Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კრიმინოგენული ვითარება იძაბება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 16 ივლისს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით კრიმინალური სიტუაციის დაძაბვა გარკვეული

ძალების გააქტიურებამ გამოიწვია. მინისტრი არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს ამ ძალებში, თუმცა აცხადებს, რომ მათ მიმართ უნდა გატარდეს აღმკვეთი ღონისძიებები.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სამჯერ სცადეს სასტუმრო “თბილისი-მარიოტის” მახლობლად, ალექსანდრეს ბაღში, აფეთქების მოწყობა. თუ პირველი ორი აფეთქება მაინც მოხდა, – საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ, - 15 ივლისს სასტუმროს დაცვის პერსონალის ყურადღების წყალობით, მესამე - როგორც ირკვევა, საკმაოდ ძლიერი -აფეთქება თავიდან იქნა აცილებული. 16 ივლისს უშიშროების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსანდრეს ბაღში აღმოჩენილ კონტეინერში იყო ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება – ჰექსონი, რომელიც სიძლიერით რამდენჯერმე აღემატება ტროტილს. ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივი ამოძრავებს არშემდგარ ტერორისტს, რომელიც მანიაკალური აკვიატებით ირჩევს აფეთქებისთვის ერთსა და იმავე ადგილს. – უშიშროების მინისტრის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საქმე აღძრულია საბოტაჟის მუხლით, თუმცა არ გამოირიცხება არც ბიზნესკონფლიქტის არსებობის შესაძლებლობა. სხვათა შორის, ამ ვერსიას, ანუ კონკურენტების “ბრძოლას წესების გარეშე,” კატეგორიულად უარყოფს სასტუმრო “თბილისი-მარიოტის” დირექცია.
ასევე კატეგორიულად უარყოფს ანგარიშსწორების შესაძლებლობას ქუთაისელი ბიზნესმენი ავთანდილ კოსტავა, რომლის კუთვნილ რესტორანში ამ ორიოდე დღის წინ ნაღმი და დისტანციური მართვის მოწყობილობა აღმოაჩინეს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით დაუდგენელ პირს, როგორც ჩანს, ბოლო წუთში ნერვებმა უმტყუნა და სატელეფონო ზარით აცნობა რესტორნის ადმინისტრატორს, რომ რესტორანი დანაღმული იყო.
კიდევ ერთი ბიზნესმენი, ჯაბრაილ ხანგოშვილი, კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ კავშირს ტერორიზმში ეჭვმიტანილ რუსლან ბეშაევთან, რომელიც ურეკში იქნა დაკავებული. შეგახსენებთ: გავრცელებული ცნობით, მოსკოვისა და ვოლგოდონსკის ტერაქტებში ეჭვმიტანილი ბეშაევი ხანგოშვილის აგარაკზე დააკავეს. დაკავებისას ბეშაევის მიერ აფეთქებული ხელყუმბარით დაიჭრა ხანგოშვილის და, მარგო. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესს” განუცხადა ჯიბრაილ ხანგოშვილმა, მას ურეკში სახლი საერთოდ არა აქვს და არც მარგო ხანგოშვილია მისი და. მისივე ვერსიით, ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილთან მისი სახელის დაკავშირებით, გარკვეული ბიზნესწრეები მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ.
ბოლო ინფორმაციით, ურეკში დაკავებული ბეშაევი უკვე მოსკოვში, ლეფორტოვოში, იმყოფება დაკითხვაზე. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ რუსეთის მხარემ გადასცა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ზუსტი კოორდინატები, რის შემდეგაც საქართველოს მხარე იძულებული გახდა, დაეკავებინა და რუსეთის სამართალდამცავებისთვის გადაეცა ტერაქტში ეჭვმიტანილი ბეშაევი, რომელიც, რუსეთის მედიის ცნობით, ადამ დეკუშევია, ცნობილი ხატაბის ტერორისტული ჯგუფის წევრი. მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობის წერილი მოსწერა ტერორისტებთან ბრძოლაში დახმარებისთვის, მაგრამ, არაერთი ვერსიით, გამორიცხული არ არის, რომ ჩეჩენი ბოევიკების დაკავების ფაქტებმა უკვე საქართველო აქციონ ტერაქტების პოლიგონად.
XS
SM
MD
LG