Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს როლი ანტიტერორისტულ კამპანიაში


ანდრო ეული, პრაღა 11 სექტემბრის მოვლენებმა შეერთებული შტატებისა და გაეროს დაახლოებას შეუწყო ხელი და იმავდროულად ამ საერთაშორისო ორგანიზაციის პრესტიჟიც აამაღლა.

დიპლომატებმა გაეროში, თავიანთი სამუშაო ოთახებიდან დაინახეს, როგორ გაეხვია ცეცხლის ალში 11 სექტემბერს ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი 110-სართულიანი ცათამბჯენი. და ამ ადამიანებმა გაიზიარეს ამერიკელი ხალხის გლოვა, როცა ცნობილი გახდა, რომ ნიუ იორკსა და ვაშინგტონში მომხდარმა ტერაქტებმა 80-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეთა სიცოცხლე იმსხვერპლა.

გაეროს 15-წევრიანმა უშიშროების საბჭომ და გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც მსოფლიოს 189 სახელმწიფოს აერთიანებს, 12 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციებში მძაფრად დაგმეს ტერორისტული აქტები. უშიშროების საბჭომ გამოთქვა მზადყოფნა ”ყველა საჭირო ზომის მისაღებად”, ხოლო გენერალური ასამბლეა გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეუწყვიტონ ტერორისტებს ყოველგვარი დახმარება. სწორედ ამ რეზოლუციებმა განაპირობა მნიშვნელოვანწილად შეერთებული შტატების თაოსნობით ანტიტერორისტული კამპანიის დაწყება, ხოლო გაეროს ბიძგი მისცა, სათავეში ჩასდგომოდა ომით გაჩანაგებული ავღანეთის აღდგენასა და ვითარების სტაბილიზაციას შუა აზიის რეგიონში.

ხორვატიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ივან სიმონოვიჩმა, რომელიც მომავალი თვიდან გაეროს გავლენიან ეკონომიკურსა და სოციალურ საბჭოს უხელმძღვანელებს, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტებმა გამოაფხიზლა გაერო: [ივან სიმონოვიჩის ხმა] ”ჩემის აზრით, 11-მა სექტემბერმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, ხოლო ერთობლივი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ ის ერთი ეპიზოდია კიდევ მრავალი ბრძოლისა, რომლის დროსაც ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ”.

როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, გაეროს წევრებმა ჭეშმარიტი თანაგრძნობა გამოუთქვეს თავიანთ მასპინძელ ქვეყანას 11 სექტემბრის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ცხადი გახდა ისიც, თუ რაოდენ შთამბეჭდავი აღმოჩნდა გაეროს თანამშრომელთათვის ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა ნიუ იორკსა და ვაშინგტონში. ნიუ იორკში მოქმედი დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის, გაეროს ასოციაციის მკვლევარმა ჯეფრი ლორენტიმ ჩვენი კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

[ჯეფრი ლორენტის ხმა] ”ყოველივე ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა გაეროს დიპლომატებსა და მსოფლიო საზოგადოებრივ აზრზე და სწორედ ამის შედეგი იყო უფლებამოსილებათა არნახული გაფართოება, რაც მეორე დღესვე დაამტკიცა უშიშროების საბჭომ; თანაც ისე, რომ ეს საკითხი წინასწარ თავისი წევრების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან არ შეუთანხმებია”.

ტერორისტული თავდასხმებიდან ორიოდე კვირა იყო გასული, როცა უშიშროების საბჭომ მიიღო მეორე რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს შეერთებული შტატების უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ავალდებულებს გაეროს წევრებს, სათანადო ზომები მიიღონ ტერორისტების წინააღმდეგ. რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს წევრებს, სათანადო ცვლილებები შეიტანონ თავიანთ კანონმდებლობაში და აკრძალონ ქვეყანაში ტერორისტების შეფარება, აგრეთვე მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა.

გაეროს წევრ სახელმწიფოთა ნახევარზე მეტმა უკვე წარუდგინა უშიშროების საბჭოს საანგარიშო მოხსენება იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებენ ისინი ანტიტერორისტული ზომების მიღებას.

როგორც ჯეფრი ლორენტი აღნიშნავს, 11 სექტემბრის მოვლენებმა გაეროს, როგორც უნიკალური ორგანიზაციის, მნიშვნელობაში დაარწმუნა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია.

”თეთრი სახლის ადმინისტრაცია თანდათანობით მიხვდა, რომ გაეროა ის უნიკალური ორგანიზაცია, რომელსაც მთელი მსოფლიოს თანამეგობრობა, ან მისი უმეტესი ნაწილი შეუძლია დარაზმოს საჭიროების შემთხვევაში” – განაცხადა ჯეფრი ლორენტიმ.
XS
SM
MD
LG