Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი ჰააგაში


ანდრო ეული, პრაღა ჰააგაში გრძელდება იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი.

როგორც 13 თებერვლის სხდომაზე განაცხადეს საერთაშორისო ტრიბუნალის მოსამართლეებმა, მილოშევიჩს განზრახული ჰქონდა ეთნიკურად გაწმენდილი ”დიდი სერბია” დაეარსებინა დაშლილი იუგოსლავიის ნანგრევებზე. მათ გაიხსენეს სრებრენიცაში 1995 წელს დატრიალებული ტრაგედია, სარაევოს 43-თვიანი ალყა და ჩრდილო-დასავლეთ ბოსნიაში ტრნოპოლიეს ტყვეთა ბანაკში მომხდარი სისასტიკეები.

”სარაევოს ალყა იმდენად ამაზრზენი ეპიზოდი იყო, რომ ევროპის ისტორიაში პარალელის მოსანახად მეორე მსოფლიო ომის გახსენება გახდება საჭირო”- განაცხადა მოსამართლე ჯოფრი ნაისმა. [ჯოფრი ნაისის ხმა] ”ჩვენი სამხილი ბრალდებულის წინააღმდეგ, ამ ეტაპზე, რომ იგი თანამონაწილეა სარაევოს ალყის პერიოდში მომხდარი ბარბაროსობისა, იმაზეა დაფუძნებული, რომ ბრალდებული ”რეპუბლიკა სრპსკასა” და მის შეიარაღებულ ძალებს უჭერდა მხარს. და არ გამოვრიცხავთ, რაღა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობას, რომ თავის დროზე სხვა ფაქტებსაც გამოვამზეურებთ”.

სლობოდან მილოშევიჩმა განაცხადა, რომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა გადაწყვიტა, ”ლინჩის წესით” გაასამართლოს იგი. ”მე ეჭვქვეშ ვაყენებ ამ ტრიბუნალის კანონიერებას. ტრიბუნალი არაა უფლებამოსილი, მე გამასამართლოს” - თქვა ოთხშაბათის სხდომაზე იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ამასთან დაკავშირებით მოსამართლე რიჩარდ მეიმ განაცხადა: [რიჩარდ მეის ხმა] ”თქვენ გქონდათ უფლება გაგესაჩივრებინათ ტრიბუნალის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ გააკეთეთ. ამდენად, თქვენს მიერ წამოჭრილი ყველა საკითხი გარკვეულია, ხოლო რაც შეეხება მიმდინარე სასამართლო პროცესს, თქვენი გამონათქვამი ტრიბუნალის მისამართით სრულიად უადგილოა”.

მოსამართლე ჯოფრი ნაისმა გაიხსენა სრებრენიცა, სადაც სერბებმა 8000-მდე მაჰმადიანი მამაკაცი და ყმაწვილი დახოცეს, და თან წარმოადგინა ფოტოსურათები, რომლებზეც მასობრივი საფლავები და ხელფეხშეკრული, თვალებახვეული გვამები მოჩანს. ჯოფრი ნაისმა ილაპარაკა სარაევოს 43-თვიანი ალყის შესახებაც, რაც ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა მეოცე საუკუნის ევროპის ისტორიაში, როცა სნაიპერები არც ბავშვებს, ქალებსა თუ მოხუცებს ინდობდნენ.

სასამართლოზე უჩვენეს ტრნოპოლიეს საკონცენტრაციო ბანაკში გადაღებული ვიდეოფირი, რომელზეც გაძვალტყავებული მაჰმადიანი ტყვეები ჩანან. გამოძიება აცხადებს, რომ 1992 წლის მაისიდან აგვისტომდე, ტრნოპოლიესა და სხვა ასეთსავე ბანაკებში
7000-ზე მეტი ბოსნიელი მაჰმადიანი, ხორვატი და სხვა არასერბი ტყვე ჰყავდათ დაკავებული. ჯოფრი ნაისმა მოიხსენია ბოსნიის სხვა დასახლებული პუნქტებიც, სადაც მილოშევიჩის ჯარმა ჯერ ადგილობრივი სერბები შეაიარაღა, ხოლო შემდეგ მისცა მათ უფლება, თავს დასხმოდნენ და გაეძევებინათ იქიდან მაჰმადიანები და ხორვატები.

ამასობაში, მილოშევიჩის მრჩეველი ვექილები აცხადებენ, რომ იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს თვითონ აქვს განზრახული, ბრალდება წაუყენოს სერბიის რეფორმისტ ლიდერებს შარშან ივნისში, ბელგრადში მისი დაკავებისა და ჰააგაში ჩაყვანის გამო, აგრეთვე, დასავლეთის ლიდერები მიიწვიოს სასამართლოზე იმის დასადასტურებლად, რომ სწორედ ამ ლიდერთა თანხმობით მოქმედებდა 90-იან წლებში, როცა ომები გააჩაღა ბალკანეთში.
XS
SM
MD
LG