Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩავლილი არჩევნების ნაკლი და ღირსებები


დავით პაიჭაძე, თბილისი არჩევნების მეორე დღეს, 3 ივნისს, დამკვირვებლები საზოგადოებას თავიანთ აღწერებსა და შეფასებებს სთავაზობდნენ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ გამართა დაპირებული შეხვედრა ჟურნალისტებთან. შეხვედრაზე აღნუსხეს არჩევნების მსვლელობისას გამოვლენილი ძირითადი დარღვევები, თუმცა არც იმ ორიოდე დადებითი ცვლილების აღნიშვნა დავიწყებიათ, რამაც, წინა არჩევნებთან შედარებით, ოდნავ მაინც შეამცირა გაყალბებისა და გარიგების შესაძლებლობა.

ჩვენს მოქალაქეებს უკვე არჩევნების მსვლელობისას შეექმნათ სრულიად ცხადი წარმოდგენა დარღვევებზე, რომელთა უდიდესი ნაწილის დაფარვას არავინ ცდილობდა. პრაქტიკულად, ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია აღწეროს კონკრეტული დარღვევა, რომლის მოწმეც თვითონ იყო. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წევრები ირონიულად აღნიშავენ, რომ 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახალი სიტყვა იყო ქართული არჩევნების ისტორიაში. ადრე ხელისუფლება ცდილობდა, “გაეკონტროლებინა” საარჩევნო პროცესი; 2 ივნისს კი მან ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვა. ხმების დათვლის დროს შუქის გამორთვაც კი არ გახსენებიათ, თქვა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ყიფიანმა. არადა, ელექტროენერგიის შეწყვეტა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების, რომ იტყვიან, საფირმო ნომერი იყო.

ძნელი სათქმელია, რამდენად მოახერხა ხალხმა საკუთარი ნების გამოხატვა არჩევნების უაღრესად ცუდი ორგანიზების გამო, აღნიშნა დავით ყიფიანმა. როგორც ცნობილია, ზოგიერთ ქალაქში – ზუგდიდში, ხაშურში, ახალქალაქსა და, განსაკუთრებით, რუსთავში ამომრჩევლებს არც მიეცათ ამის საშუალება. “სამართლიანი არჩევნების” მიერ ამომრჩეველთა აქტივობის პარალელურმა აღრიცხვამ აჩვენა, რომ მასობრივი და ცენტრალიზებული გაყალბება არ ყოფილა. თბილისსა და დანარჩენ საქართველოშიც საზოგადოებას ყოველ მერვე უბანში ჰყავდა დამკვირვებელი, რომელიც საარჩევნო ყუთში ჩაყრილ ბიულეტენებს ითვლიდა. ამგვარი გამოთვლების თანახმად, არჩევნებზე მივიდა ამომრჩეველთა 41,65%.

დარღვევათა კლასიფიცირებისას “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ აღინიშნა ორი ძირითადი დარღვევა: ამომრჩეველთა კატასტროფულად გაუმართავი სიები თბილისში და ძალადობა - უფრო რეგიონებში. შემჭიდროებულ ვადაში არჩევნების ორგანიზებამ წარმოშვა სხვა პრობლემებიც: დააგვიანეს ბეჭდებისა და ბიულეტენების მიწოდება, არ დაარიგეს ამომრჩევლის ბარათები, საარჩევნო კომისიათა წევრები არ იცნობდნენ შეცვლილ კანონს და არ იყვნენ სათანადოდ მომზადებულნი. დავით ყიფიანის თქმით [ყიფიანის ხმა]: “დაირღვა ძალიან ბევრი კანონი, კანონის მუხლები. ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგიც – ნაკლებ მნიშვნელოვანი”.

დადებით მომენტებს შორის დავით ყიფიანი აღნიშნავს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს, რამაც გაართულა მათში დიდი რაოდენობით ყალბი ბიულეტენების ჩაყრა. პოზიტიურ მოვლენად მიაჩნია კანონის ნორმა, რომლის ძალითაც, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციები წინასწარ კი არ არის დადგენილი, არამედ უშუალოდ არჩევნების წინ, წილისყრის შედეგად ვლინდება, რაც ზღუდავს ან სულაც შეუძლებელს ხდის საარჩევნო ვაჭრობა-გარიგებებს.

დავით ყიფიანმა ჩვენი რადიოს ეთერში არჩევნებამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რომ “სამართლიანი არჩევნები” სათანადო მტკიცებულებათა არსებობისას სასამართლოში გაასაჩივრებდა საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილებებს. ახლა მან ეს აზრი გაიმეორა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება სამი დღის ვადაში უნდა მოხდეს. საეჭვოა, სამი დღე ეყოს ყველა იმ დარღვევისა თუ უკანონობის აღნუსხვას, სარჩელად ჩამოყალიბებას და დამოწმებას, რისი მომსწერნიც გასულ კვირას შევიქენით.
XS
SM
MD
LG