Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილის შემდეგ - რა ბედი ეწია როდიონოვს?

ფოტოზე: იგორ როდიონოვი, გენადი კოლბინი, ზურაბ ჩხეიძე, ჯუმბერ პატიაშვილი, თენგიზ მენთეშაშვილი
ფოტოზე: იგორ როდიონოვი, გენადი კოლბინი, ზურაბ ჩხეიძე, ჯუმბერ პატიაშვილი, თენგიზ მენთეშაშვილი

იგორ როდიონოვი, 9 აპრილის ღამეს მომიტინგეების დარბევის ხელმძღვანელი გენერალი ცხოვრების ბოლომდე ამტკიცებდა, რომ მომხდარში თავად ქართველები, კიდევ დასავლეთი, და სხვა „პროვოკატორები“ იყვნენ დამნაშავეები. ის არავის დაუსჯია, პირიქით, წლების შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრიც გახდა და დეპუტატადაც აირჩიეს.

1989 წლის 9 აპრილის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები, დაშავდა და მოიწამლა - ასობით.

დარბევას ხელმძღვანელობდა რუსი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი. ის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კომენდანტად 1988 წელს დაინიშნა.

თამარ დადიანი, რომელიც 1989 წელს ახალგაზრდა გოგო იყო და აქციებზე დადიოდა, იხსენებს:

„8 აპრილს მეგობართან ერთად "მშრალ ხიდზე" გავიარე. ვნახეთ, მერვე პოლკი იყო გამოყვანილი. სასწრაფოდ ამოვვარდით რუსთაველზე. მერაბი და ზვიადი აქ იდგნენ. მერვე პოლკია გამოყვანილიო, ვუთხარით. მერაბმა განზე გაიხედა, ზვიადმა თავი დახარა, უკვე იცოდნენ.

9 აპრილს "ცანგალა და გოგონას" ვცეკვავდით, როცა მესტიიდან შაოსანი დედები შემოგვიერთდნენ ხატებით. ჩვენს ზურგს უკან დადგნენ. ეს იყო ბოლო შემოსვლა. შემდეგ თავისუფლების მოედანი ჯარისკაცებმა დაიკავეს და ვერ ვიხსენებ, უცებ საიდან გაჩნდნენ ნიჩბოსნები. დაიძრნენ და გამოგვეკიდნენ. საშინელება იყო... მე ძლიერად მოვიწამლე, წელიწად-ნახევარი ვმკურნალობდი. დედობის შესაძლებლობა დავკარგე ამის შედეგად“, - ჰყვება თამარი.

გვამებით მოფენილი რუსთაველი და დაწამლული ხალხი - მარიზი კობახიძე, რომელიც 9 აპრილის მონაწილეა, იხსენებს, რომ როდესაც დილას ქუჩების მორეცხვა დაიწყეს, მიწისქვეშა გადასასვლელებში სისხლიანი წყალი ჩადიოდა.

როდიონოვი: „ბევრნაირი ჭორი დადის“

ამავე წლის 25 მაისს იგორ როდიონოვი სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე სიტყვით წარსდგა და თავის მართლება დაიწყო, ჰყვებოდა, რომ მომიტინგეები შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებში შეჭრილიყვნენ. ადგილობრივ ხელისუფლებას აღარ სჯეროდა, რომ მშვიდობიან ზომებს შეიძლებოდა შედეგი გამოეღოო.

„ჰკითხეთ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, ვინ ითხოვა დახმარება… ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო. რაც შეეხება სასანგრე ნიჩბებს, ზოგს ეკავა სასანგრე ნიჩაბი, რაღაცით ხომ უნდა დაეცვათ თავი... 172 ჯარისკაცი დაშავდა, 26 ჰოსპიტალიზებულია.

...ჩამოდით ერთი თბილისში, ჩვენთან, ასეთი მიტინგები რომ ტარდება და თქვენი თვალით ნახავთ. სხვათა შორის, ოფიციალური ცნობებით, ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი. არც ერთ მათგანზე არ იყო ნაკვეთი, ნაჩხვლეტი ან ნაჟეჟი ჭრილობა. არც ერთზე, 16-დან, ვიმეორებ (აქ ისევ ისმის აღშფოთებული ხმები დარბაზიდან, რ.თ.) ხელს ნუ მიშლით გამოსვლაში. იმდენი ჭორი მოვისმინე უკვე, თუ როგორ მისდევდა მედესანტე 70 წლის დედაბერს სამი კილომეტრი და ბოლოს როგორც იქნა სადღაც ბუჩქებში ჩაკლა (დარბაზში იცინიან, რ.თ.). ბევრნაირი ჭორი დადის. ახლაც ჩემს წინ გამომსვლელებს რომ ვუსმენდი, ვიჯექი და ჩვენი რუსული, ჯადოსნური სიტყვები მახსენდებოდა აღშფოთებისგან (დარბაზში ტაში, რ.თ.).“

აპრილის შემდეგ

9 აპრილის დარბევის შემდეგ იგორ როდიონოვი ამიერკავკასიას მოაშორეს. 1989 წელს ის რუსეთში გენერალური შტაბის აკადემიის უფროსად დაინიშნა. თავად ამას „საპატიო გადასახლებას“ უწოდებდა.

„მივხვდი, რომ საქართველოში დარჩენა აღარ შემეძლო. ყოველდღე მემუქრებოდნენ, ჩემს ოჯახსაც ემუქრებოდნენ. 1989 წლის სექტემბერში მივმართე იაზოვს (სსრკ თავდაცვის მინისტრი, რ.თ.), გადავეყვანე სხვა სამხედრო ოლქში. მითხრა: „არა, გორბაჩოვს საერთოდ არ სურს არმიაში იყო. თბილისის შემდეგ დასავლეთი შენს დასჯას ითხოვს.“ და მეც ჩუმად გადამიყვანეს გენშტაბის აკადემიის ხელმძღვანელად, სადაც შვიდი წელი ვიმსახურე“, - უთხრა მან 2010 წელს ონლაინ მედიაპლატფორმა „ოპერკორს“.

ამავე ინტერვიუში როდიონოვი ჰყვება, რომ წინააღმდეგი იყო, თბილისში მიტინგი ძალის გამოყენებით დაეშალათ, მაგრამ მერე აქცია „უკიდურესად აგრესიული“ გახდა და სსრკ თავდაცვის მინისტრმა დმიტრი იაზოვმა უბრძანა, ცეკას შენობის წინ მოედანი გაეწმინდა.

„დავავალე შინაგან საქმეთა ჯარების ჯარისკაცებს, მომიტინგეები მოედნიდან გაეყვანათ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მალე ჭყლეტა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, მიტინგის ორგანიზატორებმა შექმნეს შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ხალხს მოედნიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ერთ ადგილზე მათ ჩვენი ალყის გარღვევა დაიწყეს. უიარაღო ჯარისკაცებს ახალგაზრდა ქართველები გარს ეხვეოდნენ და სასტიკად სცემდნენ - რკინის არმატურებით, ჯოხებით, ჯაჭვებით.

მაშინ მოედანზე სადესანტო როტა გადავისროლე. უიარაღოდ იყვნენ - მხოლოდ პატარა სასანგრე ნიჩბები ეჭირათ. ამ ნიჩბებით მედესანტეები თავს იცავდნენ გააფთრებული ბრბოსგან, ქვების, ბოთლებისა და ლითონის საგნებისგან. არც ერთი დემონსტრანტი ნიჩბით არ დაღუპულა. ეს ყველაფერი შემდეგ მოიგონეს სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობის კომისიის თავმჯდომარემ ანატოლი სობჩაკმა და ქართველმა ნაციონალისტებმა“.

2013 წელს „ზავტრა რუსთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ წარმოადგინა ყრილობაზე დოკუმენტები თბილისში მომხდართან დაკავშირებით, როდიონოვმა თქვა, რომ მას არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა. ყველა დოკუმენტი იყო სკკპ ცენტრალურ კომიტეტში, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ან შესაძლოა სუკის (КГБ) სისტემაშიც.

„ეს იყო კარგად ორგანიზებული პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო სსრკ-ის (როგორც ხალხთა საპყრობილის), რუსეთის (როგორც იმპერიის), საბჭოთა ხელისუფლების (როგორც პოლიტიკური სისტემის) და საბჭოთა არმიის (როგორც ქვეყნის ძირითადი ძალის) დისკრედიტაცია. გამოუვიდათ ეს პროვოკაცია. მას ხელმძღვანელობდნენ გორბაჩოვი, იაკოვლევი, შევარდნაძე, ხოლო მთავარი „რუპორი“ სობჩაკი იყო. თავდაცვის სამინისტროსა და სუკ-ის ხელმძღვანელები, ბუნებრივია, ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობდნენ, ვიდრე მე, მაგრამ დაფრთხნენ და გაჩუმდნენ. ამით ისარგებლეს პროვოკაციის ორგანიზატორებმა და ინიციატივა ხელთ იგდეს. დაიწყო ძალოვანი სტრუქტურების და, უპირველეს ყოვლისა, არმიის სასტიკი და უმოწყალო დევნა“, - თქვა მან.

კრემლის შიდა ომები

ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ ის, რაც 9 აპრილს მოხდა, გარკვეულწილად კრემლის შიდა დაპირისპირების შედეგი იყო. სკკპ-ს ცეკას რეფორმატორი გენერალური მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის ფრთას უპირისპირდებოდნენ უშიშროებისა და არმიის წარმომადგენლები, რომლებსაც „პერესტროიკა“ არ მოსწონდათ და უნდოდათ საპროტესტო გამოსვლები ერთხელ და სამუდამოდ გაეჩერებინათ.

„არ ვამბობ, რომ გორბაჩოვს საქართველოს დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირის დაშლა უნდოდა, მაგრამ მომიტინგეები ასე სასტიკად რომ დაარბიეს, ეს სწორედ ამ დაპირისპირების შედეგი გახლდათ“, - მიიჩნევს ბონდო კუპატაძე.

ისტორიკოსი ამბობს, რომ 9 აპრილი იყო პირველი ბომბი, რომელმაც საბჭოთა კავშირი ააფეთქა. თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ გორბაჩოვის პრესტიჟზე მძიმედ იმოქმედა. შეიქმნა 9 აპრილის მოვლენების საგამოძიებო კომისია, ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. ის მაშინ დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი იყო. კომისიის დასკვნა მომხდარში სამხედრო წრეებს ადანაშაულებდა.

მოგვიანებით, 1991 წელს, სწორედ ეს სამხედრო წრეები - ГКЧП (საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი) - შეეცადნენ, მოსკოვში სამხედრო გადატრიალება მოეხდინათ და გორბაჩოვი ჩამოეშორებინათ. კომიტეტის ერთ-ერთი წევრი იყო დმიტრი იაზოვიც.

9 აპრილის მემორიალი
9 აპრილის მემორიალი

ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ მართალია კომისიამ სამხედროების დანაშაული გამოკვეთა, მაგრამ როგორც საბჭოთა კავშირს ახასიათებდა, დასჯაზე არავის უფიქრია, რადგან ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვერც გორბაჩოვი ვერ გაექცეოდა.

„სხვათა შორის, გორბაჩოვს არც მერე უთქვამს ინტერვიუებში, რომ 9 აპრილის მოვლენებზე არაფერი იცოდა. ბუნდოვნად ლაპარაკობდა. აშკარა ტყუილის თქმასაც ვერ ბედავდა, ჩემს გარეშე მოხდა ყველაფერიო, მაგრამ არც თავისი წილი პასუხისმგებლობა აუღია“, - ამბობს ბონდო კუპატაძე.

როდიონოვი მასონების წინააღმდეგ

1996 წლის ივლისში იგორ როდიონოვი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. წლის ბოლოს ასაკის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა შეინარჩუნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თანამდებობა. 1997 წლის მაისში ამ პოსტიდანაც მოხსნეს.

როდიონოვი იყო „რუსეთის სახალხო-პატრიოტული პარტიის“ ხელმძღვანელი, 2002 წელს ის რუსეთის დუმის დეპუტატიც გახდა. ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტიის მიზანი რუსეთის ლიბერალების ხელიდან გამოხსნა იყო.

„ლიბერალ-დემოკრატთა უმრავლესობა სიონისტები და მასონები არიან. ჩვენი პარტია სიონიზმთან და მასონობასთან ბრძოლას განიხილავს, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას რუსეთის ხალხების გამოსახსნელად მასონურ-სიონისტური და ლიბერალურ-დემოკრატიული უღლისგან“, - ამბობდა ის.

იგორ როდიონოვი 2014 წელს გარდაიცვალა, ის მემორიალურ სასაფლაოზე სამხედრო პატივით დამარხეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

This item is part of

ფორუმი

XS
SM
MD
LG