Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა რუსეთსა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას შორის


რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტის ზრდა, როგორც ჩანს, კვლავ ხდება ”ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასთან”, OPEC-თან, დაპირისპირების მიზეზი.

სანავთობო კარტელის მესვეურები შიშობენ, რომ რუსეთის პოლიტიკა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების გამო ომს გამოიწვევს. მართალია, ნავთობის პროდუქციის გაზრდა შესაძლოა ახარებდეს მომხმარებელს, მაგრამ, როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, მიმდინარე წელს რუსეთში უკვე შემცირდა ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

საქმიან წრეებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ბაზრებზე მოახლოებული ომის შესახებ ნავთობის ფასების გამო. როგორც ვარაუდობენ, ფასების მკვეთრი დაცემა მოგებას შეუმცირებს რუსეთს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, თუმცა, შესაძლოა ხელი შეუწყოს დასავლეთის ქვეყნებში ეკონომიკის ზრდას.

პარასკევს OPEC-ის პრეზიდენტმა რილვანუ ლუკმანმა გააფრთხილა მოსკოვი. ”რუსეთი ცდილობს იმდენი ნავთობი აწარმოოს, რამდენიც შეუძლიაო”, განუცხადა მან იტალიელ ჟურნალისტებს. ამასთან, ლუკმანის თქმით, OPEC-ს ძალა შესწევს თავი გაართვას რუსეთთან ფასების გარშემო ნებისმიერ დაპირისპირებას.

შაბათს ლონდონში გამომავალმა ”ფაინენშლ ტაიმსმა” ამ თემაზე კიდევ უფრო მკვეთრი კომენტარი გამოაქვეყნა. OPEC-ის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას გაზეთი არ ასახელებს, განაცხადა, რომ რაც დრო გადის, უფრო ძნელი ხდება რუსეთის ნდობა. ”დროა უფრო აგრესიული პოლიტიკა ვაწარმოოთ მის მიმართო”.

რუსეთთან OPEC-ის დაპირისპირება დაიწყო გასული წლის ბოლოს, როცა კარტელმა დაითანხმა მოსკოვი მონაწილეობა მიეღო ნავთობის პროდუქციის შემცირების პოლიტიკაში, ფასების მკვეთრი დაცემის თავიდან ასაცილებლად.

მართალია, მოსკოვი დათანხმდა, დღეში 150 ათასი ბარელით შეემცირებინა ნავთობის წარმოება, მაგრამ ამ განცხადებას მსოფლიო ბაზრებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი ჰქონდა მხოლოდ. მოსკოვმა უარი თქვა პროდუქციის შემცირება წლის მეორე ნახევარშიც გააგრძელოს. ამან რეალური გახადა OPEC-თან ფასების გამო ომის საფრთხე.

ივნისში რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტი დღეში 150 ათასი ბარელით შემცირდა, მაგრამ ივლისის დამდეგს რეიტერის სააგენტომ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ოფიციალურ მონაცემებში არ შედიოდა კუბისთვის განკუთვნილი ექსპორტი დღეში 200 ათასი ბარელის ოდენობით.

სხვათა შორის, OPEC-ის შეშფოთებას ბოლომდე არ იზიარებს ნავთობის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი საუდის არაბეთი. ”არაბ პეტროლიუმ ინვესტმენტ კორპორეიშნ”-ის წარმომადგენელმა აბდულა ბინ ალიმ სააგენტო AFX-ს განუცხადა, რომ მოკლევადიანი პერპექტივით რუსეთის ნაბიჯმა მხოლოდ მცირე ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს ბაზრებზე. ”ოპეკს ძალა შესწევს ბარელი ნავთობის ფასი 22 დოლარის დონეზე შეინარჩუნოს. კარტელის ნებისმიერი ნაბიჯი ნავთობზე მოთხოვნილებასა და ამერიკის ეკონომიკაზე იქნება დამოკიდებულიო”, დასძინა ბინ ალიმ.
XS
SM
MD
LG