Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დახმარებით დასავლეთი ჯერ არ დაღლილა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს საგარეო იმიჯის ერთგვარი შელახვის მიუხედავად, დასავლეთმა ამჯერედაც იშვიათი ხელგაშლილობა გამოიჩინა და საახლწლოდ ქვეყანას რამდენიმე კრედიტი და ტექნიკური დახმარება გამოუყო.

ახალი წლის წინა დღეებში პრეზიდენტმა შევარდნაძემ კეთილი მეკვლეობა ითავა და მოსახლეობას საგარეო დახმარებების მიღების ამბავი ახარა. შევარდნაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ”კარგი საჩუქარი გაუკეთა” და 35 მილიონ დოლარამდე ოდენობის 50-წლიანი ”სიმბოლური კრედიტი” გადმოურიცხა.

რამდენიმე შეთანხმებული პარამეტრის შეუსრულებლობის გამო მსოფლიო ბანკისაგან დაგეგმილი კრედიტების 2001 წელს მიღებას ხელისუფლება უკვე აღარ ვარაუდობდა. სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტი გასული წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო და რომ არა მსოფლიო ბანკის საახალწლო კეთილი ჟესტი და ტრანშის გამოყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი გაცილებით შთამბეჭდავი გახდებოდა და მთავრობა მორიგ სეკვესტრს უკვე ვეღარ დააღწევდა თავს.

პრეზიდენტი გვამშვიდებს, რომ მსოფლიო ბანკიდან კრედიტის გადმორიცხვის შედეგად სახელმწიფოსგან კუთვნილ ხელფასს, პენსიასა და დახმარებას ყველა ოჯახი მიიღებს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ფილიპ რემლერთან, პარასკევს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ასევე შეიტყო, რომ აშშ-მა საქართველოს 10 მილიონი დოლარი გამოუყო თბოსადგურ ”AES მტკვარში” მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით. შევარდნაძის თქმით, ზამთრის სეზონის ”შედარებით უმტკივნეულოდ გადასატანად”, ამ თანხით საქართველო გაზსა და ელექტროენერგიას შეისყიდის.

მსოფლიო ბანკსა და შეერთებული შტატების მთავრობას არც ევროპა ჩამორჩა. ახალი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ”ტასისის” პროგრამით, 2002 წელს, ევროკავშირი ერთი მილიონი ევროს ღირებულების პროექტს განახორციელებს საქართველოს საბაჟო სისტემის სტრუქტურულ-ინსტიტუციური რეფორმისათვის.

ამასთან, აშშ-ის საბაჟოს ”საზღვრის დაცვისა და კანონის განმტკიცების” პროგრამით უკვე გამოყოფილია 900 ათასი ამერიკული დოლარი, რომელიც საბაჟო სისტემის კომპიუტერებითა და ქსელით უზრუნველყოფას მოხმარდება.

გარდა ამისა, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ჩასატარებლად, საბაჟო დეპარტამენტში მოწყობილია ”ტრენინგ-ოთახი”, ხოლო გაისიდან დაგეგმილია ამიერკავკასიის ”ტრენინგ-ცენტრის” ჩამოყალიბება.
XS
SM
MD
LG