Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა არაერთი კომენტარი მიუძღვნა დასავლეთის პრესამ ცნობას იმის შესახებ, რომ 1 ივლისს ნიდერლანდების დედაქალაქში მუშაობას შეუდგა გაეროს მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალი.

თუმცა, მრავალი მიმომხილველი გაწბილებულია შეერთებული შტატების მოულოდნელი განცხადების გამო, რომ მის ტერიტორიაზე ტრიბუნალის იურისდიქცია არ გავრცელდება.

გაზეთი ”ფრანკფურტერ ალგემაინე” მიესალმება მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსებას და აღნიშნავს, რომ ამიერიდან ვეღარსად დაიმალებიან ის პირები, ვისაც გენოციდში, მასობრივ გაუპატიურებასა თუ პატიმართა წამებაში მიუძღვის ბრალი. გაზეთი წერს:

”ცალკეული პოლიტიკოსები ვაშინგტონში შიშობენ, რომ მუდმივმოქმედი ტრიბუნალი პოლიტიზებულ უწყებად, ერთგვარ მარიონეტულ სასამართლოდ იქცევა, რასაც, შესაძლოა, ამერიკელი მოქალაქეების საჯარო გასამართლება მოჰყვეს. მართალია, ტრიბუნალის გამომძიებლებს შეუძლიათ საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები არ მოისურვებს, თავადვე გაასამართლოს დამნაშავენი. მუდმივმოქმედი ტრიბუნალი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ ქვეყანას არ სურს, ანდა არ შესწევს უნარი, თავადვე წარმართოს სასამართლო პროცესი.”

როგორც გაზეთი ”ბოსტონ გლოუბი” სარედაქციო სტატიაში აღნიშნავს, შეუწყვიტა რა მუდმივმოქმედ საერთაშორისო ტრიბუნალს მხარდაჭერა, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ ამით ზურგი შეაქცია უწყებას, რომლის დაარსებაში თავად მიუძღვის დიდი წვლილი. ხოლო მას შემდეგ, რაც კვირას, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც 6 თვის ვადით ითვალისწინებს ბოსნიაში მივლინებული სამშვიდობო მისიისთვის მანდატის გაგრძელებას, ვაშინგტონმა თავისი მოკავშირეების გულისწყრომაც გამოიწვია. გაზეთი განაგრძობს:

”თავად შეერთებული შტატების უახლოესმა მოკავშირეებმა ორმაგი სტანდარტით ახსნეს ვაშინგტონის მხრიდან უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს დადება. შეერთებული შტატების შიში, რომ ტრიბუნალმა, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები აღძრას ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ, საფუძველსაა მოკლებული, ვინაიდან მუდმივმოქმედ ტრიბუნალთან დადებულია უკვე რამდენიმე შეთანხმება, რაც უზრუნველყოფს გაეროს მშვიდობისდამცველების დაცვას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებისაგან.”

ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის საქმეში ბევრი უმნიშვნელოვანეს წარმატებად მიიჩნევს მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსებას, თუმცა გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტის” აზრით, ამგვარი რეაქცია ნაადრევია. ტრიბუნალმა სამხედრო დამნაშავეებს უნდა აგებინოს პასუხი, თუმცა შეუძლია უდანაშაულო ადამიანებიც გაასამართლოს, ვინაიდან შექმნილი არ არის კონტროლის დემოკრატიული მექანიზმი.

”შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ტრიბუნალის საქმიანობაში მონაწილეობაზე, მაგრამ ვაშინგტონი უნდა მიახვედრონ, რომ დაუშვებელია ამერიკელი სამხედროების მიმართ უსაფუძვლო ბრალდების წაყენება, ხოლო ამის შემდეგ ტრიბუნალს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაანახოს მთელს მსოფლიოს, რომ საერთაშორისო სამართლის განუყოფელი ნაწილია. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია, ამის ნაცვლად, ტრიბუნალს თავიდანვე დაუპირისპირდა და არ დაიცადა, დაენახა, რამდენად რეალურია პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებათა თეორიული შესაძლებლობა. ბოსნიაში სამშვიდობო მისიის მანდატის გაგრძელებაზე დადებული ვეტო ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებს ბალკანეთში და შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამს წყალს”.

შეერთებული შტატების პოზიციას აკრიტიკებს ბრიტანეთის გაზეთი ”ინდეპენდენტიც”. მისი აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრიბუნალი ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ დაუსაბუთებელი საქმის აღძრას შეეცდება, ეს უშედეგოდ დამთავრდება. სარედაქციო სტატიაში გაზეთი განაგრძობს:

”ვაშინგტონი საერთაშორისო ტრიბუნალის კატეგორიული წინააღმდეგია, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს უწყება, მისი იუსტიციის პრიორიტეტს უქმნის საფრთხეს. ამავე მიზეზით უარყოფს შეერთებული შტატები სხვა საერთაშორისო შეთანხმებებსაც, მაგალითად გლობალური დათბობის, ბირთვული გამოცდების, ან კიდევ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ. ვაშინგტონი დაჟინებით აცხადებს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში თავისი განსაკუთრებული როლის გამო საგანგებო მიდგომას იმსახურებს. მაგრამ ეს ასე არ არის. ამერიკამ თამაშის საერთაშორისო წესები უნდა დაიცვას. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ სამშვიდობო ოპერაციები ბოსნიაში და, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც, შეერთებული შტატების ამგვარი პოლიტიკის მძევლები ხდებიან. ეს ოპერაციები, ისევე, როგორც საერთაშორისო ტრიბუნალის საქმიანობა, ამერიკასთან ერთად თუ მისი მონაწილეობის გარეშე, უნდა გაგრძელდეს.”

სულ სხვა აზრისაა ბრიტანეთის გაზეთი ”ტაიმსი”. მისი თქმით, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული კრიტიკა ერთობ გაზვიადებულია, ხოლო შეერთებული შტატების შიში სულაც არ არის უსაფუძვლო, თანაც ამერიკა, ამ მხრივ, გამონაკლისი არ არის. საერთაშორისო სამართალთან დაპირისპირების პერსპექტივა რუსეთსაც აფრთხობს. დიდმა ბრიტანეთმაც, ვიდრე ავღანეთში თავის ჯარისკაცებს განათავსებდა, მიაღწია შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ იქ მყოფი მშვიდობისდამცველები, თავიანთი ქვეყნის თანხმობის გარეშე, არ გადასცენ არავითარ საერთაშორისო ტრიბუნალს. გაზეთი დასძენს:

”გაერომ არჩევანი უნდა გააკეთოს საერთაშორისო სამართლის აბსტრაქტულ იდეასა და საერთაშორისო წესრიგის დაცვის ბევრად უფრო კონკრეტულ აუცილებლობას შორის. შეერთებულ შტატებს ევროპაში ან ცალმხრივი პოლიტიკის, ან იზოლაციონიზმისთვის აკრიტიკებენ. მაგრამ თუ ევროპელები დაჟინებით მოითხოვენ საერთაშორისო ტრიბუნალის შენარჩუნებას ამჟამინდელი სახით, როცა მისი უფლებამოსილებანი იმ ქვეყნებზეც ვრცელდება, რომლებმაც შეთანხმებას არ მოაწერეს ხელი, შედეგად მივიღებთ იზოლაციონიზმსა და ისეთ მსოფლიოს, რომელშიც ცოტა პოლიციელი, სამაგიეროდ ბევრი ვექილი იქნება”.

4 ივლისს ამერიკელებმა საზეიმოდ აღნიშნეს ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე და, როგორც გაზეთი ”ნიუ იორკ ტაიმსი” შენიშნავს, ”წელს ამ დღესასწაულმა შეგვახსენა, რომ ერის სიძლიერე მისი პრინციპების სიმტკიცეშია.” ის, რომ თავისუფლება ამერიკაში ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ბუნებრივად აღიქმება და იშვიათად გვიხდება ხელახლა გაცნობიერება იმისა, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში დამოუკიდებლობა.

პატრიოტიზმის აღზევება, 11 სექტემბრის შემდეგ რომ მოხდა, ქვეყანასა და მის პრინციპებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო რეაქცია იყო. და მრავალი ამერიკელი მზად აღმოჩნდა, საკუთარი სიცოცხლე გაეღო სამსხვერპლოზე ამ პრინციპების დასაცავად. შეეცადო, იგრძნო თავისუფლება, იგივეა, სცადო დედამიწის ბრუნვა შეიგრძნო. ამისათვის წარმოსახვის უნარი უნდა გქონდეს. თავისუფლება მუდმივი შესაძლებლობა როდია ნებისმიერი არჩევანისა; ეს არის უნარი, აირჩიო ის, რაც მოქალაქის უფლებებს შეესაბამება. ყოველი 4 ივლისიც ხომ ამ არჩევანის მნიშვნელობას შეგვახსენებს. ხოლო 2002 წლის 4 ივლისს ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა.

”4 ივლისს თავისი დაბადების 226-ე წლისთავი აღნიშნა შეერთებულმა შტატებმა, ჭრილობამიყენებულმა და, ალბათ, სასოწარკვეთილმაც, მაგრამ კვლავინდებურად ძლიერმა და შემწყნარებლობის, თავისუფლებისა და შესაძლებლობათა მოკაშკაშე შუქურამ მთელს მსოფლიოში” -წერს გაზეთი ”ლოს ანჯელეს ტაიმსი” და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”სულ ცოტა, 19 ტერორისტი მოვიდა აქ მიწიერი ცხოვრების აღსასრულებლად და თან ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ, წლების მანძილზე მილიონობით ადამიანი ჩამოდიოდა და კვლავაც ჩამოდის აქ ახალი ცხოვრების დასაწყებად და სრულად ავლენს თავის შესაძლებლობებს. შენობები აღიმართება და, ამა თუ იმ მიზეზით, ბოლოს ინგრევა. მაგრამ შეერთებული შტატების იდეა ნებისმიერ პიროვნებასა თუ ფიზიკურ ნაგებობაზე ძლიერი აღმოჩნდა.”
XS
SM
MD
LG