Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გიგა მახარაძე უნდა გათავისუფლდეს


სოზარ სუბელიანი, თბილისი 13 თებერვალს მსჯავრდებულმა გიგა მახარაძემ მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში განცხადება შეიტანა და “პირობითი ვადამდე გათავისუფლება” მოითხოვა.

მისი გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს სახალხო დამცველმა და 163-მა პარლამენტარმაც მიმართა. მახარაძის ადვოკატის, შალვა შავგულიძის აზრით, არ არსებობს რაიმე იურიდიული არგუმენტი, რაც ქართველი დიპლომატის გათავისუფლებას ხელს შეუშლის, თუმცა, თავის დროზე მახარაძის გასამართლებაში იურიდიულზე არანაკლები როლი პოლიტიკურმა მოტივებმაც ითამაშეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი ყოველწლიურად 40 ათასზე მეტი ადამიანი ხდება, მაგრამ ქართველი დიპლომატის ავარია 1997 წლის დასაწყისის ამერიკული მასმედიის მთავარ თემად იქცა. ყველა ამერიკელს პირზე ეკერა ავარიის შედეგად დაღუპული მანამდე უცნობი გოგონას – 16 წლის ჯოვიენ უოლტრიკის – სახელი, ყველა ამერიკელმა გაიგო მანამდე თითქმის უცნობი ქვეყნის – საქართველოს – არსებობა, ყველა ამერიკელი გულწრფელად იყო აღშფოთებული, რომ უცნობი ქვეყნის ახალგაზრდა დიპლომატი, შესაძლოა, ამერიკული მართლმსაჯულების მიღმა აღმოჩენილიყო…

პოლიტიკოსები მკვეთრი განცხადებების გაკეთებას არ ერიდებოდნენ, ჟურნალისტები დაჟინებით ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს, რომ უცხოელი, განსაკუთრებით კი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დიპლომატები არად დაგიდევენ ამერიკულ კანონებსა და ტრადიციებს. სენატის ასიგნებათა ქვეკომისიის თავმჯდომარემ და სახელმწიფო დეპარტამენტის კურატორმა ჯად გრეგმა პრეზიდენტ ბილ კლინტონს განცხადებით მიმართა და სთხოვა, შეეჩერებინა საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების – 30 მილიონი დოლარის – გამოყოფა, თუ საქართველოს ხელისუფლება იმუნიტეტს არ მოუხსნიდა თავის დიპლომატს. საქმეში თვით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, უორენ კრისტოფერიც კი ჩაება. მან სთხოვა პრეზიდენტ შევარდნაძეს, არ აღდგომოდა წინ მახარაძის საქმის ამერიკის სასამართლოში განხილვას და ამით დაეშოშმინებინა საზოგადოებრივი აზრი.

საქართველოს ხელისუფლებამ ზეწოლას ვერ გაუძლო და ქვეყნის პრესტიჟი შექმნილ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა. ამ გადაწყვეტილებამ ამერიკული საზოგადოება სრულად დააკმაყოფილა, სასამართლომ კი მახარაძეს 7-დან 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს ერთგვარად უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ ფაქტამდე
არცთუ დიდი ხნით ადრე, 1993 წელს ამერიკელმა დიპლომატმა მოსკოვში ქვეითად მოსიარულე გაიტანა. რუსეთის პოლიცია ამტკიცებდა, რომ ამერიკელი დიპლომატი საჭესთან მთვრალი იჯდა, მაგრამ ამის გადამოწმების საშუალება არ მიეცა – ვაშინგტონმა საკუთარი დიპლომატი 36 საათში ქვეყნიდან გაიწვია.

2000 წლის ზაფხულში მოხდა გიგა მახარაძის ექსტრადირება ამერიკიდან თბილისში. არსებობდა არაოფიციალური შეთანახმება, რომლის თანახმადაც საქართველოში გადმოყვანის შემდეგ მახარაძეს არ შეიწყალებდნენ, თუმცა, ეს შეთანხმება პირობით ვადამდე გათავისუფლებას არ შეეხებოდა. ვადამდელი გათავისუფლება გასული წლის 8 აპრილიდან გახდა შესაძლებელი, ანუ მას შემდეგ, რაც სასჯელის ნახევარი მოიხადა. მახარაძემ დაწერა კიდეც განცხადება, მაგრამ უკანვე გაიტანა. მისი ადვოკატი შალვა შავგულიძე ზეწოლაზე პირდაპირ საუბარს ერიდება, მაგრამ არც გამორიცხავს: [შალვა შავგულიძის ხმა] “უშუალოდ რაიმე ზეწოლის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ. შეწყალების გამოუყენებლობა გარკვეული კეთილი ნების გამოვლენა და იმ ჯენტლმენური შეთანხმების დაცვა იყო ქართული მხარის და, უპირველეს ყოვლისა, გიგა მახარაძის მხრიდან, რომელიც მიღწეული იყო ექსტრადირების პროცესში მოლაპარაკებების დროს, თორემ ოფიციალური შეთანხმება ამაზეც დაუშვებელი იყო, რამდენადაც სტრასბურგის კონვენციის შესაბამისად, ექსტრადირებული პირი ექსტრადირებისთანავე ექვემდებარება მხოლოდ ადგილობრივ კანონმდებლობას, ანუ, ადგილობრივი კანონმდებლობით მას მაშინვე გააჩნდა შეწყალების უფლება”.

შავგულიძის აზრით, ამჟამად არ არსებობს რაიმე იურიდიული საფუძველი, რაც გიგა მახარაძის გათავისუფლებას ხელს შეუშლის და თუ ეს მოხდება, ამას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG