Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგურამოსთან „კანალიზაციის ტბა“ ისევ გზაზე გადმოვიდა

ზედა ორი კადრი 2026 წლის 7 მარტსაა გადაღებული (ელენე კაპანაძე), ქვედა ორი კი - 2023 წლის ივლისში (რადიო თავისუფლება)
ზედა ორი კადრი 2026 წლის 7 მარტსაა გადაღებული (ელენე კაპანაძე), ქვედა ორი კი - 2023 წლის ივლისში (რადიო თავისუფლება)

საგურამოს გზაზე, ბენზინგასამართ სადგურთან წლების განმავლობაში გადაუჭრელმა პრობლემამ, „კანალიზაციის ტბამ“, - რასაც ადგილობრივები ზოგჯერ „ფეკალურ დეზობარიერს“ უწოდებენ, - კვლავ იჩინა თავი; ტბორი კვლავ გადმოვიდა საავტომობილო გზაზე. მოსახლეობა რეაგირებას ითხოვს.

ამ პრობლემაზე რადიო თავისუფლება 2023 წლის ივლისში წერდა.

ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პირველად 2022 წლის ივნისში გამოავლინა „ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევა“.

წლების შემდეგ პრობლემა მოუგვარებელია.

ზარი გზდ-ში

საგურამოსა და გვერდითა დასახლებებში მცხოვრებთა საერთო ფეისბუკ-ჯგუფში ერთ-ერთმა მოქალაქემ, ელენე კაპანაძემ დაწერა, რომ ორშაბათს, 9 მარტს ამ პრობლემასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (გზდ-ში) დარეკა.

მისი თქმით, ცხელ ხაზზე, 153-ზე ზარის შემდეგ ესაუბრა გზდ-ს წარმომადგენელს და შეიტყო, რომ სამსახურის წარმომადგენლები „ადგილზე მივიდნენ, გადაიღეს ფოტოები, გადამაგზავნინეს გადაღებული ვიდეო და შეადგინეს ოქმი“.

მისი მონათხრობის თანახმადვე, მოგვიანებით იმავე სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ „ინფორმაცია უკვე გადაცემულია ზედამხედველობის მთავარ სამსახურში“. ასევე, უთხრეს, რომ:

„აღნიშნულ პრობლემას იწვევს ამ ტერიტორიაზე მდებარე [წყალარინების სისტემის] მილების გაჭედვა. ამ ეტაპზე მილები გაჭედილია და საჭიროებს გაწმენდას, რაზეც მოთხოვნა გაგზავნილია საგურამოს გამგეობაში“.

„საშინელი სუნია“

„მე-5 წელია გადავედი საგურამოში და ამ საკითხის მოგვარებაზე ზრუნვა და დარდი თუ მომიწევდა, ვერ წარმოვიდგენდი“, - უთხრა ელენე კაპანაძემ რადიო თავისუფლებას.

„მანქანაშიც კი უსიამოვნო სუნი დგება“, - გვითხრა მან.

რადიო თავისუფლება ამ ადგილას შაბათს, 7 მარტს იმყოფებოდა - გავლისას მართლაც იგრძნობდა მძაფრი უსიამოვნო სუნი

„რაღაც არარეალურ ისტორიას ჰგავს ჩვენი ყოველდღიურობა“, - გვითხრა ელენე კაპანაძემ.

კიდევ ერთი მომხმარებელი საგურამოს მოსახლეობის ჯგუფში 4 მარტს წერდა:

  • „კანალიზაციის ტბა ისევ აღორძინდა და გზის სავალ ნაწილზე ფეკალური მასებია გადმოსული, საშინელი სუნი დგას;
  • გარდა გარემოს დაბინძურებისა ფეკალური მასების გავრცელება საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის...
  • მანქანების საბურავებით ეს საკანალიზაციო მასები დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება და შეგვაქვს სახლებში“.

„სანამ ეპიდემია დაერია აქაურობას და „ურემი გადაბრუნდა“, იქნებ მიხედოთ! საშინელი უპასუხისმგებლობაა!“ - მოუწოდებდა იგი ადგილობრივ ხელისუფლებას, რომლის წარმომადგენლებიც ამ ჯგუფში არიან.

„მოკვლევაა დაწყებული“

„ჩემი ზარის შესაბამისი ოქმის საფუძველზე მოხდება ახლიდან ინციდენტის დაფიქსირება და საგურამოს გამგეობასთან სამუშაოების შესრულების საჭიროებაზე შეხსენების გაგზავნა“, - წერს ელენე კაპანაძე.

რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდა გზდ-ს პრესცენტრს, შემდეგი კითხვებით:

  1. ამ ჯერზე როგორ აღწერა დეპარტამენტმა შემთხვევა;
  2. რა რეაგირება ჰქონდა მას;
  3. რა გაკეთდა წლების განმავლობაში, გზდ-ის კომპეტენციის ფარგლებში, ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ „აღნიშნულ საკითხზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მოკვლევაა დაწყებული“.

საგურამოს გზაზე კანალიზაციის მაგისტრალი - სავარაუდოდ, 500 მმ დიამეტრის მქონე მილი - წყლის ბინძური მასის ქვეშაა მოქცეული.

რეზერვუარების სიახლოვეს

2023 წელს ფეისბუკზე საგურამოელების ჯგუფებში გამოხატავდნენ წუხილს იმაზე, რომ ტბორი დაახლოებით 500 მეტრით არის დაშორებული სასმელი წყლის რამდენიმე რეზერვუარისგან.

საგურამოში და არაგვის აყოლებაზე ათობით წყლის რეზერვუარია, საიდანაც თბილისის მოსახლეობა მარაგდება.

ტბორი GWP-ს წყლის რეზერვუარების ნაწილისგან დაახლოებით ნახევარი კილომეტრით არის დაშორებული
ტბორი GWP-ს წყლის რეზერვუარების ნაწილისგან დაახლოებით ნახევარი კილომეტრით არის დაშორებული

2023 წელსვე რადიო თავისუფლებას კომპანია „ჯორჯიან უოტერ ენდ ფაუერსში“ (GWP-ში) განუცხადეს, რომ საგურამოს წყალმომარაგების სათავე ნაგებობების ტერიტორიაზე განთავსებული სასმელი წყლის რეზერვუარები, ასევე საბუფერო აუზები სანიტარულად დაცულია;

„საგურამო-ცხვარიჭამიის გზაზე წარმოქმნილი ტბორი სასმელი წყლის რეზერვუარებს საფრთხეს არ უქმნის“, - განაცხადეს მაშინ კომპანიაში.

მზარდი დასახლებები

საგურამო და მის გარშემო არაერთი სოფელი წლების განმავლობაში იქცა მსხვილ სუბურბანულ დასახლებად.

თუმცა შეზღუდული ინფრასტრუქტურით - გზები მეტწილად მოუასფალტებელია.

ბევრგან არის სასმელი წყლის პრობლემა.

უძრავი ქონების ფასები მზარდია.

საკანალიზაციო სისტემა მხოლოდ სოფელ საგურამოს აქვს.

  • საგურამოსა და მიწების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის სიახლოვეს მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვაზე ახლაც სვამენ შეკითხვებს.
  • ერთ კვადრატულ მეტრს 50-75 დოლარად აფასებენ.

რას ამბობენ ახლა მერიაში

რადიო თავისუფლება 9 მარტს დაუკავშირდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრს; საგურამო მცხეთის მუნიციპალიტეტში შედის და მცხეთის მერია კურირებს საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულს. პასუხების მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტაციის პროექტი მერიას 2023 წელს ჰქონდა შესყიდული, - 200 000 ლარად, - თუმცა გაზაფხულსა და ზაფხულში, წვიმებისა და ტბის „გაზრდის“ ფონზე, სამუშაოები ვერ დაიწყეს.

ადგილზე 2023 წლის სექტემბერში მიიტანეს, სავარაუდოდ, 500 მმ დიამეტრის მქონე მილები - 10 სმ-ით უფრო განიერები, ვიდრე იქამდე არსებული, 400 მმ დიამეტრის ძველი მილები.

ახალი სისტემის მოლოდინში

სახელმწიფო 2020 წლიდან გეგმავს საგურამოში ახალი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გაყვანას.

სისტემის საპროექტო სამუშაოები 2020-23 წლებში გაგრძელდა. კონტრაქტორმა, „ამხანაგობა GMP-მ“ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს ჩააბარა პროექტი, რაშიც სახელმწიფომ 850 000 ლარი გადაიხადა.

„წარმოდგენილი ექსპერტიზის დადებითი დასკვნები და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ხელშეკრულების პირობებს“, - ეწერა მხარეთა მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტში.

დავალების თანახმად, საგურამოს წყალარინების პროექტი:

  • პირველ რიგში გათვლილია საგურამოსა და ახალსოფლის ქსელების მშენებლობაზე,
  • „მეორე რიგში კი არაშენდის, და პერსპექტივაში უნდა გაატაროს შანკევანის და წიწამურის მოსახლეობის ჩამდინარე წყლების საანგარიშო ხარჯები“.

რადიო თავისუფლება მცხეთის მუნიციპალიტეტისგან იმის შესახებაც ელის პასუხს, პროექტის ჩაბარების შემდეგ, თუ გამოცხადდა ტენდერი სამშენებლო სამუშოებზე, თუ არა, როდის იგეგმება გამოცხადება და როდისთვის შეიძლება დაიწყოს და დასრულდეს შესაბამისი სამუშაოები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG