Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი გლეხების წინ დგას არჩევანი - ყაყაჩო ან სიღატაკე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ჰეროინის უდიდესი ნაწილი, რომელიც იყიდება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნარკოტიკების ბაზრებზე, ავღანეთიდან მოდის.

გაეროს ნარკოტიკების კონტროლის პროგრამა, უკვე რამდენიმე წელია, ადევნებს თვალს ავღანეთში ოპიუმის წარმოებას.
ორგანიზაციის მეთვალყურეები, პოლიციის დახმარებით, ყველა ღონეს ხმარობენ მიაკვლიონ ნარკოტიკებს და მოახდინონ მისი კონფისკაცია, თანაც ცდილობენ მწარმოებლების დაყაბულებას, შეწყვიტონ ყაყაჩოს კულტივირება.

პროგრამა, უკვე 8 წელიწადია, მოქმედებს; 1999 წელს ავღანეთში, დაახლოებით, 4 600 ტონა ოპიუმი აწარმოეს. შარშან, როცა თალიბანმა აკრძალა ყაყაჩოს კულტივირება, ოპიუმის წარმოება 185 ტონამდე შემცირდა. მაგრამ, როგორც აღნიშნავს გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო პროგრამის ერთ-ერთი სექციის, კერძოდ, კანონის აღსრულების სექციის, წარმომადგენელი, ყოფილი ბრიტანელი პოლიციელი ბრიან ტეილორი, თებერვალში ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, წლეულს მაინც 2 700 ტონა ოპიუმის წარმოებაა მოსალოდნელი.

იანვარში ავღანეთის დროებითმა მთავრობამ აკრძალა ყაყაჩოს მოყვანა. მან, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების მიერ მიცემული ფულით (ამ ქვეყნებშია ჰეროინის მომხმარებელი ყველაზე მეტი ნარკომანი), გლეხებს შესთავაზა ყაყაჩოს მოსავლის შესყიდვა, ანგარიშით - ჰექტარზე 1750 დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოსავალი ნარკოტიკებით მოვაჭრეებს ჩაუვარდებოდათ ხელში.

ტეილორის თქმით, ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირება ახლა ფართოვდება, ვინაიდან ეს არის ათასობით დაბრუნებული ლტოლვილისთვის თავის შენახვის შედარებით იოლი გზა.

გვალვამ და ომებმა გააპარტახეს ავღანეთის მრავალი რეგიონი და, შედეგად, შეუძლებელი გახდა სხვა, ამ ადგილებისთვის ჩვეული, კულტურების მოყვანა.

მთავრობამ აღრიცხა ყველაზე დაზარალებული რეგიონები, რომელთაც პირველ რიგში უნდა მიეცეს დახმარება. დახმარებაში იგულისხმება ალტერნატიული კულტურების თესლის დარიგება, ინფრასტრუქტურის, მაგალითად, საირიგაციო სისტემების განვითარება, დანგრეული გზების აღდგენა. ამ ღონისძიებათა მიზანია მოსახლეობას მიეცეს ღირსეულად ცხოვრების შანსი, რომ მას მომავალში მაინც აღარ დასჭირდეს თავის გასატანად ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა.

მაგრამ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც თბილი ჰავაა, ოპიუმის ყაყაჩო უკვე მოსულია. გლეხები და ნარკოტიკებით მოვაჭრენი უკმაყოფილონი არიან მთავრობის პროგრამით და ძალადობრივ დემონსტრაციებსაც კი მართავენ. აპრილის დამდეგს ერთ ასეთ დემონსტარციაში რვა კაცი დაიღუპა. ზოგიერთ ადგილას გლეხებმა მხოლოდ ახლახან დათესეს ყაყაჩო, პირველად თავიანთ სიცოცხლეში.

ეს ის რეგიონებია, სადაც მდინარეები დაშრა და ვაშლის, ხორბლის თუ კარტოფილის მოსაყვანად სარწყავი წყალი საკმარისი რაოდენობით არ მოიპოვება, ოპიუმის ყაყაჩო კი გაცილებით ნაკლებ მორწყვას მოითხოვს.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ასკოლდ კრუშელნიტცკისთან საუბარში ადგილობრივმა გლეხმა, სახელად არიფ ხანმა, თქვა, რომ მათ არა აქვთ სხვა კულტურის მოყვანის შესაძლებლობა. სარწყავი წყლის ამოსატუმბად ისინი იყენებენ გენერატორებს, რაც საათში გლეხისთვის უზარმაზარი თანხა - 4 დოლარი ჯდება. ხორბალსა თუ კარტოფილს, რომელსაც მეტი წყალი სჭირდება, შესაბამისად, მეტი ელექტროენერგია მოხმარდება და მოსავალი ხარჯებს ვერ გაამართლებს. ასე რომ, ისინი იძულებულნი არიან ყაყაჩო დათესონ.
არიფ ხანმა თქვა, რომ გლეხებმა იციან, თუ რა ზარალთან და რა ადამიანურ ტრაგედიებთან არის დაკავშირებული მათ მიერ წარმოებული პროდუქცია. მაგრამ, ამბობს ის, ავღანელი გლეხებისა და მათი ოჯახებისგან განსხვავებით, იმათ, ვინც დასავლეთში ჰეროინს ყიდულობს, შიმშილით სიკვდილი არ ემუქრება.

არიფ ხანი იძულებელი იყო დაეთესა ყაყაჩო, ვინაიდან მან, მეზობლების მსგავსად, ისესხა ფული ნარკოტიკებით მოვაჭრეებისგან, რომლებიც ვალის დაბრუნებას ოპიუმით მოითხოვენ.

არიფ ხანის თქმით, გლეხები მოელიან, რომ მთავრობა შეისყიდის მოსავალს, დაუმწიფებელსაც კი, გარანტირებულ ფასად.
მაგრამ, როგორც ტეილორი აღნიშნავს, ასეთი პრაქტიკა ვერ პოვებს გავრცელებას, ვინაიდან მთავრობის მიერ ყაყაჩოს შესყიდვის პროგრამა ერთჯერადი ინიციატივაა.
XS
SM
MD
LG