმებისას ბაქომ, - რომელმაც მაღალი სამხედრო მომზადება აჩვენა, - ანგარიში გაუწია მოსკოვს, რომელმაც, ერთი მხრივ, დასაჯა ნიკოლ ფაშინიანი, მეორე მხრივ კი წითელი ხაზი გაავლო ალიევისათვის. ამ დროს ლაჩინის დერაფანში 2000-მდე რუსი ჯარისკაცი ჩადგა მშვიდობისმყოფელი მისიით. რუსეთმა, რომელსაც სომხეთში სამხედრო ბაზა უკვე ჰქონდა, ამ გზით უფრო გაიმყარა პოზიციები რეგიონში.
ბაქოს მიერ ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი მიზანი იყო, მოსკოვის ზეწოლით ერევნის იძულება, რომ სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით გაეჭრა დერეფანი ანკლავ ზანგეზურიდან დანარჩენ ტერიტორიამდე, რაც თურქეთსა და ცენტრალურ აზიასაც დააკავშირებდა. თუმცა ერევანი ამ საკითხს სხვანაირად უყურებს და უარს აცხადებს.
„დროთა განმავლობაში ბაქოს სტრატეგია გახდა, რომ უბიძგონ რუსებს ყარაბაღიდან გასვლისაკენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხედავენ შესაძლებლობების ფანჯარას - თუ რუსებს ვერ უბიძგებენ გასვლისაკენ, ადგილზე თამაშის წესები მაინც შეცვალონ. მაგალითად, გააკონტროლონ ლაჩინის დერეფანი“, - ეუბნება ტიგრან გრიგორიანი რადიო თავისუფლებას და დასძენს, რომ შექმნილ ვითარებას ბაქოში ხედავენ იდეალურ შესაძლებლობად, გატესტონ რუსეთის წითელი ხაზები და „წაიღონ რაც შეიძლება მეტი“.