Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სომხეთთან ალიანსს ამაგრებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რუსეთი ამაგრებს ერევანთან სამხედრო ალიანსს. გასულ კვირაში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმირ რუშაილომ ერევანში ვიზიტით ყოფნისას განაცხადა,

რომ მოსკოვი გამოეპასუხება ერევნის მოთხოვნას დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შესახებ და შესთავაზა სომხეთს იარაღის დაწვრილებითი სიის წარდგენა.

გასული კვირის შეხვედრაზე ერევანში ორმა მოკავშირემ პირველად განიხილა საჯაროდ სომხეთისთვის მოსკოვის მიერ იარაღის მიწოდების საკითხი.

როგორც ჩვენი რადიოს ერევნელი კორესპონდენტი ემილ დანიელიანი წერს, ანალიტიკოსები ამ ამბავმა არ გააკვირვა, ვინაიდან ის დაემთხვა შეერთებული შტატების ჯარისკაცების ჩასვლას საქართველოში, რომელსაც რუსეთი თავისი გავლენის ტრადიციულ სფეროდ მიიჩნევს.

ამერიკის სამხედრო ძალები პირველად აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიაში და ამან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აანერვიულა, თუმცა საჯაროდ მან თავისი გაღიზიანება დამალა და თქვა, რომ არ ეწინააღმდეგება ნაბიჯებს, რომელთაც ვაშიგტონი ანტიტერორისტული კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

თავდაცვის საკითხებში რუსეთის წამყვანი ანალიტიკოსი პაველ ფელგენგაუერი, ამბობს: [ფელენგაუერის ხმა] “რუსეთის თვალსაზრისით,ის, რაც ხდება ახლა საქართველში, აძლიერებს ერევან-მოსკოვის ღერძის მნიშვნელობას, ვინაიდან მოსკოვში ამას ბევრს სჯერა, როი საქართველო სულ უფრო და უფრო ანტი-რუსულ პოლიტიკას ატარებს.”

მსგავს აზრს გამოთქვამს სერგეი შაქარიანცი, არასამთავრობო ორგანიზაცია “სომხეთის ეროვნული და საერთაშორისო საქმეების შემსწავლელი ცენტრიდან”. მისი სიტყვით, რუსეთი სომხეთთან გარიგებით რეგიონში თავისი გავლენის შემცირების კომპენსაციას ცდილობს.

[შაქარიანცის ხმა] “რუსეთი ხაზს უსვამს, რომ მას ჰყავს კავკასიაში მოკავშირე, რომ ამ მოკავშირეს აუცილებლად სჭირდება რუსეთის დახმარება და რომ რუსეთი არ შეწყვეტს თავისი გავლენის განმტკიცებას იმ ქვეყნებისთვის დახმარებით, რომლებისც იზიარებენ მის ინტერესებს.”

ხედავს რა საქართველოსა და აზერბაიჯანში თავისი გალენის შესუსტებას, მოსკოვი ცლილობს რეგიონში მთავარი როლის შენარჩუნებას სომხეთთან, კავკასიაში მის ერთადერთ მოკავშირესთან, კავშირების განმტკიცებით, წერს ჩვენი რადიოს ერევნელი კორესპონდენტი დანიელიანი. მისი სიტყვით, ის რომ სომხეთი იძულებელია მოსკოვის დახმარება ეძებოს – რაზეც მას აიძულებს გადაუჭრელი უთანხმოებანი აზერბაიჯანთან და თურქეთთან – ხელს უწყობს რუსეთის სტრატეგიას.

როგორც დანიელიანი წერს, რუსეთის სამხედრო დახმარება სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა სომხეთს 1991-94 წლებში მთიანი ყარაბაღის თაობაზე აზერბაიჯანთან ომში. სწორედ ამან შეაძლებინა სომხეთს შეექმნა, როგორც მისი ლიდერები ამბობენ, ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა სამხრეთ კავკასიაში.
ერევანი აგრეთვე კმაყოფილია იმით, რომ რუსეთი ცდილობს შეაკავოს თურქეთი, რომელიც მეტისმეტად აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და კავკასიაში სამხედრო სფეროში.
მაგრამ, წერს დანიელიანი, სომხეთის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს სულაც არ სურს აღმოჩნდეს ჩათრეული შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაპირისპირების შესაძლო ახალ რაუნდში, მით უმეტეს, რომ არ გამორიცხავს შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობას.

რაც შეეხება ამერიკასა და რუსეთს შორის მტრობას, ექპერტების თქმით, ის კვლავაც არსებობს, როცა საქმე სამხრეთ კავკასიას ეხება.
ფელგენგაუერი ამბობს: [ფელგენგაუერის ხმა] “საჯაროდ რუსეთი არ ეწინააღმდეგება შეერთებული ჯარისკაცების ყოფნას საქართველოში. პუტინმა რამდენჯერმა გაიმეორა, რომ რუსეთი სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. მიუხედავად ამისა, მე კარგად ვიცი, რომ კრემლთან დაახლოებული პირები საქართველოსა და საერთოდ ედუარდ შევარდნაძის რეჟიმს მსოფლიში ყველაზე ანტი-რუსულად თვლიან.”
XS
SM
MD
LG