Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონის დეოკუპაცია: უკრაინის დიდი წარმატება, რომელიც ჯერჯერობით ბოლოა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში

9 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების იმდროინდელმა სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, უკრაინის არმიის თითქმის ორთვიანი მძლავრი შეტევების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს „არამარტივი გადაწყვეტილების“ მიღება - ქალაქ ხერსონის ჩაბარება და იქ მყოფი დაჯგუფების მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაყვანა შესთავაზა.

იმ თათბირზე ხერსონის ბედი გადაწყდა.

11 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში შევიდნენ. გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში 14 ნოემბერს ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ჟურნალისტების კითხვაზე, თუ საით წავიდოდა ამის შემდეგ უკრაინული არმია, ასე უპასუხა, რომ "არა მოსკოვზე... ჩვენ სხვა ქვეყნების ტერიტორიები არ გვაინტერესებსო".

განვლილმა წელიწადმა აჩვენა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე რუსი ოკუპანტების განდევნა ხერსონის ოლქიდან, რუსეთთან ომში უკრაინის არმიის ჯერჯერობით ბოლო და ყველაზე არსებით წარმატებად რჩება.

როგორ იბრუნებდა უკრაინული ჯარი ხერსონს?

რუსეთის არმიამ უკრაინის სამხრეთში მდებარე მნიშვნელოვან საპორტო ქალაქ ხერსონზე უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებიდან ორ კვირაში, 2022 წლის 3 მარტს დაამყარა კონტროლი.

უკრაინის არმიის სარდლობას რამდენიმე თვე დასჭირდა იმისათვის, რომ წამოეწყო კონტრშეტევა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის გასათავისუფლებლად, რაც კიევს გზას უხსნიდა 2014 წელს ანექსირებული ყირიმისკენ.

2022 წლის აპრილში უკრაინული და დასავლური მედია იუწყებოდა კიევის სამხედრო სამზადისზე, რომლის თანახმადაც, უკრაინის ჯარი შეეცდებოდა, ხერსონთან ალყაში, ე.წ. ტომარაში მოექცია იქ დისლოცირებული რუსეთის არმიის დაჯგუფება. ეს ინფორმაცია მაშინ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ნაწილობრივ დაადასტურა ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ქურასბედიანმა, რომელიც უკრაინის არმიის რიგებში მაშინაც და ახლაც სწორედ სამხრეთ მიმართულებაზე ასრულებს საბრძოლო დავალებებს.

„დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონში, სადაც ისინი იმყოფებიან, რუსები თავდაცვაზე გადადიან. ჩვენები ოპერაციებს ახორციელებენ საკმაოდ ფრთხილად, რომ ნაკლები მსხვერპლი იყოს. საკმაოდ რთული რელიეფია ნებისმიერი მხარისთვის, რადგან მაგ მიდამოებში ძალიან ბევრი წყლოვანი წინაღობებია, ბევრი არხებია და ასე შემდეგ. ეს ასე სწრაფად არ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ [რუსეთის ჯარი] თავდაცვაზეა გადასული და გეგმებიც აქვთ, როგორც თავდაცვის, ისე ხერსონისა და მელიტოპოლის დატოვებისათვის“, - აღნიშნავდა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირაკლი ქურასბედიანი.

ირაკლი ქურასბედიანი და კობა ლიკლიკაძე
ირაკლი ქურასბედიანი და კობა ლიკლიკაძე

2022 წლის ივლისის პირველ დეკადაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არმიის სარდლობას ქვეყნის სამხრეთ რეგიონების გათავისუფლების გეგმის შემუშავება დაავალა.

უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთ მოუწოდა, ეს რეგიონები ნებისმიერი გზით და საშუალებით დაეტოვებინათ, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას დაიწყებენ და დიდი ბრძოლებია მოსალოდნელიო.

2022 წლის 29 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამხრეთით სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს შეტევა.

იმავე საღამოს თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სამხრეთში დისლოცირებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარს იარაღის დაყრისა და სახლში წასვლისკენ მოუწოდა.

"წადით შინ!" მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის არმიას. თუ გეშინიათ შინ დაბრუნებისა, კარგი, ასეთი ოკუპანტები დაგვნებდნენ და მათ ჩვენ მივცემთ გარანტიებს ჟენევის კონვენციის შესაბამისად. ვინც არ მომისმენს, თქვა ზელენსკიმ, მას საქმე ექნება ჩვენს დამცველებთან, რომლებიც არ გაჩერდებიან, სანამ არ გაათავისუფლებენ ყველაფერს, რაც უკრაინას ეკუთვნის.

სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სამხრეთის დაჯგუფების ძალებმა კონტროლი დაიბრუნეს ხერსონის ოლქის დაბა ვისოკოპოლიეზე. 3 სექტემბრის საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ წარწერით: "ვისოკოპოლიე. ხერსონის ოლქი. უკრაინა. დღეს". ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანდა, როგორ აღმართავენ უკრაინელი სამხედროები სახელმწიფო დროშას ერთ-ერთი შენობის სახურავზე.

რუსეთი უკრაინის მიერ წამოწყებული კონტრშეტევისა და დასახლებული პუნქტების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებდა და ემზადებოდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ხერსონის ოლქში, რუსეთთან შეერთების თაობაზე ჩაფიქრებული რეფერენდუმების ჩატარებისთვის.

2022 წლის სექტემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. ხელმძღვანელებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

ამ ხელშეკრულებას მელანიც კი არ ჰქონდა შემშრალი, როდესაც უკრაინის არმიამ სწრაფი კონტრშეტევებით 12 ოქტომბერს ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

უკვე ოქტომბრის ბოლოს უკრაინისა და მის დასავლელი მოკავშირეებისათვის აშკარა გახდა, რომ რუსეთი ვერ შეძლებდა ქალაქ ხერსონის და მდინარე ხერსონის მარჯვენა ნაპირზე შექმნილი პლაცდარმის შენარჩუნებას.

ამის შესახებ ვაშინგტონში 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში სრულიად მკაფიოდ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ“, - განაცხადა ოსტინმა ერთი წლის წინ, 3 ნოემბერს პენტაგონში, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნების შესაძლებლობაზე სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტმა ჰკითხა.

ოსტინმა უპასუხა, უკრაინელები მეთოდურად და ეფექტიანად მიმართავენ ძალისხმევას საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად და გააგრძელებენ ზეწოლას, სანამ ამას არ მიაღწევენ დნეპრის დასავლეთ ნაპირზეცო.

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ ხერსონის დატოვებისა და თავდაცვის ხაზის მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე ორგანიზების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ძალების სარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის მოხსენება, რომლის თანახმად, ქალაქ ხერსონის შემდგომი შენარჩუნება რუსეთის არმიას და ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას კატასტროფით ემუქრებოდა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან კახოვკის კაშხლის მძლავრი სარაკეტო დაბომბვის შემთხვევაში და თუ კიევის რეჟიმი გაზრდიდა წყალსაცავიდან წყლის გაშვებას, ამას შეეძლო გამოეწვია წყლის მძლავრი ნაკადით ფართო ტერიტორიის დატბორვა. ეს დამატებით საფრთხეს შეუქმნიდა ხერსონის მოსახლეობას და გამოიწვევდა ჩვენი ჯარების დაჯგუფების სრულ იზოლაციას დნეპრის მარჯვენა ნაპირზე. ამ ვითარებაში ყველაზე უფრო მიზანშეწონილ ვარიანტს წარმოადგენს თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე“, - უპატაკა გენერალმა სუროვიკინმა რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელს, რომელმაც რუს სარდალს ხერსონის სასწრაფოდ დატოვება უბრძანა.


ორ დღეში ხერსონიდან ევაკუირებულ იქნა რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი მოსახლეობა, სახელმწიფო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობებიდან ჩამოხსნეს სახელმწიფო დროშები და რუსეთში გაიტანეს საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მოღვაწეთა ძეგლები, მათ შორის თავად გრიგორი პოტიომკინ-თავრიდელის ნეშტიც კი.

14 ნოემბერს უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონის მარჯვენა ნაპირზე მოულოდნელად ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა მზად არის მშვიდობისათვის, თუ ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დამყარდება. მანამდე კი უკრაინის არმია გააგრძელებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.

"ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. ამიტომ, მე არ ვიცი, თუ რომელი [ქალაქი] იქნება შემდეგი, მაგრამ - იქნება“, - თქვა ხერსონში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა.
"ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. ამიტომ, მე არ ვიცი, თუ რომელი [ქალაქი] იქნება შემდეგი, მაგრამ - იქნება“, - თქვა ხერსონში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ისე უბრალოდ არავინ არაფერს მოგცემს. ამ ომის ფასი მაღალია. არიან დაჭრილები, ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამიტომ [რუსი სამხედროები] კი არ გავიდნენ, არამედ ჩვენ ვთვლით, რომ ისინი გაიქცნენ. ჩვენმა არმიამ მტერი ალყაში მოაქცია და ისინი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. იყო გააფთრებული ბრძოლები და სწორედ ამის შედეგად დღეს ჩვენ ხერსონის ოლქში ვართ“, - განაცხადა 14 ნოემბერს ხერსონში მოულოდნელად ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთმა ხერსონის დაკარგვას კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებით უპასუხა?

სამხედრო თვალსაზრისით, ხერსონიდან უკუსვლა უკრაინის არმიას გზას უხსნიდა დროებით ოკუპირებული ყირიმისკენ, რომლის დაბრუნებასაც, უკრაინის არმიის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილო ბუდანოვი წლევანდელ გაზაფხულზე ვარაუდობდა.


მაგრამ ექსპერტები იმთავითვე შიშობდნენ, რომ ხერსონის დატოვების შემდეგ, რუსეთს შეეძლო აეფეთქებინა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, რაზეც არაერთხელ გამოითქმებოდა ვარაუდი უკრაინისა და კოლექტიური დასავლეთის სადაზვერვო უწყებების მიერ.

მით უფრო, რომ რუსეთის არმიამ ხერსონიდან უკან დახევამდე ააფეთქა საქვაბეები და საოლქო ენერგოსისტემის ობიექტი, ასევე სატელევიზიო ცენტრი.

ივნისის დასაწყისში მსოფლიოს მოედო ცნობა ქალაქ კახოვკასთან მდებარე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების თაობაზე.

საილუსტრაციო ფოტო. კომპანია Maxar-ის მიერ კახოვკის ჰესისთვის გადაღებული სატელიტური ფოტო
საილუსტრაციო ფოტო. კომპანია Maxar-ის მიერ კახოვკის ჰესისთვის გადაღებული სატელიტური ფოტო

უკრაინამ მოხდარში რუსეთი დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კაშხლის აფეთქებას ევროპაში ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა უწოდა.

„სამწუხაროდ, უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთი აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე მთელ კახოვკის ჰესს. ფიზიკურად შეუძლებელია მისი როგორმე აფეთქება გარედან - დაბომბვით. იგი დანაღმული იყო. სწორედ რუსი ოკუპანტების მიერ დანაღმული და მათ მიერ აფეთქებული. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი. ეს არის ადამიანის მიერ გამოწვეული ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მანამდე კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას უწოდა უკრაინის მიერ განხორციელებული დივერსიის შედეგი. პრორუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კაშხალი რამდენიმეთვიანი დაბომბვის გამო დაინგრა.

უკრაინის სამხედრო სარდლობა იმთავითვე დარწმუნებული იყო, რომ რუსეთმა კახოვკის ჰესი უკრაინის ჯარების წინსვლის აღსაკვეთად ააფეთქა.


გენშტაბის მიერ 7 ივნისის დილით გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას ეხებოდა, ნათქვამი იყო, რომ „რუსმა ტერორისტებმა“ ომის კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს და კახოვკის ჰესის შიდა კონსტრუქციები ააფეთქეს, რათა არ დაეშვათ უკრაინის ჯარების წინსვლა. გენერალური შტაბის განცხადებით, ტერაქტის შედეგად, დატბორვის ზონაში აღმოჩნდა 80-მდე დასახლებული პუნქტი.

და მართლაც, კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ ამ მიმართულებით უკრაინის არმიის მიერ წამოწყებული იერიშების ტემპები შენელდა.

ამის შემდეგ, თითქმის მთელი წლის განმავლობაში რუსეთის არმია, რაკეტებისა და დრონების გამოყენებით, ინტენსიურად უშენს ცეცხლს უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ხერსონს.

9 ნოემბერსაც, ხერსონის გათვისუფლების წლისთავზე, რუსეთის არმიამ კვლავ დაბომბა ქალაქი, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები და დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ხოლო ზამთრის დადგომის წინ უკრაინაშიც და მის ფარგლებს გარეთ სულ უფრო აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ რუსეთთან ომი გადადის ახალ ეტაპზე - პოზიციურ ომზე სტატიკური და გამომფიტავი ბრძოლებით, რომელიც ხელს აძლევს რუსეთს და მისთვის ძალების აღდგენის საშუალებას წარმოადგენს.

  • ბრიტანულ გამოცემა The Economist-ში 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი, აცხადებს, რომ პოზიციური ომი ხანგრძლივი ომია, რომელიც უზარმაზარი რისკის წინაშე აყენებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და სახელმწიფოს და ამ ხაფანგის დაძლევას სჭირდება უკრაინის უპირატესობა საჰაერო სივრცეში, რადიოელექტრონული და კონტრბატარეის ბრძოლის საშუალებების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, ნაღმების ახალი ტექნოლოგიები, მეტი რეზერვისტის გაწვრთნა და არმიის თანამედროვე მართვა.
  • ვალერი ზალუჟნის თანახმად, ასეთ სიტუაციაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება გადამწყვეტი საბრძოლო საშუალებები და ტექნოლოგიები.
  • უკრაინელი გენერალი უპირველეს ამოცანად და პრიორიტეტად ასახელებს ავიაციას, რადგან ზალუჟნის განცხადებით, რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეში მნიშვნელოვან უპირატესობას ინარჩუნებს და ეს ართულებს უკრაინის ძალების წინსვლას.
  • კიდევ 4 პრიორიტეტია უკრაინის არმიის უზრუნველყოფა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, კონტრბატარეის ბრძოლა და მოწინააღმდეგის არტილერიის განადგურების პოტენციალის გაძლიერება, ნაღმების დაძლევისთვის საჭირო ტექნოლოგიები და რეზერვის გაზრდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG