Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში-ამერიკის შეერთებული შტატების ნატოს მისიაში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 9-დან 13 იანვრამდე ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიამ უმასპინძლა საქართველოს დელეგაციას ეგრეთ წოდებული ნატოს ტურის ეგიდით.

ამ ღონისძიების მიზანია, რომ ნატოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა უკეთ გაიცნონ ჩრდილოატლანტიკური ბლოკის საქმიანობის როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო კომპონენტები.

დელეგაციის შემადგენლობაში იყო სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ფიჩხაძე, რომელსაც გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ტრადიციულად აწყობს ნატოს ტურს პარტნიორი ქვეყნების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც, შალვა ფიჩხაძის თქმით, [ფიჩხაძის ხმა] "თვითონთ ამერიკელები ამ ქვეყნებში გადაყვეტილებების მიმღებად ან გადაყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მომხდენ ადამიანებად თვლიან."

დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე იყვნენ პარლამენტარები დავით გამყრელიძე, გიორგი თარგამაძე, თედო პაატაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, თავდაცვის სამინისტრის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი და პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი მამუკა ხაზარაძე.

შალვა ფიჩხაძე აღნიშნავს: [ფიჩხაძის ხმა] "ჩვენ გახლდით არა მხოლოდ ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში, არამედ სოფელ მონსში განლაგებულ ე.წ. შეიფში - ეს არის აბრევიატურა და ნიშნავს ნატოს ჯარების მთავარსარდლის შტაბ-ბინას ევროპაში. მაგრამ ტრადიციულად ვიზიტი შედგებოდა, ასე ვთქვათ, ხანმოკლე კომპონენტისაგან: შარშან ეს გახლდათ დელეგაციის წაყვანა პოლონეთში და იქ ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის გაცნობა, ხოლო წელს ეს გახლდათ ჰააგაში ჩაყვანა ჩვენი ერთი დღით, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით იუგოსლავიისათვის შექმნილ სისხლის სამართლის ტრიბუნალში - სადაც იმ დროს მიმდინარეობდა მილოშევიჩის სასამართლო - და ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციაში."

თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობის გაცნობა: მასპინძლების - ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის წარმომადგენლების გარდა - საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის პრეს-მდივანს, "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილეს და მაღალი თანამდებობის სხვა პირებს.

ნატოს ტურის შედეგად მიღებული მთავარი შთაბეჭდილება ის არის, რომ დღეისათვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს განიხილავს როგორც ისეთ ქვეყანას, რომელიც ადრე თუ გვიან მისი ოჯახის წევრი უნდა გახდეს.

ჩემი თანამოსაუბრის თქმითვე, საქართველოსათვის დახმარების გაწევასთან ერთად ნატო ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მხრივ და აქ იგულისხმება არა მხოლოდ სამხედრო სტანდარტები, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სოციალური მდგომარეობისა და სამოქალაქო საზოგადოების შექმნის სტანდარტები.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებული კიდევ ერთი შთაბეჭდილების შესახებ შალვა ფიჩხაძე ამბობს: [ფიჩხაძის ხმა] "თვით ნატოელები საკმაოდ დადებით კონტექსტში მოიხენიებენ ჩვენი მისიის მუშაობას ნატოში. მართალია, ჩვენი ფინანსური სიმწირის გამო ეს მისია იმხელა არ არის, როგორც სასურველი იქნებოდა და ეს გასაგებიცაა და ვერც იმხელა ფართი უკავია, როგორც ზოგიერთ სხვა პარტნიორ ქვეყანას, არა წევრ, არამედ პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ მაინც იქ ძალიან მკაფიო აზრია ჩამოყალიბებული იმის თაობაზე, რომ, მართალია, ეს არის პატარა - რაოდენობრივად - მისია, მაგრამ საკმაოდ ერთ მუშტად შეკრული და ქვეყნის ინტერესების საკმაოდ კარგად დამცველი."

შალვა ფიჩხაძის თქმით, მართალია, დღეს ყველას კარგად ესმის, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება არც თუ ისე მალე მოხდება, მაგრამ ამ პროცესთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ბარიერი უკვე გადალახულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თვით ალიანსის შიგნით.
XS
SM
MD
LG