Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მუშაობას განაგრძობს უხუცესთა საბჭოს ყრილობა ”ლოია-ჯირგა”


ანდრო ეული, პრაღა ქაბულში მუშაობას განაგრძობს სრულიად ავღანეთის უხუცესთა საბჭოს ყრილობა ”ლოია-ჯირგა”, რომელმაც ახალი გარდამავალი მთავრობა უნდა აირჩიოს.




ავღანეთის ყოფილმა მეფემ მოჰამად ზაჰირ შაჰმა თავიდანვე განაცხადა, რომ არ სურს თავის ქვეყანაში მონარქიის აღდგენა, და მაინც, ”ლოია-ჯირგის” ყრილობაზე მიწვეულ დელეგატთა უმრავლესობა სწორედ მას უჭერს მხარს, როგორც ერთადერთ პიროვნებას, რომელიც ურთიერთმოქიშპე ფრაქციებად დაყოფილი ავღანეთის გაერთიანებას შესძლებს.

მაგრამ, ფანშირის ხეობაში მობინადრე ეთნიკური ტაჯიკები წინააღმდეგი გამოდიან 87-წლის ყოფილი მონარქის ყოველგვარი მონაწილეობისა ახალ მთავრობაში. ორშაბათს, ზაჰირ შაჰის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყოფილი მონარქი არ აპირებს ახალ მთავრობაში მონაწილეობას. მეორე დღეს, ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ბურანუდინ რაბანი გამოეთიშა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე პაექრობას, და ზაჰირ შაჰმაცა და რაბანიმაც დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჰამიდ კარზაის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.

მიმართა რა ყრილობის მონაწილეებს, ჰამიდ კარზაიმ განაცხადა: [ჰამიდ
კარზაის ხმა] ”თუ ჩვენი ძმები მე ამირჩევენ, ჩვენი ბრძოლა მშვიდობის, უშიშროების, სტაბილურობისა და ეროვნული ერთიანობისთვის კვლავაც გაგრძელდება. როცა საქმე მშვიდობას, უშიშროებას, დამოუკიდებლობასა და ჩვენი ტერიტორიის მთლიანობას ეხება, არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა”.

”დემოკრატია პირველ ნაბიჯებსა დგამს ავღანეთში”-წერს გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი”.
და მართლაც, საბჭოელთა ოცწლიანი ოკუპაციის, ხანგრძლივი სამოქალაქო ომისა და თალიბების რეპრესიული რეჟიმის შემდეგ, ავღანელი ლიდერები იარაღისა და დაშინების გარეშე, თავისუფლად გამოთქვამენ დღეს თავიანთ აზრს ქვეყნის სამომავლო რეფორმირების თაობაზე.
”ლოია-ჯირგა” სიტყვის თავისუფლების გაკვეთილია. ავღანელმა ხალხმა, პირველად განვლილი 23 წლის მანძილზე, ხმის უფლება მოიპოვა”-განაცხადა ჰამიდ კარზაის უფროსმა მრჩეველმა აშრაფ ღანი აჰმედზაიმ.

უხუცესთა საბჭოს ყრილობაზე ორუზღანის პროვინციიდან ჩასულმა დელეგატმა ასადულა ნავაბიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სამშაბათს გახსნილი ”ლოია-ჯირგა” კვირას უნდა დამთავრდეს, და დასძინა, ”ექვსი დღე არაა საკმარისი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების განსახილველადო”.

სიტყვით გამოსულმა რამდენიმე დელეგატმა აღშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ყრილობას შეიარაღებულ ფორმირებათა მეთაურები ესწრებიან. ”ჩვენ დაგვპირდნენ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ხელები სისხლში აქვს გასვრილი, არ მოიწვევდნენ ამ ყრილობაზე, რომელსაც არაერთი სამხედრო პირი ესწრება. ვერ გამიგია, ”ლოია-ჯირგაა” ეს თუ სამხედრო საბჭო”-განაცხადა ყანდაარიდან ჩასულმა დელეგატმა საფარ მოჰამადმა.
XS
SM
MD
LG