Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანალიზაციის ტბა“: ახალი სისტემის პროექტი 850 ათასი დაჯდა, მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა

საგურამოს წყალარინების სისტემის პროექტის ჩაბარებიდან ორი წელი და სამი თვე გავიდა, თუმცა ახალი სისტემის მშენებლობა არ დაწყებულა. საგურამოს გზაზე გაჩენილი „კანალიზაციის ტბა“ კვლავ გადმოვიდა გზაზე
საგურამოს წყალარინების სისტემის პროექტის ჩაბარებიდან ორი წელი და სამი თვე გავიდა, თუმცა ახალი სისტემის მშენებლობა არ დაწყებულა. საგურამოს გზაზე გაჩენილი „კანალიზაციის ტბა“ კვლავ გადმოვიდა გზაზე

საგურამოს კანალიზაციის სისტემის პროექტირებაში სახელმწიფომ 2020-23 წლებში 850 000 ლარი დახარჯა, თუმცა პროექტის ჩაბარებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ სისტემის მშენებლობა არ დაწყებულა.

უცნობია, რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი მაგისტრალისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ან რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს.

პარალელურად, რამდენიმე წელია საგურამოს გზაზე მოუგვარებელ პრობლემად რჩება კანალიზაციის ტბა“:

  • საგურამოს გზაზე, ბენზინგასამართი სადგურის სიახლოვეს გადის წყალარინების მაგისტრალი, რომელიც, სავარაუდოდ, დაზიანებულია;
  • შედეგად, ათეულობით მეტრის რადიუსში დგას უსიამოვნო სუნი.
  • წვიმისას ტბორი დიდდება და საავტომობილო გზაზე გადმოდის;
  • მოსახლეობის ნაწილი რეაგირებას ითხოვს;
  • რადიო თავისუფლება ამ პრობლემაზე 2023 წელს იუწყებოდა.

პროექტირება - 850 000 ლარად

სახელმწიფო 2020 წლიდან საუბრობს საგურამოში ახალი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გაყვანის საჭიროებაზე.

ახალი სისტემის საპროექტო სამუშაოები 2020-23 წლებში მიმდინარეობდა. კერძოდ, ტენდერი 2020 წელს გამოცხადდა, შესრულების ვადა 7-ჯერ გადავადდა და საბოლოოდ 2023 წლის ბოლოს ჩაბარდა.

დავალების თანახმად, საგურამოს წყალარინების პროექტი:

  • პირველ რიგში გათვლილია საგურამოსა და ახალსოფლის ქსელების მშენებლობაზე,
  • „მეორე რიგში კი არაშენდის, და პერსპექტივაში უნდა გაატაროს შანკევანის და წიწამურის მოსახლეობის ჩამდინარე წყლების საანგარიშო ხარჯები“.
წყალარინების პროექტი „პირველ რიგში“ გათვლილია საგურამოსა და ახალსოფელზე, შემდეგ არაშენდაზე, ბოლოს კი შანკევანსა და წიწამურზე. არაფერია ნათქვამი საგურამოს ჩრდილოეთით მდებარე სოფლებზე
წყალარინების პროექტი „პირველ რიგში“ გათვლილია საგურამოსა და ახალსოფელზე, შემდეგ არაშენდაზე, ბოლოს კი შანკევანსა და წიწამურზე. არაფერია ნათქვამი საგურამოს ჩრდილოეთით მდებარე სოფლებზე

დავალება მოიცავდა დეტალური პროექტის მომზადებას:

  • წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბი სადგურების, ფილტრის სადგურის, რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის, რეზერვუარების დეტალური პროექტის მომზადებას;
  • უნდა მიეთითებინათ საპროექტო არეალში არსებული ყველა სახლის დაერთებები და ყველა დაკავშირებულ ობიექტთან კვეთები (მდინარის, რკინიგზისა და გზის კვეთა, კამერები, სატუმბი სადგურები და ა.შ.);
  • უნდა მომზადებულიყო წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია.

პროექტის შემკვეთი იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

კონტრაქტორმა, „ამხანაგობა GMP-მ“ მას 2023 წლის 22 დეკემბერს ჩააბარა პროექტი, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 850 000 ლარი დაიხარჯა.

„წარმოდგენილი ექსპერტიზის დადებითი დასკვნები და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ხელშეკრულების პირობებს“, - წერია მხარეთა მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტში.

მცხეთის მერია - კიდევ 200 000 ლარი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამჟამად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებით არ ემსახურება და, შესაბამისად, არ გააჩნია კომუნიკაციები.

არსებული მაგისტრალი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის.

სწორედ მცხეთის მერიამ შეისყიდა 2023 წელს საკანალიზაციო მილის 300-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი 200 000 ლარად.

თუმცა სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ჩაატარეს – ტბორში წყლის დონე გაზაფხულის წვიმების შემდეგ მომატებული იყო და სანამ წყლის დონემ არ დაიწია, ტექნიკა სამუშაო ადგილს ვერ მიუახლოვდა.

2023 წლის სექტემბერში დაზიანებული მონაკვეთის შესაცვლელად მიტანილი მილები. ფოტო საგურამოს მოსახლეობის ფეისბუკ-ჯგუფიდან
2023 წლის სექტემბერში დაზიანებული მონაკვეთის შესაცვლელად მიტანილი მილები. ფოტო საგურამოს მოსახლეობის ფეისბუკ-ჯგუფიდან

2023 წლის სექტემბერში მილები გამოცვალეს 10 სმ-ით უფრო ფართო დიამეტრის მილებით, თუმცა პრობლემამ კვლავ იჩინა თავი.

რადიო თავისუფლება 9 მარტს დაუკავშირდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრს კითხვებით, მათ შორის, როგორ ხედავენ ამ ეტაპზე პრობლემის მოგვარების გზას, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ჯერ მშენებლობაზე ტენდერი არ გამოცხადებულა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რადიო თავისუფლებას 2023 წლის 18 ივლისს განუცხადა, რომ პროექტის ჩაბარების შემდეგ - რაც დეკემბერში მოხდა, - „შესაბამისი დაფინანსების წყაროს არსებობის შემთხვევაში გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტენდერი“.

ასევე, კომპანია ადასტურებდა, რომ ახალი პროექტი „კანალიზაციის ტბორის“ პრობლემას აღმოფხვრის:

„პროექტი ითვალისწინებს წერილში აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ წყალმომარაგებისა და წყალარინების სრულიად ახალი სისტემების მოწყობას, რაც თავისთავად აღმოფხვრის არსებულ პრობლემას“, - მოგვწერეს მაშინ სახელმწიფო კომპანიიდან.

ოთხშაბათს, 2026 წლის 11 მარტს კომპანიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ:

„სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საკითხზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP)“.

GWP თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების სისტემებსა და ენერგეტიკულ ობიექტებს მართავს.

მოლაპარაკებები GWP-სთან

დამაზუსტებელ კითხვაზე: ეს მოლაპარაკებები გულისხმობს GWP-სთან ერთად ტენდერის გამოცხადებას მშენებლობაზე, თუ GWP-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, გვიპასუხეს, რომ „მოლაპარაკებები მიმდინარეობს“.

ჯერ დაუზუსტებელია სავარაუდო ბიუჯეტი და მშენებლობის ვადებიც.

11 მარტს რადიო თავისუფლება GWP-საც დაუკავშირდა დამაზუსტებელი კითხვებით ამ საკითხებზე.

პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

„გაწმენდის გარეშე ჩაედინება არაგვში“

წყალმომარაგების კომპანია ტბორის პრობლემისგან დამოუკიდებლად გეგმავდა კანალიზაციის (წყალარინების) ახალი სისტემის მოწყობასა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.

საპროექტო კვლევაში წყალმომარაგების კომპანია 2020 წელს წერდა, რომ:

  • „სოფელ ცხვარიჭამიიდან სათავეს იღებს კანალიზაციის კოლექტორი და მიუყვება საგურამოს მთავარ გზას, რომელიც გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარე არაგვში“;
  • კვლევის თანახმადვე, სოფელში, 2020 წლის მონაცემებით მონაცემებით, 1100-მდე კომლი ცხოვრობს, „თუმცა სოფელი დღითიდღე ფართოვდება და იზრდება განაშენიანების ზონა“.
  • სისტემა რომ გასამართია, ამას კომპანია ჯერ კიდევ 2020 წელს აღნიშნავდა:
  • „სოფელ საგურამოს წყალარინების ქსელის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი შეცვლილია, ხოლო დანარჩენი ნაწილი სრულიად ამორტიზებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას“.


საკანალიზაციო სისტემა მხოლოდ სოფელ საგურამოს აქვს.

განაშენიანების ტემპი მაღალი გარშემო მდებარე სოფლებშიც.

ეს ტერიტორია წლების განმავლობაში იქცა მსხვილ სუბურბანულ დასახლებად მდიდრული სახლებით, თუმცა შეზღუდული ინფრასტრუქტურით – გზები მეტწილად მოუასფალტებელია.

ყველა ამ დასახლებაში გავრცელებული პრაქტიკაა საკუთარ ეზოებში/ეზოებთან საკანალიზაციო ჭების ამოთხრა.

ხშირად არის სასმელი წყლის პრობლემაც.

ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (გზდ-ის) აღმოსავლეთის რეგიონულმა სამმართველომ ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოავლინა „ტბორის“ ადგილას „ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევა“ და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართა ტერიტორიის დასუფთავების რეკომენდაციით.

თუმცა ეს პრობლემა, სავარაუდოდ, უფრო ძველია.

„გუგლ ერსის“ (Google Earth) სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ ტბორი პირველად 2019 წელს ჩნდება.

თუმცა 2022-23 წლებამდე, - სანამ უფრო ფართო ტერიტორიაზე გაიშლებოდა, - ტბორი დაშრობას ასწრებდა.

2022 წლისთვის აღნიშნული კერძო ნაკვეთების ნაწილზე ნათესები იყო გაშენებული.

2026 წლის 9 მარტს გზდ-ში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა დარეკა, რის შემდეგაც, მოქალაქის ცნობითვე, შედგა ოქმი, ხელახლა დაფიქსირდა პრობლემა და საგურამოს გამგეობას ხელახლა შეახსენეს სამუშაოების შესრულების საჭიროება.

რადიო თავისუფლებას გზდ-ის პრესცენტრში 9 მარტს განუცხადეს, რომ „აღნიშნულ საკითხზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მოკვლევაა დაწყებული“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG