Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უდანაშაულო დამნაშავეები: ბელარუსის მიმართ სანქციები პრობლემებს უქმნის უცხოეთში მცხოვრებ ბელორუსებს

ის ბელორუსები, რომელთა სახელები ემთხვევა სანქციების სიაში მოხვედრილებისას, ზოგჯერ უცხოეთში ყოფნისას უსიამოვნო ვითარებაში აღმოჩნდებიან ხოლმე. პრობლემები შეიძლება წარმოიშვას მოგზაურობის ან ფინანსური ტრანზაქციების დროს.

არსებობს პერსონალური სანქციების რამდენიმე სია, რომლებშიც ბელარუსის მოქალაქეები არიან შეყვანილი. სანქციებს აწესებენ სახელმწიფო მოხელეების, სამხედროების, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების, პროპაგანდისტებისა და სახელმწიფოსთან დაკავშირებული ბიზნესმენების წინააღმდეგ. ასეთ სიებში შეყვანილ ადამიანებს, როგორც წესი, ეკრძალებათ იმ ქვეყნების ან ბლოკების ტერიტორიაზე შესვლა, რომლებიც აწესებენ სანქციებს, ეკრძალებათ ფინანსური ოპერაციები ასეთ ქვეყნებთან და იქ მათი აქტივები იყინება. ბელარუსიდან ასეულობით ადამიანია შეყვანილი ასეთ სიებში. მაგალითად, ევროპის კავშირის 2026 წლის სანქციები ბელარუსის 312 მოქალაქეზე ვრცელდება. ბელარუსის მოქალაქეთათვის ცალკეული სანქციების სიები აქვთ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, შვეიცარიასა და უკრაინას.

მაგრამ ბელარუსის პოლიტიკური რეჟიმის წევრთა მიმართ დაწესებული სანქციები ზოგჯერ სრულიად სხვა ადამიანებზე ვრცელდება ხოლმე.


რეისის გაუქმება

ისტორიკოსი ალიაქსანდრ პაშკევიჩი რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს მოუყვა, რომ პირველად 2022 წელს წააწყდა პრობლემებს. მაშინ არ ესმოდა მიზეზი. პირველი ინციდენტი მოხდა 2022 წლის სექტემბერში. მაშინ ის ვილნიუსში ცხოვრობდა და ვარშავის აეროპორტიდან აპირებდა ევროპის კავშირის ფარგლებს გარეთ გაფრენას.

ალიაქსანდრ პაშკევიჩი
ალიაქსანდრ პაშკევიჩი

პაშკევიჩის სიტყვებით, საპასპორტო კონტროლზე მისი შემოწმება გაჭიანურდა: მესაზღვრე დიდხანს ათვალიერებდა მის პასპორტს, ადარებდა ინფორმაციას კომპიუტერში და შემდეგ კოლეგას დაუძახა. ბოლოს პაშკევიჩი საპასპორტო კონტროლის დახლიდან განზე გაიყვანეს, რათა ცალკე გაერკვიათ მისი საქმე. მასთან კიდევ რამდენიმე მესაზღვრე მივიდა, ჰკითხეს, უკანასკნელად როდის იმყოფებოდა პოლონეთში, დაურღვევია თუ არა კანონი. პაშკევიჩმა უპასუხა, რომ კანონი არ დაურღვევია და რომ უკანასკნელად რამდენიმე წლის წინათ იყო პოლონეთში.

„არ შემშინებია. მაგრამ უსიამოვნო სიტუაციაა, როცა გაჩერებენ, თვითმფრინავზე გაგვიანდება, როცა ამის გამო გეგმები გეშლება. მაგრამ არ შემშინებია, რომ დეპორტაციას გამიკეთებდნენ, ვინაიდან თავი არაფერში არ მიმაჩნდა დამნაშავედ. ვფიქრობდი, რომ ეს გაუგებრობა იყო, რომ ყველაფერი მოგვარდება, რომ პოლონეთი არის სახელმწიფო, რომელსაც კანონი მართავს,“ ამბობს თანამოსაუბრე.

აღმოჩნდა, რომ თავად მესაზღვრეებმაც არ იცოდნენ, რა იყო პრობლემა: სისტემა დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე აჩვენებდა, რომ პაშკევიჩის სახელი პოლონეთში არასასურველია, აღნიშნავს ის. 10-15 ფურცელი მისცეს შესავსებად. შემდეგ უბრძანეს, სამი დღის განმავლობაში დაეტოვებინა პოლონეთის ტერიტორია და გაუშვეს.

პაშკევიჩმა თავის რეისზე დააგვიანა. მაგრამ, როგორც იხსენებს, აეროპორტში შემდეგი რეისი შესთავაზეს იმავე მიმართულებით. ამასთან, თანამშრომლებმა თქვეს, რომ მსგავსი პრობლემები შეიძლება პოლონეთში მისი დაბრუნების შემდეგაც გაჩენილიყო. მაშინ ბელარუსის მოქალაქემ არჩია, არ გაერისკა და გაფრენაზე უარი თქვა.

„ეს მოგზაურობა არ იყო აუცილებელი, შემეძლო მასზე უარი მეთქვა და ამიტომ ლიეტუვაში დავბრუნდი,“ ამბობს პაშკევიჩი.


სეხნია სამხედრო

ამ ინციდენტის შემდეგ ალიაქსანდრ პაშკევიჩმა იურისტების დახმარებით დაიწყო იმის რკვევა, რატომ აღმოჩნდა ასეთ ვითარებაში. მისი თქმით, პოლონეთის უწყებებთან მიმოწერა ერთობ ხანგრძლივი იყო და საკმაოდ გაჭიანურდა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შეიტყო, რომ აეროპორტში პრობლემების მიზეზი იყო მისი სეხნია ალიაქსანდრ პაშკევიჩი, რომელსაც ევროკავშირის სანქციები აქვს დაწესებული. ის ლუნინეცის სამხედრო აეროდრომის შტაბის უფროსი იყო და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში მონაწილეობდა.

ბოლოს და ბოლოს ისტორიკოს ალიაქსანდრ პაშკევიჩს ვარშავაში მისცეს უცხოელთა საქმის სამმართველოს განკარგულება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის „არ ფიგურირებს იმ უცხოელთა სიაში, რომელთა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველია, და [არ ფიგურირებს] შენგენის საინფორმაციო სისტემის პოლონეთის სიაში შენგენის ზონის სახელმწიფოთა ტერიტორიაზე შესვლაში უარის თქმის მიზნით“. დოკუმენტში ასევე მითითებულია პაშკევიჩის დაბადების თარიღი, მისი მშობლების ვინაობა და მისი დაბადების ადგილი.

ახლა ალიაქსანდრს ეს დოკუმენტი თან დააქვს და საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ხოლმე. ეს მას პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. პაშკევიჩი ამბობს, რომ მსგავსი სიტუაციები ჯერაც ჩნდება საპასპორტო კონტროლის გავლისასა. მისი სიტყვებით, ასეთი შეფერხებები მხოლოდ პოლონეთში ხდება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურა დაახლოებით 15 წუთით უფრო მეტ ხანს გრძელდება ხოლმე მაგრამ, მაგალითად, ლატვიაში ან ევროპის კავშირის საზღვრებს გარეთ მას ტერიტორიაზე შესვლისას არავითარი პრობლემა არ ჰქონია.

„პოლონეთში რეგულარულად ხდება შეცდომა. რეგულარულად მიმითითებენ, პოლონეთ-ლიეტუვის საზღვრის გადაკვეთისასაც კი, შეცდომა ხდება, როცა საკუთარ აპარატებში საპასპორტო მონაცემებს ამოწმებენ,“ ამბობს ის.

მეორე პრობლემა, რომელსაც აწყდებიან ბელორუსები, არის საბანკო გადარიცხვები. ალიაქსანდრი ამბობს, რომ პოლონეთში ან გერმანიაში მცირე თანხის, 50 ევროს ოდენობის, გადარიცხვასაც კი უბლოკავდნენ ხოლმე. პრობლემა მოგვარდა მას შემდეგ, რაც დაუკავშირდა ბანკს, რომელსაც საკუთარი მამის სახელი და დაბადების თარიღი მიუთითა იმის დასადასტურებლად, რომ არ იმყოფება სანქციების სიაში.

„ამაში არაფერი განსაკუთრებით საშიში არ არის, ყველაფერი ყოველთვის კეთილად სრულდება, უბრალოდ დრო არის საჭირო. ასე რომ, თუკი სწრაფად არის საჭირო ფულის გადარიცხვა ჩემი მონაწილეობით, დიდი ალბათობით, არაფერი არ გამოვა,“ აჯამებს ალიაქსანდრი.


იშვიათი დამთხვევები

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, იურიდიული ფირმა Legal Status-ის ხელმძღვანელის, ალეს მიხალევიჩის თქმით, ასეთი დამთხვევები ხშირი არ არის. ის თავად იყო დაკავებული რამდენიმე მსგავსი შემთხვევით.

„პირველ რიგში ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ სანქციების სიებში შემავალი ადამიანების სახელების უმრავლესობა შეიცავს არაზუსტ ტრანსლიტერაციას და, როგორც წესი, დაბადების თარიღი არ არის მითითებული. საუბედუროდ, ასეთი დამთხვევები შესაძლებელია,“ ამბობს მიხალევიჩი.

ალეს მიხალევიჩი
ალეს მიხალევიჩი

ადვოკატის თქმით, ჩვეულებრივ პრობლემები დაკავშირებულია იმასთან, რომ მესაზღვრეები უარს ამბობენ შენგენის ზონაში შეშვებაზე, ასევე საბანკო ანგარიშების გახსნასთან და სამეწარმეო საქმიანობის წარმოებასთან. მიხალევიჩი იხსენებს, რომ ერთ-ერთი მისი კლიენტი პოლონეთის დატოვების მცდელობისას დააკავეს, განიხილებოდა მისი დეპორტაციის საკითხი, მაგრამ საბოლოოდ ის გაუშვეს.

„ეს არის ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, ვინაიდან ამ ადამიანების დაპატიმრების ორდერი არ არსებობს. შესაბამისად, არ იქნება არც ფორმალური დაკავება ექსტრადიციის ან სასამართლოს მიზნით, ვინაიდან სანქციები სისხლის სამართლის სასჯელი კი არ არის, არამედ ადმინისტრაციული ზომებია, რომლებიც ქცევის გამოსწორებას ისახავს მიზნად. სანქციებს ადმინისტრაციული სამართალი არეგულირებს,“ ხსნის მიხალევიჩი.


რა არის საშველი

ალიაქსანდრ პაშკევიჩმა რადიო თავისუფლებას გაუზიარა რჩევა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს, მისი აზრით, ადამიანმა, თუკი მსგავს ვითარებაში აღმოჩნდება.

ჯერ ერთი, პანიკაში ნუ ჩავარდებით: „არავის ეჩხუბოთ. მოიქეცით მშვიდად, გესმოდეთ, რომ ამაში არაფერი საშინელი არ არის. ესაა უსიამოვნება, რომლის თავიდან აცილება რთულია,“ ამბობს ის.

მეორე - საქმეს ბედის ანაბარა კი ნუ მიუშვებთ, არამედ გადაჭერით ის, თორემ ინციდენტები გამეორდება. საკითხის მოსაგვარებლად დახმარებისთვის მიმართეთ იურისტებს, მიიღეთ შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის უდანაშაულობას ადასტურებს. დარწმუნდით, რომ უფრო დეტალური ინფორმაციაა შეტანილი მონაცემთა ბაზებში, მაგალითად, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში, რაც გამოაჩენს, რით განსხვავდება, მაგალითად, ორი ალიაქსანდრ პაშკევიჩი.

მესამე - დაგეგმეთ დამატებითი დრო ისეთი პროცედურებისთვის, როგორიცაა საპასპორტო კონტროლის გავლა ან საბანკო გადარიცხვები.

მეოთხე - „იმოქმედეთ წინსწრებით“.

„თუ პრობლემას აღმოაჩენთ, სასწრაფოდ განაცხადეთ, რაშია საქმე. თუკი მოგეპოვებათ დოკუმენტი, სასწრაფოდ დაურთეთ ის გზავნილებს ისე, რომ არ დაელოდოთ, როდის გკითხავენ მის შესახებ. საფინანსო ოპერაციების ჩატარებისას კონტრაჰენტი გააფრთხილეთ შესაძლო შეკითხვების გაჩენის შესახებ, რათა არ ეშინოდეს, რომ რაიმე დანაშაულთან გაქვთ კავშირი. წინასწარ მიაწოდეთ მას დამატებითი ინფორმაცია,“ გვირჩევს ალიაქსანდრი.

ადვოკატ ალეს მიხალევიჩის რჩევაა, მივმართოთ ადვოკატებს, მაგალითად, მის იურიდიულ ფირმას, ასევე პოლიტიკურ სტრუქტურებს: სვიატლანა ციხანოუსკაიას ოფისის იურიდიულ სამსახურს ან ეროვნულ ანტიკრიზისულ სამმართველოს.

„ვფიქრობ, ასეთ შემთხვევებში შეიძლება ინფორმაციის გასწორება, დაბადების უფრო ზუსტი თარიღის გარკვევა, ბელარუსულ პასპორტში იმ პირის სახელისა და გვარის ლათინური ასოებით უფრო ზუსტად დაწერა, რომელიც სანქციების სიაშია მოხვედრილი ან შეყვანილია იმ პირთა სიაში, რომლებსაც ეკრძალებათ ოპერაციები,“ ამბობს ადვოკატი.

XS
SM
MD
LG