Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აურზაური ბუდაპეშტში - ყოფილი მინისტრის ყოფილი მეუღლე უნგრეთის მთავრობის ელიტურ კორუფციაზე საუბრობს


პეტერ მადიარი ბუდაპეშტის პროკურატურის წინ. 26 მარტი, 2024 წელი
პეტერ მადიარი ბუდაპეშტის პროკურატურის წინ. 26 მარტი, 2024 წელი

უნგრეთის ხელისუფლებას ქვეყნის იუსტიციის ყოფილი მინისტრის ყოფილი მეუღლე, პეტერ მადიარი, "კლანურ-ოლიგარქიულ" მმართველობაში ადანაშაულებს.

მადიარმა, რომელიც წლების განმავლობაში თავადაც იყო ვიქტორ ორბანის ახლო პოლიტიკური გარემოცვის წევრი, უნგრეთის პროკურატურას გადასცა ორწუთიანი საუბრის ჩანაწერი ყოფილ ცოლთან, იუდით ვარგასთან, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხელს აფარებენ ელიტურ კორუფციას.

პეტერ მადიარმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყოფილ ცოლთან საუბარი ჩაწერა 2023 წლის იანვარში, როდესაც ვარგას გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას ურჩევდა.

ჩანაწერში, იუდით ვარგა, ახსენებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანცელარიის უფროსს, ანტალ როგანს, რომელსაც, ჩანაწერის მიხედვით, ხელი მიუწვდებოდა იმ დროისთვის უკვე გახმაურებული ე.წ. ვიოლნერ-შადლის კორუფციული საქმის გარშემო არსებულ გამოძიების მასალებზე და პროკურორებს ურჩევდა, თუ რა მტკიცებულებები ამოეღოთ საქმიდან და რა დაეტოვებინათ.

ვარგამ ჩანაწერის ნამდვილობა აღიარა, თუმცა განმარტა, რომ საუბრის დროს დაშინებული იყო.

უნგრეთის იუსტიციის მინისტრი იუდით ვარგა თანამდებობიდან 2023 წლის 31 ივლისს გადადგა და უნგრეთის მმართველი პარტია "ფიდესის" ევროპარლამენტის საარჩევნო სიას ჩაუდგა სათავეში. 2024 წლის თებერვალში მას სიის პირველ ნომრობაზეც უარის თქმა მოუწია.

დიორდ შადლი, უნგრეთის აღმასრულებელი სასამართლო კოლეგიის (MBVK) ყოფილი თავმჯდომარე, 2021 წლის ნოემბერში დააკავეს იმ დროს, როდესაც, პოლიციის ცნობით, მეუღლესთან ერთად დუბაიში წასვლას და დიდი ოდენობით - დაახლოებით 6 მილიონი ევროს, გატანას ცდილობდა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, დიორდ შადლი, 2018 წელს უნგრეთის აღმასრულებელი სასამართლო კოლეგიის (MBVK) თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს კორუფციულ გარიგებაში შევიდა იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, პალ ვიოლნერთან, რომელსაც 2018-2021 წლამდე ქრთამად - 83 მილიონამდე ფორინტი (დაახლოებით 228 ათასი აშშ დოლარი - რედ.) მისცა. ბრალდებულებმა დანაშაული არ აღიარეს
როგორც რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური წერს, დიორდ შადლი ორწლიანი საპატიმრო სასჯელის შემდეგ, ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება, ხოლო პალ ვიოლნერმა მოახერხა მსგავსი სანქციის თავიდან აცილება.

ვიოლნერ-შადლის კორუფციულ სქემასთან უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის უფროსის, ანტალ როგანის სახელის დაკავშირება არავის გაჰკვირვებია: როგანი უშუალოდ კურირებს უსაფრთხოების სფეროს.

ყოფილ ქმართან საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, იუდით ვარგამ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა. მან დაწერა, რომ ყველაფერი შიშის გამო თქვა.

„მან [პეტერ მაგიარმა] პრესაში გაჩენილი ჭორები წაიკითხა და ვინაიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მატერორებდა, ვუთხარი ის, რისი მოსმენაც სურდა, რათა სწრაფად დამეღწია თავი. მსგავს ვითარებაში, როდესაც დაშინებულია, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება თქვას ის, რასაც არ გულისხმობდა“, - განმარტა იუდით ვარგამ.

უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, იუდით ვარგა. 2021 წლის მაისი, ბრიუსელი.
უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, იუდით ვარგა. 2021 წლის მაისი, ბრიუსელი.

ვარგამ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ამაყობს ვიქტორ ორბანის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტი რომ ეკავა. "მიუხედავად ყველა კონფლიქტისა და თავდასხმისა, მიმაჩნია, რომ ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს შესაძლებლობა, ვემსახურო ჩემს ქვეყანას ბევრ, ბევრ კეთილ საქმეში", - დაწერა მან.

"აურზაური არაფრის გამო" თუ კარგად შენიღბული კორუფცია?

პარტია "ფიდესის" გავლენიანი წევრის, იუდით ვარგას და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, კატალინ ნოვაკის პოლიტიკური კარიერა თითქმის ერთდროულად, ერთი და იმავე სკანდალის გამო დასრულდა.

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი პოსტიდან გადადგა საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, რაც მოჰყვა მისი მხრიდან ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულის თანამზრახველად ყოფნის გამო მსჯავრდებული კაცის შეწყალებას
უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი პოსტიდან გადადგა საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, რაც მოჰყვა მისი მხრიდან ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულის თანამზრახველად ყოფნის გამო მსჯავრდებული კაცის შეწყალებას

2024 წლის დასაწყისში უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი პოსტიდან გადადგა მას შემდეგ, რაც საზოგადოების გულისწყრომა მოჰყვა მის მიერ ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულის თანამზრახველად ყოფნის გამო მსჯავრდებული კაცის შეწყალებას.

46 წლის ნოვაკი უნგრეთის პარლამენტმა 2022 წელს აირჩია პრეზიდენტად.

მანამდე ნოვაკი ოჯახების მინისტრი იყო. მან გასული წლის აპრილში შეიწყალა ენდრე კ., რომელსაც 2018 წელს სამ წელიწადზე მეტი ხნით მიუსაჯეს პატიმრობა, რადგან უდედმამო ბავშვთა სახელმწიფო სახლში დირექტორის მსხვერპლთ აიძულებდა უკან წაეღოთ თავიანთი ჩვენებები. ენდრე ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილე იყო. თავად დირექტორს რვა წლით მიუსაჯეს პატიმრობა, სულ მცირე, 10 ბავშვზე ძალადობის გამო 2004-დან 2016 წლებში.

" ამ შეწყალებმ ბევრ ადამიანში გამოიწვია დაბნეულობა და მღელვარება. შეცდომა დავუშვი", - განაცხადა ტელევიზიით გამოსვლის დროს უნგრეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა.

ამავე სკანდალის გამო 2024 წლის 10 თებერვალს სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა იუდით ვარგამაც, რომელმაც აღიარა, რომ ჩართული იყო პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების მომზადებაში, რაც მას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ავალდებულებს. ამ დროისთვის იუდით ვარგას მიმართ არც მმართველ პარტია "ფიდესსა" და არც პარტიის ლიდერს, ვიქტორ ორბანს არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ.

ახლაც, როცა იუდით ვარგასა და მისი ყოფილი მეუღლის პეტერ მადიარის სატელეფონო საუბრის შინაარსი გამოქვეყნდა, უნგრეთის ხელისუფლების მთელი რისხვა სწორედ ამ ჩანაწერის გამავრცელებელს დაატყდა თავს.

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეშ გულიაშიმ პეტერ მადიარის განცხადებას „სრული უაზრობა" და "არაფრის გამო აურზაური" უწოდა.

"პეტერ მადიარი იგივე პეტერ მარკი-ზაია (ოპოზიციური პარტიის „გაერთიანება უნგრეთისთვის" ლიდერი - რედ.), იმ განსხვავებით, რომ მარკი-ზაი თავის ცოლს არ ატერორებდა", - მოჰყავს გერგეშ გულიაშის სიტყვები რადიო თავისუფლების უნგრულ სამსახურს.

მთავრობის კულუარებში კი აცხადებენ, რომ იუდით ვარგას ყოფილი ქმარი თავის დროზე მთავრობიდან გაუშვეს „ოპორტუნიზმის“ გამო, დაკარგა პოზიციები რამდენიმე სახელმწიფო კომპანიაში და ახლა სკანდალით ცდილობს პოლიტიკური კარიერის გაკეთებას.

პეტერ მადიარი ასეთ ბრალდებებს ყურადღებას არ აქცევს და აცხადებს, რომ ბოლომდე აპირებს დაწყებული ბრძოლის მიყვანას.

იგი 15 მარტს, ბუდაპეშტში გამართულ დიდ ანტისამთავრობო მიტინგზეც გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში გამეფებულია ძლიერი კორუფცია, ქვეყანას მართავს ოლიგარქების ნეპოტისტური კლანი, რომლის დამარცხება მხოლოდ ახალი, დაქსაქსული ოპოზიციის ალტერნატიული ძალის შექმნით არის შესაძლებელი.

  • მმართველი პარტია "ფიდესის" ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. ის არ იზიარებს ევროკავშირის პოზიციებს უკრაინის მხარდაჭერასა და რუსული გაზის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.
  • მაშინ, როცა დასავლეთის ძირითადი ქვეყნები ღიად უჭერენ მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და მოსკოვზე ზეწოლას აძლიერებენ, ორბანი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს და ხშირად იმეორებს, რომ ეს სანქციები არ მუშაობს.
  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც ისევ პრეზიდენტობა სურს, უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად „მკაფიო ხედვა“ აქვს. 2024 წლის მარტის დასაწყისში ორბანი იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც 8 მარტს ტრამპმა ფლორიდაში, თავის რეზიდენციაში უმასპინძლა.
  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG