Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდის "დაგვიანებული" ვიზიტი თბილისში


ზაზა გაჩეჩილაძე სამთავრობო კრიზისის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორჯერ გადატანილი ვიზიტი თბილისში ბოლოს და ბოლოს შედგა.

დევიდ ოუენი საქართველოში 11 დეკემბერს ჩამოვიდა და მას ათი დღის განმავლობაში ხელისუფლებასთან მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე და მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე მსჯელობის საკმაოდ დაძაბული პროცესი ელის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, პროგრამის დაფინანსების შესახებ მოლაპარაკების გაგრძელება სახელისუფლო კრიზისის და მთავრობის არარსებობის გამო, ბოლო დრომდე სათუო იყო. მაგრამ საბოლოოდ დევიდ ოუენის ვიზიტი მაინც შედგა.

ხელისუფლებას ფონდთან უკიდურესად დაძაბული მოლაპარაკებები ელის. თუ აქამდე კრედიტები ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან ერთგვარი ავანსის სახით გვეძლეოდა და ფონდი თვალს ხუჭავდა ხელისუფლების ერთგვარ "უპირობაზე", პერმანენტულად შეუსრულებელი პარამეტრების და რეკომენდაციების ჯიუტი გაუთვალისწინებლობის პირობებში ემისრების კეთილგანწყობა, შესაძლოა, ძნელი მოსაპოვებელი გახდეს.

ოუენის მისიამ ამჯერად ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობა უნდა შეაფასოს. ამ პროგრამის საერთო ღირებულება 141 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველომ უკვე მიიღო სამი ტრანში 34,5 მილიონი დოლარის საერთო ოდენობით. საკრედიტო სახსრები მთლიანად მოხმარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საკრედიტო რეზერვების შევსებას. ცენტრალურ ბანკთან ფონდს პრობლემები, როგორც წესი, არა აქვს და ფულად-საკრედიტო სფეროში ფონდის რეკომენდაციებიდან გადახრები ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ მომხდარა. სამაგიეროდ, სერიოზული სირთულეებია ფისკალური პოლიტიკის დარგში, რის გამოც 1998 წლის შემდეგ ყოველი ვიზიტი დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს.

ეს ფონი ამჯერადაც უკიდურესად გაუარესებულია: მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში არ შესრულებულა სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების არა მარტო საპროგნოზო მონაცემები, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ინდიკატორული მაჩვენებლებიც.

საპროგნოზო მაჩვენებლების შეუსრულებლობას საგადასახადო შემოსავლების მინისტრი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით ხსნის. ნოემბერში საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი 87,8 მილიონი ლარი იყო, რეალურად კი, ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემოსავლებმა 83 მილიონი ლარი, ანუ 94,5 პროცენტი შეადგინეს. ამრიგად, გარღვევა 4,8 მილიონი ლარია.

რაც შეეხება სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ ინდიკატორულ მაჩვენებლებს, დაგეგმილი 88,7 მილიონი ლარის ნაცვლად, რეალურად მიღებულ იქნა 82 მილიონი ლარი, გარღვევამ 6,7 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანობაში, როგორც შემოსავლების სამინისტროში აცხადებენ, ფონდთან შეთანხმებული წლის 11 თვის მაჩვენებლები შესრულებულია 99,3 პროცენტით. გასულ თვეში ბიუჯეტის შესრულებაში ხელისშემშლელ სუბიექტურ ფაქტორთა შორის მინისტრი ძნელაძე საგადასახადო და საბაჟო უწყებებში უხეირო ადმინისტრირებას ასახელებს. ამასვე აღნიშნავენ თავიანთ დოკუმენტში ფონდის მისიის წარმომადგენლები, რომლებიც ათდღიანი მოლაპარაკების შედეგებს ვაშინგტონში დირექტორთა საბჭოს გააცნობენ.
XS
SM
MD
LG