Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ბუშის მიმართვა ამერიკელი ხალხისადმი ”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ”


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს ღამით, თავის პირველ მიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი ”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ”, პრეზიდენტმა ბუშმა მოუწოდა თანამემამულეებს მხარი დაუჭირონ ომს ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც ეს-ესაა დაიწყო.

ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ უპრეცედენტო მუქარისდა მიუხედავად, ამერიკა არასოდეს ყოფილა ესოდენ ძლიერი: [პრეზიდენტ ბუშის ხმა] ”აქ შევიკრიბეთ დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა ომშია ჩაბმული, ჩვენი ეკონომიკა რეცესიას განიცდის, ხოლო ცივილიზებული სამყარო უპრეცედენტო მუქარას დაუპირისპირდა. და მაინც, ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა ესოდენ ძლიერი”.

მიმართა რა საპატიო სტუმარს, ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაურს ჰამიდ კარზაის, რომელსაც ფეხზე ამდგარი, მქუხარე ოვაციებით შეხვდნენ კონგრესის გაერთიანებული სხდომის მონაწილენი, ბუშმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განახორციელეს 11 სექტემბერს თავდასხმა, ამერიკამ ბევრი რამის გაკეთება შესძლო: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”სულ ოთხიოდ თვეში, ჩვენმა ქვეყანამ ტკივილი შეუმსუბუქა დაზარალებულებს, დაიწყო ნიუ-იორკისა და პენტაგონის აღდგენა, შემოიკრიბა წარმომადგენლობითი კოალიცია, შეიპყრო და დააპატიმრა ათასობით ტერორისტი, ავღანეთში – ტერორისტების საწვრთნელი ბანაკები გაანადგურა, შიმშილს გადაარჩინა მოსახლეობა და ულმობელი ჩაგვრისგან გაათავისუფლა ქვეყანა”.

პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ათეული ათასობით ადამიანმა ტერორისტთა საწვრთნელ ბანაკებში გაიარა მომზადება ავღანეთში, და რომ ბევრი მათგანი დღემდე არაა შეპყრობილი. ჯორჯ ბუშმა შეახსენა სხდომის მონაწილეებს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციათა ქსელი მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში, მათ შორის ფილიპინებში, ბოსნიასა და სომალიში მოქმედებს.

ბუშის თქმით, ამ ქვეყნებს მიეცემათ შესაძლებლობა – თავად აღკვეთონ ტერორიზმი, რაშიაც მათ შეერთებული შტატები დაეხმარება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი თავად მიიღებს საჭირო ზომებს. ჩრდილოეთ კორეას, ერაყსა და ირანს ბუშმა ”ბოროტების ღერძი” უწოდა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ამ ქვეყნებმა მასობრივი განადგურების იარაღი აწარმოონ.

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომის დაწყებას მიესალმება ყველა, ვისაც რეპრესიული რეჟიმის პირობებში უხდება ცხოვრება, და მაგალითისათვის მოიყვანა თალიბების დამხობა ავღანეთში, რასაც ხალხი,”სიმღერითა და ზეიმით” შეხვდა.
XS
SM
MD
LG