Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

.


წამყვანი დავით კაკაბაძე მეათე სტუდია (413 გამოშვება)

საქართველოში სუსტდება ნდობა პოლიტიკური პარტიებისადმი
თამარ ჩიქოვანი

საქართველოში პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობამ იკლო: ასეთი გახლავთ დეკემბრის დამდეგს, სახელმწიფო კანცელარიის სოციოლოგიური სამსახურის მიერ, თბილისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგი. 900 თბილისელის გამოკითხვამ კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა: იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ქვეყანაში დესტაბილიზაციის პოტენციურ გამომწვევად შიდა და გარე ძალების ალიანსს მიიჩნევს. ამავე გამოკითხვის შედეგით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ისევ სტაბილურობის საკითხი რჩება.

სახელმწიფო კანცელარიის სოციოლოგიური სამსახურის გამოკითხვის ზოგიერთ მასალას 13 დეკემბრის გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს. ამ სამსახურის უფროსის დოდო ყარაულაშვილის განმარტებით, ძირითადი შედეგი ასეთია: ბოლო კვირაში ჩატარებულმა რამდენიმე გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტენდენცია, რომ მცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ამჟამად არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ, როგორც არასტაბილურსა და ფეთქებადს, თუმცა რესპონდენტთა საგრძნობი ნაწილის აზრით, კვლავინდებურად მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სტაბილურობის შენარჩუნება.

ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებიდან ასახელებენ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას, მდგომარეობას პანკისის ხეობაში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების განახლების საფრთხეს, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

ამავე გამოკითხვის თანახმად, საზოგადოებამ შედარებით უმტკივნეულოდ აღიქვა მინისტრთა ახალი შემადგენლობის დამტკიცება. ამავე დროს, გამოკითხულთა შორის თითქმის ყოველი მეხუთე – 22 პროცენტი – არც ერთ დამტკიცებულ მინისტრს არ უჭერს მხარს. ამასთან, ყველაზე მაღალი სარეიტინგო მაჩვენებელი – 51 პროცენტი – საზოგადოებისგან საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა მიიღო. სამაგიეროდ, გამოკითხულთა 60-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ უჭერს მხარს. 6,6 პროცენტს უჭირს თავისი არჩევანის გამოხატვა. დანარჩენებმა სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაცია დაასახელეს. მათ შორის, შვიდპროცენტიან ზღვარს მხოლოდ 3-4 პარტია მიუახლოვდა. შეგახსენებთ, ასეთია იმ გამოკითხვის შედეგი, რომელიც სახელმწიფო კანცელარიის სოციოლოგიურმა სამსახურმა დეკემბრის დასაწყისში ჩაატარა.

არადა, პარტიებისადმი ნდობის შესუსტების ფონზე, საინტერესოდ გამოიყურება ის გარემოება, რომ დეკემბრის თვე არნახულად ინტენსიური იქნება პარტიული ყრილობების ჩატარების თვალსაზრისით. როგორც ცნობილია, 22 დეკემბერს ბოლოს და ბოლოს გაირკვევა, ვინ არის და ვინ არ არის ყოფილი მმართველი პარტიის მემკვიდრე. უკვე გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ატმოსფერო მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე საკმაოდ დაძაბული იქნება. მაგალითად, პარტიის გენერალური მდივნის ედვარდ სურმანიძის განცხადებით: [ედვარდ სურმანიძის ხმა] “ჩვენ ფრაქციულ მიდგომებს პარტიაში ვერ დავუშვებთ. გამორიცხულია. პარტია ამ ყრილობიდან უნდა გამოვიდეს, როგორც ერთიანი, შეკრული და კოორდინირებული პოლიტიკური ორგანიზმი. სხვა შემთხვევაში, ალბათ, ზოგიერთებს მოუწევთ, გადახედონ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს და თავისი თავი აღმოაჩინონ იქ, სადაც სურთ, რომ აღმოაჩინონ”.

კიდეც ერთი მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანების, “ერთობის” ყრილობა 27 დეკემბერს გაიმართება. ამ ორგანიზაციის ლიდერის ჯუმბერ პატიაშვილის განცხადებით, ყრილობაზე იმსჯელებენ პარტიის სამომავლო სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. მისივე ინფორმაციით, “ერთობაში”, რომელიც წელს სექტემბერში დაფუძნდა, უკვე 30 ათასზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა. საქართველოს ყველა რაიონში დაფუძნდა რეგიონული ორგანიზაციები. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჯუმბერ პატიაშვილთან ერთად ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი ალექსანდრე ჭაჭიაა, ძნელი წარმოსადგენი ნამდვილად არ იქნება, კრიტიკის როგორ ქარცეცხლში აღმოჩნდება არსებული ხელისუფლება დასავლური ორიენტაცი გამო.

სხვათა შორის, კიდევ ერთი პარტიის ლიდერს, შესაძლოა, უსიამოვნება შეხვდეს ჯუმბერ პატიაშვილთან ახლო თანამშრომლობის გამო. სახალხო პარტიიდან გამოსული ხმებით, პარტიის რიგითი წევრები უკმაყოფილონი არიან პარტიის ლიდერის მამუკა გიორგაძის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებისას ჯუმბერ პატიაშვილის მხარდაჭერის ფაქტით. კარგად ინფორმირებული პირები არ გამორიცხავენ, რომ თებერვალში დაგეგმილ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისას, მამუკა გიორგაძემ აღარ მიიღოს თანაპარტიელების მხარდაჭერა. სხვები კი ვარაუდობენ, რომ 6 წლის წინათ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისგან გამოყოფილი სახალხოელები ისევ დაუბრუნდებიან მშობლიურ პარტიას, თუმცა, ეჭვობენ, რომ ამით ეროვნულ-დემოკრატების წარსული დიდება აღდგება. შეგახსენებთ: თავის დროზე საარჩევნო ბარიერის 7 პროცენტამდე გაზრდის ინიციატივა სწორედ ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ზემოთ ნახსენები სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგით, დღეს შვიდპროცენტიანი ბარიერი ვერც ერთმა პარტიამ ვერ გადალახა.

კერძო საპენსიო სისტემის პერსპექტივა საქართველოში
დავით პაიჭაძე

ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოში პენსია რეალურად არ არსებობს. 14 ლარს, საპენსიო ასაკის ჩვენი მოქალაქეები რომ იღებენ, ფორმალურად პენსიას უწოდებენ, თუმცა, შეუძლებელია, ეს თანხა ერთი თვის მანძილზე თუნდაც ერთ ელემენტარულ საჭიროებას გაწვდეს. 14 ლარის ნიშნულზე პენსია რამდენიმე წელია გაიყინა და არც მისი გაზრდის პერსპექტივა ჩანს, მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს ასობით მილიონი ლარის შიდა დავალიანება აქვს, რაც უახლოეს წლებში მოქალაქეებს უნდა გაუსტუმროს. პირი არც იმას უჩანს, რომ სახელმწიფო შორეულ მომავალში მაინც იფიქრებს თავისი მოქალაქეების სიბერის უზრუნველყოფაზე.

ასეთ დროს ბუნებრივია კერძო ინიციატივის გამოჩენა. იდეა, საფუძველი ჩაყროდა საქართველოში არასახელმწიფო საპენსიო სისტემის შექმნას, ერთი წლისაც არ არის. ახლახან ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯიც გადაიდგა. დღეს გესაუბრებით საქართველოს საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგ GPI-ზე, რომლის წევრებმაც ამას წინათ გამართულ სემინარზე საზოგადოების წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში საპენსიო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ესაუბრნენ და მათ კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების საფუძვლები გააცნეს.

უზრუნველყოფილი ან ღირსეული სიბერე იოლად განიმარტება – ადამიანის ცხოვრების დონე პენსიაზე გასვლის შემდეგ მკვეთრად არ უნდა ეცემოდეს. ძნელი სათქმელია, რამდენად შორეულ მომავალში გახდება ეს საქართველოს ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის მიზანი. დღევანდელი საპენსიო სისტემა განაწილებითია: პენსიებს აფინანსებენ მიმდინარე შენატანებისა და საბიუჯეტო ტრანსფერების ხარჯზე. ამ სისტემას არათუ ჩვენთან, ბევრ ნორმალურ ქვეყანაში უჭირს გამართულად მუშაობა, რასაც შობადობის შემცირებითა და სიცოცხლის გახანგრძლივებით ხსნიან.

საქართველოში ამ ფაქტორებს ემატება და მძიმე ვითარებას განაპირობებს გადასახადების სიმცირე, რაც მათი აკრეფის უუნარობითა და მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნით არის გამოწვეული. ჩვენს ქვეყანაში ფაქტიური გადამხდელები პენსიონერებზე ნაკლებნი არიან. საქართველოს საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგის წამომადგენელთა აზრით, აუცილებელია საპენსიო რეფორმა, რომელსაც სამი ძირითადი მოდელი შეიძლება ჰქონდეს: თავად განაწილებითი სისტემის რეფორმირება, სწრაფი, პრაქტიკულად მთლიანი გადასვლა სავალდებულო დაგროვებით სისტემაზე და თანდათანობით გადასვლა მრავალსაფეხურიან სისტემაზე, რაც განაწილებითი და დაგროვებითი სისტემების შერწყმას წარმოადგენს.

დაგროვებითი სისტემის დროს დასაქმებულები პირდაპირ არ აფინანსებენ პენსიონერებს, არამედ სახელფასო ფონდიდან სახელმწიფოს დადგენილი სავალდებულო ანარიცხების საშუალებით აგროვებენ კაპიტალს სხვადასხვა სახის, ძირითადად კერძო მმართველობის მქონე საპენსიო ინსტიტუტებში და საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ამ დაგროვილი თანხით ცხოვრობენ. საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგის მთავარი მრჩევლის, დავით გელაშვილის განმარტებით [გელაშვილის ხმა]: “წარმოვიდგინოთ ვითარება მარტივად: თქვენ იცით, რამდენია ანარიცხი სახელმწიფო საპენსიო ფონდში: 28 პროცენტი. ამის ნაწილი, დასაქმებულთა არჩევნით, გადაირიცხება ამა თუ იმ საპენსიო ფონდში, ხდება მისი აკუმულირება და საპენსიო ასაკის მიღწევისას ადამიანები ცხოვრობენ ამ კაპიტალიდან მიღებული შემოსავლებით. პრინციპში, ეს მოდელი ამყარებს წონასწორობას დასაქმებულების მიერ შექმნილ შენატანებსა და სიბერისთვის შექმნილი კაპიტალიდან მიღებულ პროცენტებს შორის”.

საპენსიო სისტემის რეფორმირებისას ამ გზას დაადგნენ პოლონეთი, უნგრეთი და ბულგარეთი, დავით გელაშვილის თქმით, გაისიდან იგივე მოხდება რუსეთშიც.

საქართველოში სისტემის რეფორმირებას ხვალვე რომ შეუდგნენ, მის ნაყოფს ვერ მოიწევს თაობა, რომელსაც საპენსიო ასაკი 10-15 წლის შემდეგ დაუდგება. რეფორმა დღევანდელი ახალგაზრდობის სიბერის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. ამ პროცესის დასაწყებად სრულფასოვნად უნდა ამოქმედდეს კანონი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, რაც, ჰოლდინგის წარმომადგენელთა აზრით, საჭიროებს ცვლილებების შეტანას საგადასახადო კოდექსში – ნებაყოფლობითი საპენსიო დაზღვევისათვის სამართლიანი გადასახადების დაწესების მიზნით. თორემ მოქმედი კანონის თანახმად, კერძო საპენსიო ფონდში თანხის ჩარიცხვა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც სახელმწიფოს კუთვნილ 28%-ს გადაუხდი.

დღეს დამქირავებელთა უმეტესობა ცდილობს, ეს 28% რაც შეიძლება მცირე თანხა იყოს და ყვავის კიდეც ორმაგი ბუღალტერია. თუმცა, ჰოლდინგის საპენსიო პროექტის დირექტორი, გიორგი ჟურული ამბობს, რომ გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ბოლომდე ლეგალურ გარემოში საქმიანობენ, შემოსავლებს არ მალავენ და მზად არიან თანამშრომლებს, სახელმწიფოსთვის ხსენებული 28%-ის გადახდის შემდეგ, კერძო საპენსიო ფონდებში ჩაურიცხონ გარკვეული თანხა. ჟურულის თქმით, ესენი არიან მცირე ფირმები, რომელთაც სურთ მოიზიდონ და შეინარჩუნონ კვალიფიციური პერსონალი.

ილუსტრირებული ალბომი თბილისის შესახებ და მის გამოცემასთან დაკავშირებული ზოგიერთი სირთულე
გიორგი კაკაბაძე

თბილისელი მხატვარ-არქიტექტორი ლერი ფავლენიშვილი 1997 წლიდან მუშაობს თბილისის შესახებ ილუსტრირებული ალბომის შექმნაზე. დღეისთვის მთლიანად გამზადებულია წიგნის ტექსტი სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ავტორს მოპოვებული აქვს მდიდარი ფოტომასალაც, თუმცა, წიგნის დაბეჭდვა გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.
არადა, ცნობილ სპეციალისტთა აზრით, ასეთი გამოცემა შემეცნებითი თვალსაზრისით მეტად საინტერესო და სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც.

ალბომის შექმნისადმი ინტერესი ძირითადად იმ გარემოებამ განაპირობა, რომ უკანასკნელ წლებში თბილისში მიმდინარე მშენებლობის პროცესმა დაამახინჯა დედაქალაქის იერი, შეცვალა არქიტექტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არაერთი შენობის ფასადი. ამიტომ წიგნში შეძლებისდაგვარად დაიბეჭდება ასეთი შენობების ძველი და ახალი ფოტოები. გარდა ამისა, სპეციალისტების აზრით, თბილისთან დაკავშირებულ წინა გამოცემებს ბევრი უზუსტობა და ხარვეზი ახასიათებს.

ალბომის აგებულება და ტექსტი საკმაოდ მკაფიო წარმოდგენას ქმნის ავტორის ჩანაფიქრზე. წიგნში მოცემულია მოკლე ინფორმაცია თბილისის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, კლიმატზე, გადმოცემულია ქალაქის ისტორია, არის ცნობები თბილისის ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი შენობების შესახებ, მოყვანილია ცნობილი უცხოელი მოგზაურების, მწერლებისა და მოღვაწეების მოგონებები თბილისზე და სხვა საინტერესო ინფორმაცია.

მაგალითად, ლერი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ბოლო დრომდე ძალიან მწირი ცნობები არსებობდა სამხატვრო აკადემიის შენობასთან დაკავშირებით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უწინ ეს შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იქ სამხედრო გარნიზონთან ერთად თავლაც განთავსდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა შენობას. შემდგომ, აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ძალისხმევით, მოხერხდა შენობის სრულად აღდგენა და სამხატვრო აკადემიის დაფუძნება.

ალბომის ტექსტი შეიცავს საინტერესო მასალას რუსთაველის თეატრისა და კონსერვატორიის შენობების შესახებაც. ავტორის თქმით: [ლერი ფავლენიშვილის ხმა] “თბილისის ღირსშესანიშნაობათა შორის აღსანიშნავია ბოტანიკური ბაღი, რომელიც ძალიან დიდი ხნის ბაღია, 1625 წელს დაარსდა ეს ბაღი, მაგრამ ახლა ბოტანიკური ბაღის კოლექცია 500-მდე სახესხვაობას ითვლის, უნიკალურ მცენარეთა სახესხვაობას."

წიგნში, აგრეთვე, მოცემულია ინფორმაცია თბილისის გარშემო განლაგებულ კურორტებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ აღწერილია თბილისთან დაკავშირებული წინა საუკუნეების მოვლენები, რაც მკითხველს თბილისის კოლორიტზე საინტერესო შთაბეჭდილებას შეუქმნის. [ლერი ფავლენიშვილის ხმა] “ძველ თბილისში ძალიან საინტერესოწარწერებიანი რესტორნები იყო. მაგალითად, დროს სატარებელი ადგილი იყო ასეთი: “თუმნით ვქეიფობ”, “ქოსების დუქანი”, “პივნაია აზია, გვერდზე მიზის ლამაზია”, “ედემი”, “სანდრო, ნალეი პივა, თორემ თავი მტკივა” და მრავალი სხვა. აგრეთვე იყო ასეთივე სასტუმროები, მაგალითად, “სევერნიე ნომერა”, “ორიანტი”, “ნიუ-იორკი”, “ანგლეტერი”, “მეტროპოლი”, “ბრისტოლი”, “პურ-ღვინო”, “ფრანცია”, “ინტერნაციონალი”, “კავკაზ”, “ვენეცია”, “ვერსალი”, “ბერლინი”, ე.ი. ქართველებს სულ აქვთ ლტოლვა ამ ევროპული დიდი ქალაქებისადმი და ქვეყნებისადმი.”

ავტორის გარდა, ალბომის ტექსტზე მუშაობდნენ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ზურაბ ტატაშიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ბერიძე, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, პროფესორო ნოდარ მგალობლოშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინათ გარდაიცვალა.

ალბომის ერთ-ერთი რეცენზენტი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი იულონ გაგოშიძე აღნიშნავს, რომ 120-გვერდიან ალბომს ერთვის 360 ფოტო, რომელსაც კიდევ უნდა დაემატოს ძველი თბილისის ხედებისა და ქალაქური ყოფაცხოვრების ამსახველი ფოტოები სხვადასხვა არქივიდან. რეცენზენტის თქმით, ალბომის სტრუქტურა კარგად არის გააზრებული და შეიცავს მეტად საინტერესო ინფორმაციულ მასალას.

ტექსტის გარკვეული ნაწილი უკვე დაბეჭდილი იყო, როცა “საქართველოს კულტურის აღორძინების ფონდმა” ალბომისათვის გამოყო გრანტი კომპიუტერული ტექნიკის სახით. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის შესახებ ალბომის ტექსტი მთლიანად არის მომზადებული, მისი გამოცემა ჯერჯერობით არ ხერხდება. საარქივო ფოტოებით წიგნის შევსებისათვის საჭიროა დაახლოებით 3 ათასი ლარი. ლერი ფავლენიშვილი იმედოვნებს, რომ თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის შემწეობით, ალბომის გამოცემა მოხერხდება.

ინტერვიუ ალექსანდრე ბესტავაშვილთან
ბიძინა რამიშვილი

დღეს ”მეათე სტუდიაში” უჩვეულო სტუმარი გვყავს. ამჟამად ინგლისის ქალაქ გრინვიჩში მცხოვრები 94 წლის ალექსანდრე ბესტავაშვილი გორთან, სოფელ ატენში დაიბადა აგრონომის ოჯახში. საქართველო 20-იანი წლების ბოლოს, სტუდენტობისას დაუტოვებია. ინტერვიუში, რომელიც მან ბიძინა რამიშვილს მისცა ტელეფონით და რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ბატონი საშა სწორედ ამ პერიოდით იწყებს თავისი ხანგრძლივი და საინტერესო მოვლენებით აღსავსე ცხოვრების აღწერას.

იხ. აუდიოვერსია

ნაგიბ მაჰფუზი 90 წლისაა
მარიამ ჭიაურელი

ნაგიბ მაჰფუზი სავარძელში ზის, აუჩქარებლად სვამს ყავას და ყურს უგდებს მეგობარს, რომელიც განვლილი კვირის პოლიტიკურ მოვლენებზე მსჯელობს. ავღანეთში დღეისთვის რვა ჟურნალისტი და ერთი ამერიკელი ჯარისკაცია მოკლულიო, ამცნობს იგი მაჰფუზს, პასუხად კი მისგან ასეთ კომენტარს ისმენს: ჯარისკაცი ალბათ ავად იყოო. ეგვიპტელი მწერალი, ჯერჯერობით ერთადერთი არაბი, ვისაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია რგებია, შავი იუმორის ოსტატად ითვლება. 11 დეკემბერს მას 90 წელი შეუსრულდა.

ნაგიბ მაჰფუზი ქაიროს ერთ-ერთ უძველეს უბანში, ჯამალიაში დაიბადა და, ღრმად მორწმუნე დედის მოწადინებით, ადრევე ეზიარა ისლამურ კულტურას: მის ტოლერანტულ ვარიანტს. მაჰფუზმა სტუდენტობის წლებიც ქაიროში გაატარა და უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა სამინისტროში მუშაობდა. თან წერდა: თხზავდა მოთხრობებს, პიესებს და, რაც მთავარია, რომანებს, რომელთა რიცხვი დღეს უკვე 30-ს აღემატება. თითქმის ყოველ მათგანში მწერალი თავის ”მარადიულ სატრფოზე”, ძველ ქაიროზე გვიამბობს: მაჰფუზი მოგვითხრობს კოხტა სახლებსა და ოღროჩოღრო შუკებზე, გასაშრობად გაფენილი სარეცხით აჭრელებულ ეზოებსა და დაცარიელებულ კაფეებზე, და ყოველივე ამას ქაიროელებზე არანაკლებ მნიშვნელოვან როლში წარმოგვიდგენს.

ასე რომ, რა გასაკვირია, თუ ნაგიბ მაჰფუზის (ან, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, ”ეგვიპტური რომანის მამის”) მთავარ ნაწარმოებად ”ქაიროს ტრილოგია” ითვლება. მასში შემავალი რომანების სათაურებად აღებულია ძველი ქაიროს სამი ქუჩის სახელები და თითოეული ქუჩა ცალკე სამყაროს სიმბოლოდ წარმოგვიდგება.

1988 წელს, როცა მაჰფუზს ნობელის პრემია მიენიჭა, ქაიროს ტრილოგიის გარდა ყველაზე გახმაურებული ნაწარმოები იყო ”ჩვენი უბნის ბავშვები” – რომანი, რომელშიც სამი დიდი მონოთეისტური რელიგიის: იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის წამყვანი წარმომადგენლები საზოგადოების გაჯანსაღების, სოციალური უსამართლობის დაძლევისაკენ მიისწრაფიან. მთავარი კი სწორედ ამ საკითხში ერთსულოვნებაა და, შესაბამისად, სრულიად ზედმეტი და უაზრო ხდება სამეულის კამათი ამა თუ იმ მოძღვრების უპირატესობაზე.

თუ ისლამის ეგვიპტელმა ექსპერტებმა მაჰფუზის რომანი ”თანამედროვე არაბული ფილოსოფიური აზროვნების” უმშვენიერეს ნიმუშად აღიარეს, ისლამისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა, შეიჰმა ომარ აბდელ რაჰმანმა, მოციქული მუჰამედი შეურაცხყოფილად ჩათვალა და მწერლის დასჯა მოითხოვა. ფატვამისჯილი მაჰფუზი კინაღამ გახდა კიდეც ფანატიკოსთა მსხვერპლი: 1994ტ წელს მხცოვანი მწერალი საკუთარ სახლთან, დანით, მძიმედ დაჭრა ორმა მამაკაცმა. მას შემდეგ მაჰფუზი ხალხმრავალ ქუჩებსა და კაფეებს თავს არიდებს და მეგობრებთან შეხვედრას კარგად დაცულ სასტუმროებში ამჯობინებს.

შემწყნარებლობის მქადეგებელი მწერლის ნაწარმოებები დღესაც რომ აქტუალურია, ამას მოწმობს ცხარე დისკუსია, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოიწვია რომან ”ჩვენი უბნის ბავშვების” რადიოდადგმამ. ეგვიპტელი ინტელექტუალების დიდმა ნაწილმა სამარცხვინოდ მიიჩნია, რომ რადიოსერიის დაწყებამდე რომანი შესამოწმებლად კიდევ ერთხელ გადასცეს მუსლიმან სწავლულებს.
XS
SM
MD
LG