„ჩემი პროფესია დავკარგე. ცხოვრებას თავიდან ვიწყებ“, „რას წარმოვიდგენდი, რომ ამის გაკეთება მომიწევდა“, „ორმოცი წლის ასაკში სწავლა დავიწყე“, „ერთხანს კურიერობაც ვცადე“, „უკვე ხუთი სახლი დავალაგე“, - მიყვებიან ადამიანები, რომლებსაც ორიოდე წლის წინ სტაბილური სამსახური და წარმატებული კარიერა ჰქონდათ. დღეს კი, საქართველოში მათთვის ყველა კარი დაკეტილია.
ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, ე.წ. აგენტების კანონის, შემდეგ „ფარას“, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი არაერთი კანონის მიღებისა და ქვეყანაში უწყვეტი პროტესტის დაწყების შემდეგ, ასობით ადამიანმა დაკარგა სამსახურიც და პროფესიაც.
ამ ხალხის ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. ნაწილი - გადარჩენას აქ ცდილობს და მათგან ბევრი უშედეგოდ ეძებს სამსახურს.
„გამუდმებით ვაგზავნი CV-ს ყველგან, ჩემი პროფესიის მომიჯნავე ვაკანსიებზე - არც კი რეკავენ“, - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.
ნაწილმა მთლიანად შეცვალა თავისი ცხოვრება და ისეთ საქმეს მიჰყო ხელი, რის კეთებასაც ვერასოდეს წარმოიდგენდა.
- ამ სტატიის ერთ-ერთ გმირს, მიკროფონის ნაცვლად ხელში იატაკის მოსახვეწი ხელსაწყოები უჭირავს.
- მეორე - თვითმმართველობის გაძლიერებაზე ტრენინგის ჩატარების ნაცვლად, საპროტესტო აქციებზე დგას და ხელოვნური ინტელექტის სწავლას იწყებს, რომ ახალი სამსახური იშოვოს.
- მესამემ, რომელიც ცხოველების უფლებებს იცავდა, ერთხანს სახლების დალაგება სცადა.
- მეოთხე, რომელიც ერთ-ერთ ტელევიზიაში პოლიტიკის საკითხებს აშუქებდა, ახლა ცდილობს, "იუტუბზე" მშობლობის, დედობისა და ზოგადად, ქალების პრობლემებზე ილაპარაკოს - უხელფასოდ, ენთუზიაზმით და იმედით, რომ ხვალ ეს საქმე შემოსავალს მოუტანს.
„კრიტიკული მოქალაქეები ყველგან არასასურველი კადრები ვართ“, - ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ჩატარებულ გამოკითხვაზე ასეთი პასუხიც მივიღე.
„რეჟიმმა მიზანმიმართულად დაავიწროვა შესაძლებლობების რკალი, დაფინანსებები შეწყდა, პროექტები გაუქმდა, თავისუფალ ადამიანებს კი საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების სივრცე წაერთვათ“, - მითხრა მაგდა მამუკაშვილმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში. მაგდა საკუთარი პროფესიით დღეს ვეღარ მუშაობს.
აი, მაგდა არცთუ შორეული წარსულიდან, როცა თავის საქმეს აკეთებდა:
დაახლოებით რვა წელი საჯარო მოხელე იყო. შემდეგ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, გაეროს, ევროკავშირისა თუ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის პროექტებში მონაწილეობდა და საჯარო მოხელეების თუ ზოგადად, სახელმწიფოს ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მუშაობდა. შემდეგ პროექტები დაიხურა და ნელ-ნელა დასაქმების ყველა შესაძლებლობა გაქრა.
ეს კი მაგდას დღევანდელი დღეა.
ის ახლა ყოველდღე საპროტესტო აქციაზე დგას და „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აპროტესტებს. საქართველოდან წასვლაზე არ ფიქრობს, მაგრამ უსამსახუროდაც დიდხანს ვერ გაძლებს.
პროფესიის შეცვლაზე ფიქრობს. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესწავლა აქვს დაგეგმილი.
„მშიერი მხოლოდ იმიტომ არ ვარ, რომ ჩემი მეუღლე მუშაობს. მაგრამ მაქვს იპოთეკური სესხი, რომელიც 2037 წლამდე უნდა ვიხადო, მყავს ორი პატარა ბავშვი, მაქვს უამრავი საჭიროება. ამას ემატება პროტესტის გამო დაწერილი ჯარიმები და ამის გამო, გაუფრთხილებლად დაყადაღებული ანგარიშები. ესეც ფინანსური ტერორის ფორმაა“.
ამასწინათ, მაგდამ ფეისბუკზე იკითხა, „ამ პროცესების გამო ვინ დაკარგეთ სამსახურიო”, - მის პოსტს სამოცდაათამდე გამოხმაურება მოჰყვა და ყველა წერდა, რომ მათი სამსახურები ან დაიხურა, ან ისინი გაათავისუფლეს.
აი, რამდენიმე პასუხი.
გადარჩენის გზებს შორისაა პროფესიის შეცვლაც. ისე, როგორც ეს ლევან ჯობავას შემთხვევაში მოხდა.
„რუსული კანონი" პირველად რომ შემოაგდეს, 2023-ში, მაშინ მე უკვე გამოცდილი მქონდა, რას ნიშნავს და რა გელის, როცა „სისტემას“ არ ეთანხმები“, - გვეუბნება ლევანიც, რომელიც დღეს რუსთაველის პროტესტის მონაწილეა.
ლევან ჯობავა 11 წელი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული ჟურნალისტი, წამყვანი. "პირველი არხი" 2020 წელს დატოვა. პანდემიის დროს ჯერ ხობში გახსნა საკვირაო სკოლა. შემდეგ ერთხანს სპორტული ღონისძიებებიც მიჰყავდა. დისტანციურად მართავდა სოციალური მედიის ანგარიშს, რაგბის კავშირშიც იმუშავა...
როგორც თავად გვიყვება, პოლიტიკური შეხედულების გამო „დაიბლოკა“ უკვე შეთანხმებულ დაკვეთაზე - მინი ფეხბურთში ადგილობრივი ჩემპიონატის ფინალი უნდა წაეყვანა.
წინა დღით, დამკვეთმა სხვათაშორის ჰკითხა პოლიტიკურ შეხედულებებსა და პოზიციაზე - ლევანს არ დაუმალავს, რომ მთავრობის ოპონენტი და მოწინააღმდეგე იყო.
„მითხრეს, კარგი, მაგას, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნებაო და მეორე დილით მესიჯი მივიღე, შენზე უარიაო“.
ნელ-ნელა დაკვეთები საერთოდ შემცირდა და მერე სულ გაქრა.
ხან თავად უწევდა უარის თქმა შეკვეთაზე, როგორც ეს გასულ ზაფხულს მოხდა - საქართველოს რეგიონებში სპორტული აქტივობების წაყვანა შესთავაზეს. თავიდანვე იკითხა, ადგილობრივ მერიებთან ხომ არ იყო პროექტი კავშირში.
„მითხრეს, რომ - არა. თუმცა ღონისძიებამდე სამი დღით ადრე ფეისბუკზე გამოაქვეყნეს ბანერი, სადაც ზუგდიდის მერიის ლოგო იყო გამოჯგიმული. ჰოდა, მანდ დასრულდა ჩვენი „თანამშრომლობა“.
მას მერე ბევრი რამ სცადა, რომ შემოსავლის გარეშე არ დარჩენილიყო.
იმუშავა მშენებლობაზე, დღიურ მუშად. მერე კურიერად.
„მაგრამ მაგას იღბალიც უნდა - ერთხელ საბურავი გამისკდა, დავაგვიანე და მოკლედ, წამოვედი მაგ სამსახურიდან“.
მერე ერთხანს ტაქსის მძღოლობაც სცადა.
„სანამ ერთხელ წაშლილ ბასლაინზე გადასვლის გამო არ დავჯარიმდი, რვა თუ ათსაათიანი მუშაობის შედეგი კი ჯარიმაში გადავიხადე. ამომასხა და წამოვედი“.
ახლა მეორე თვეა ხელოსნების ასისტენტია და ძველი იატაკების მოხვეწას სწავლობს.
„გადახურულში მაინც ხარ“, - ამბობს ლევან ჯობავა და იმასაც შენიშნავს, რომ ამჯერად დამსაქმებლებში გაუმართლა, რადგან ერთ მხარეს და ერთ აზრზე დგანან. ერთმანეთიც რუსთაველზე გაიცნეს.
„მარტივი არაა. ეგრევე არ გამოდის ყველაფერი, თან 36 წლის ასაკში რომ იწყებ, მაგრამ სწავლობ. სხვა გზა არ არის. რეჟიმი გაიძულებს მაგას“.
„ვეძებ სამსახურს, აწ უკვე სასწრაფოდ!... მანამდე კი: ვაპირებ დავიწყო სახლების დალაგება. არ ვხუმრობ და გთხოვთ სერიოზულად აღიქვათ ჩემი ეს გადაწყვეტილება“, - ეს პოსტი ღიად დაწერა საკუთარ ფეისბუკგვერდზე ნათია ჩიქოვანმა, ცხოველთა უფლებების დამცველმა და ორგანიზაცია „ენიმალ პროჯექტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მას შემდეგ, რაც ყველა პროექტი გაჩერდა და ორგანიზაციას დაფინანსებაც შეუწყდა:
„ენიმალ პროჯექტი“ მართლა სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს აკეთებდა - ცხოველთა სტერილიზაციის კუთხით, ზოგადად, ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკის შემუშავების მხრივ... და უცებ ეს ყველაფერი გაჩერდა“.
შეწყდა „აგენტების კანონამდე“ დაწყებული თანამშრომლობაც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან, კომპანიონი ცხოველების შესახებ კანონმდებლობაზე, რა საქმესაც, როგორც ნათია გვიყვება, მოხალისეობრივად აკეთებდნენ.
„გარდა იმისა, რომ რეპრესიული კანონების გამო, არასამთავრობო სექტორში ყველაფერი გაჩერდა, ამას ისიც დაემატა, რომ ჩვენი საქმიანობა ძალიან იყო დამოკიდებული ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობაზე, მათ ხელშეწყობაზე. თუ მათ არ შეგვიწყვეს ხელი და პირიქით, შეგვიშალეს, რა მნიშვნელობა აქვს რამის წამოწყებას? ახლა თუ რამეს ვაკეთებთ ცხოველებისთვის, ჩვენი, მინიმალური სახსრებით. ეს ძალიან ცოტაა. ამასობაში ყველას ამოეწურა ინდივიდუალური რესურსი“.
ნათიას პოსტს სამსახურის ძებნასა და სახლების დალაგებაზე, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა თავადაც ამბობს, რომ უბრალოდ გაუმართლა. სანამ შედარებით სტაბილური, გრძელვადიანი სამსახურის შეთავაზებას მიიღებდა, ხუთი სახლის დალაგება მოასწრო.
„და მზად ვიყავი ეს მანამ მეკეთებინა, სანამ სხვა რამე გამოჩნდებოდა. ერთი ძაღლიც დავბანე და მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ისევ უსამსახუროდ რომ დავრჩე, ეს შემიძლია - ვიყო ძაღლების გამსეირნებელი, გრუმერი (ძაღლების დაბანის სერვისი), ძაღლების ტაქსი“...
პარალელურად, ნათია ყველგან აგზავნიდა საკუთარ რეზიუმეს. ზოგიერთი ისეთი ადგილიდან, საიდანაც, მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, წესით, ერთხელ მაინც უნდა დაერეკათ, არც კი გამოეხმაურნენ.
ახლა, ისევ ცხოველებზე პოდკასტის დაწყებას გეგმავს და პარალელურად, პარტია „თავისუფლების მოედნის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობს.
„დავაკვირდი, რომ პროტესტში ჩართულ ხალხთან საქმის დაჭერას და მათ დასაქმებას ყველა ერიდება. როგორც არ უნდა აკმაყოფილებდე ვაკანსიის კრიტერიუმებს. ისევ ჩვენი თანამოაზრეები ცდილობენ ერთმანეთის გაძლიერებას. სხვაგან ჩვენთვის ყველა კარი ჩაიკეტა“.
პროფესიიდან ძალიან შორს წასვლა ვერც თამთა ჯანაძემ ვერ შეძლო, "პირველი არხის" ყოფილმა პოლიტიკურმა რეპორტიორმა, რომელმაც ამ პროფესიას თავისი ცხოვრების 15 წელი მიუძღვნა.
თამთა ჯანაძე (და მისი რამდენიმე კოლეგა), როგორც თავად ამბობს, "პირველი არხიდან" ცენზურის გაპროტესტების გამო გამოუშვეს.
ცოტა ხნის წინ მან ვლოგის კეთება დაიწყო, რომელსაც „ჩემი აუტანელი ოჯახი“ ჰქვია. თამთას სამი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე ემიგრანტია და ოჯახს ახლა ის ინახავს. თამთა კი ჰყვება ყველა იმ სირთულეებსა და პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში დედებს აწუხებთ.
„დედებს კი ყველაფერი ეხებათ. პოლიტიკაც. ამიტომ, მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან შორს ამიტომ არ და ვერ წავედი ჩემი პროფესიიდან, რომელიც დამეკარგა“, - მეუბნება თამთა ჯანაძე.
მისი აზრით, მედიაში ფაქტობრივად არჩევანი არ დარჩა. თუ პროფესიით მუშაობას მოინდომებს დღევანდელ საქართველოში, მისივე სიტყვებით, ან პროპაგანდისტულ სამთავრობო არხებზე უნდა იმუშაოს (რასაც უმუშევრის სტატუსი ურჩევნია), ან პრაქტიკულად უხელფასოდ თავისუფალ მედიაში:
„როცა გყავს სამი შვილი და იმის შესაძლებლობაც არ არის, რომ ძიძას გადაუხადო ფული, რომ შენ მუშაობა შეძლო, ეგეთ პირობებში უბრალოდ ვერ იმუშავებ მხოლოდ ენთუზიაზმზე. ამიტომ, ჯერ ისევ ეს გზა ვარჩიე. ამ ვლოგით თვითრეალიზებასაც ვცდილობ და ეს ჩემთვის ფსიქოლოგიურად გადარჩენის გზაცაა. არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა. ამიტომ, როგორმე უნდა მოვახერხო და გადავრჩე“.
თუმცა თამთასთვისაც უსამსახურობა რთულად ასატანი რეალობაა და მაინც გამუდმებით ეძებს გამოსავალს.
„ისიც ცხადია, რომ სივრცე, სადაც მე და ჩემისთანები ვართ, ნელ-ნელა იმდენად ვიწროვდება, რომ სუნთქვის და არსებობის საშუალება აღარ რჩება. ასე მგონია, თვითგადარჩენის ინსტინქტს მივყვებით. მაგრამ რაც უფრო მეტია წნეხი ხელისუფლებისგან, რომ ჩემნაირი ადამიანები დანებდნენ და ქვეყნიდან წავიდნენ, ამით უფრო ვჯიუტდები ჩემს გადაწყვეტილებაში, რომ არსად არ წავალ. აქ დავრჩები“.
საჯარო მოხელეებს რა ბედი ეწიათ?
ამ დრომდე, საჯარო ინფორმაციის არარსებობის გამო ისიც კი არ არის ცნობილი, ბოლო ერთ წელში რამდენი საჯარო მოხელეა გათავისუფლებული.
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, "კონსტიტუციის 78-ე მუხლის" თანადამფუძნებელი და თავადაც ყოფილი საჯარო მოხელე თაია მახარაშვილი გვეუბნება, რომ საჯარო ინფორმაციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე მათ მხოლოდ გათავისუფლებული მოხელეების სავარაუდო რიცხვი იციან - 800-1200 გათავისუფლებული ადამიანი.
რამდენმა მოახერხა ხელახლა დასაქმება? პროფესია შეიცვალეს? ისევ საჯარო სექტორში სცადეს თუ კერძოშიც გაუმართლათ? ესეც არ არის ბოლომდე ნათელი.
„როცა ყოფილი საჯარო მოხელეების დასაქმების მაჩვენებელზე ვლაპარაკობთ, ამას ჩვენი წევრების საერთო რაოდენობიდან ვიღებთ - დაახლოებით 100 ადამიანისგან. მათგან კი დაახლოებით 20-25% დასაქმდა. დანარჩენებზე არაფერი ვიცით”, - მეუბნება თაია.
ახლა მასაც დროებითი სამსახური აქვს და მუდმივად ვაკანსიის ძიებაშია.
“რაც ვიცი, ერთი ჩვენი გათავისუფლებული მოხელე კონდიტერიით დაკავდა. ადრეც გამოსდიოდა, მაგრამ ახლა თანდათან შემოსავლის წყაროდ ქცევას ცდილობს… კიდევ, ერთ-ერთი გათავისუფლებულის პოსტი ვნახე, რომელიც ისევ საჯაროში დასაქმდა. თუმცა ასეთ ადამიანებს, თუ კიდევ არიან, ისევ „ოცნების“ ზედა ეშელონებში თუ ჰყავთ პატრონი. სხვანაირად დასაქმება გამორიცხულია... უფრო მეტიც - ყოფილ საჯარო მოხელეებს კერძოშიც უჭირთ დასაქმება. თუ კერძო სექტორი მმართველ პარტიასთან არის აფილირებული, იქ მათ არავის აიყვანს“.
როგორც რუსეთსა და ბელარუსში?
„რაც საქართველოში ხდება, ძალიან ჰგავს ბელარუსის რეალობას“, - მითხრა ბელარუსმა მწერალმა და უფლებადამცველმა ჰანა იანკუტამ და ამ ანგარიშის გადახედვა მირჩია, რომელში აღწერილი ამებებიც ბევრ რამეს გაგახსენებთ დღევანდელი საქართველოდან.
ჰანასთან ინტერვიუ 2024 წელსაც ჩავწერეთ, მაშინ ის გვიყვებოდა, როგორ იცვლებოდა მისი ქვეყანა, როგორ რჩებოდნენ მისი კოლეგები სამსახურების გარეშე ან გადარჩენის მიზნით, ტოვებდნენ ქვეყანას.
უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაციის, გრანტების შეწყვეტა/სტიგმატიზაციის, „აგენტის“ სტატუსის მინიჭების, არაფორმალური "შავი სიების", პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისა თუ კერძო სექტორის დაშინების („არ აიყვანოთ პრობლემური კადრები“) არაერთი მაგალითის გახსენება შეიძლება რუსეთის და ბელარუსის ბოლო ათწლეულიდან.
იქაც, არასამთავრობო ორგანიზაციები და კვლევითი ცენტრები ან დაიხურა, ან თვითცენზურას დაექვემდებარა. უნივერსიტეტებიდან გაათავისუფლეს ლექტორები პოლიტიკური განცხადებების გამო. ხოლო მედია არჩევანის წინაშე აღმოჩნდა -
პროპაგანდა ან უმუშევრობა. გრანტებზე დამოკიდებული ინტელექტუალური წრეები ფაქტობრივად გაქრა.
ეს ყველაფერი, როგორც ფაქტები, მოხვდა არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებშიც. მაგალითად, OSCE-ს ეს ექსპერტული ანგარიში დეტალურად აღწერს, როგორ შეწყდა ათ წელში რუსეთში დონორთა დაფინანსებული პროექტები, დამოუკიდებელი მედიის და დამოუკიდებელი ჯგუფების საქმიანობა კი როგორ შეცვალა რეპრესიულმა კანონმდებლობამ.
ამ ანგარიშში კი, „ამნესტი ინტერნეშენალის“ და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ბელარუსის მაგალითზე განმარტავენ, რომ ბელარუსის მთავრობა აქციის მონაწილეებს მხოლოდ ცალკეულ აკრძალვებს კი არ უწესებდა, არამედ „სისტემურად ტეხდა სამოქალაქო სივრცეს“ - არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ქვეყნიდან წასულიყვნენ.