Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიროვნების კულტი შუა აზიის ქვეყნებში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როგორც დასავლეთში, ისე შუა აზიაში, მოელოდნენ, რომ მის ადგილს დემოკრატიული სახელმწიფოები დაიკავებდნენ.

ეს იმედები გაქარწყლდა ათი წლის შემდეგ, როცა გამოირკვა, რომ ამ ქვეყნებში ავტორიტარული რეჟიმი იმარჯვებს, უფრო მეტიც, მკვიდრდება პიროვნების კულტი.

როცა ხალხს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უხდება, თუ ლიდერი ძლიერი პიროვნებაა, ეს ეხმარება ერს საკუთარი მეობის განმტკიცებაში. ამის კარგი მაგალითია მაჰათმა განდი ინდოეთში, 1940-იან წლებში.

მაგრამ ირკვევა, რომ შუა აზიის ლიდერები თავიანთ სიძლიერეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებისთვის იყენებენ. მაგალითად გამოდგება თურქმენეთის ლიდერი საფარმურად ნიაზოვი, რომელმაც თავი “თურქმნებაშად” ანუ “თურქმენების მამად” გამოაცხადა. რესპუბლიკის დედაქალაქ აშხაბადში მექანიზებულ კვარცხლბეკზე დგას მისი მოოქროებული მონუმეტი. 13,5 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, რომლის მოოქროებაზე 6,5 კგ ოქროს ფხვნილი წავიდა, ტრიალებს ეგებება მზის ამოსვლას და აცილებს მის ჩასვლას.

ნიაზოვმა დაწერა გრძელი პოემა, სახელწოდებით “თეთრი ხორბალი”, რომელიც თურქმენეთის მოსავალს მიუძღვნა. მასში ის ხოტბას ასხამს ხორბალსა და მის მომყვან გლეხს, როგორც სახელმწიფოს კეთილდღეობის შემქმნელს.

თურქმენეთის მედიის თქმით, პოემა შედევრია. სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა კონკურსი მუსიკაზე, ნიაზოვის პოემის სიტყვებზე. ამის შესახებ მოსახლეობას გულნაბათ ოვეზოვამ აუწყა, თურქმენეთის ტელევიზიის ახალი ამბების ყოველდღიურ გადაცემა “ვატანში”, რაც სამშობლოს ნიშნავს.

[ოვეზოვას ხმა] “ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პოემა დაწერილი ჩვენი საყვარელი და მზრუნველი ბელადის თურქმენბაშის მიერ, სათანადო ადგილს დაიმკვიდრებს ჩვენს პოეტურ მემკვიდრეობაში. დღეს მთავრობა აცხადებს კონკურსს კომპოზიტორებს შორის, პოემის სიტყვებზე საუკეთესო მუსიკის შესაქმნელად. კონკურსის პირობებით, გამარჯვებული დიდ ფულად ჯილდოს მიიღებს.”

მსგავსი კულტი უზბეკეთშიც არის. სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ გამოცდა პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის წიგნის ცოდნაში. საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქმის ყველას, დაწყებული პარლამენტის წევრებით, დამთავრებული უნივერსიტეტის პროფესორით, აშკარა სიამოვნებით მოჰყავს ციტატები უზბეკეთის ლიდერის გამოსვლებიდან ან შრომებიდან. როგორც წესი, წინადადება იწყება სიტყვებით: “როგორც ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი ბრძანებს…”

პოლიტიკური ელიტა ყაზახეთშიც მუდამ მლიქვნელობს პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის წინაშე. პარლამენტის რამდენიმე წევრმა ამას წინათ სცადა ნაზარბაევის წარდგენა ნობელის პრემიაზე, მაგრამ წინადადებამ კანონმდებლების ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.

ასევე წარუმატებლად სცადეს ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რახმონოვის მხარდამჭერებმა მისი წარდგენა ნობელის პრემიაზე 2001 წლის აპრილში.
1998 წელს ტაჯიკეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ სიტყვა “პრეზიდენტი” უნდა იხმარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ როცა ლაპარაკია სახელმწიფოს მეთაურზე. ხოლო კომპანიებისა და სხვა ორგანიზაციების უფროსებს უნდა ეწოდოს “თავმჯდომარე” ან “აღმსრულებელი”. მაგრამ ამ ცვლილებამ ფეხი ვერ მოიკიდა, ვინაიდან გაკრიტიკებულ იქნა, როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ.

მიუხედავად სასაცილო და ფარსის ელემენტისა, რომელიც თან სდევს პიროვნებათა კულტს, ანალიტიკოსების თქმით, ეს ხელს უწყობს ამ ლიდერებს ძალაუფლების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. და სულაც არ არის გასაკვირი, რომ კულტის ფენომენმა სწორედ შუა აზიაში მოიკიდა ფეხი.

იან ბრემერი, ნიუ იორკის კვლევითი ინტიტუტიდან “იურეიჟა გრუპს”, რომლის სპეციალიზაცია შუა აზია და კასპიის ზღვის რეგიონია, ამბობს, რომ პიროვნების კულტი ვითარდება ხშირად იმ ხალხებს შორის, ვინც საკუთარ კულტურულ მეობას ეძებს, განსაკუთრებით კოლონიზაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ.

[ბრემერის ხმა] “როცა არა გაქვს ისტორიულად ჩამოყალიბებული ინსტიტუტები, ცდილობ დაამკვიდრო ტრადიცია, სახელმწიფოებრიობა და სიძლიერე ყველაზე თვალსაჩინო კომპონენტის მეშვეობით, რომელიც ახალ სახელმწიფოს მოეპოვება. და რის გაკეთებაც შეგიძლია ეს არის ლიდერის თუ გაღმერთება არა, ისეთ დონემდე ამაღლება მაინც, რომელიც სცდება დემოკრატიული ინსტიტუტების საზღვრებს.”

კარნეგის ფონდის თანამშრომელი მარტა ოლკოტი, ეთანხმება ამ აზრს. ამავე დროს, თვლის, რომ შუა აზიაში პიროვნების კულტი ატარებს უფრო პოლიტიკურ, ვიდრე კულტურულ ნიშანს. მისი აზრით, შუა აზიაში პიროვნების კულტის დამკვიდრების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ საბჭოთა პერიოდში ხალხი ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა – საჯაროდ აქებდა და ადიდებდა კომუნისტურ ლიდერებს, ვიწრო წრეში კი კომუნტიზმის წინა პერიოდის კულტურას ასხამდა ხოტბას.

ექსპრერტთა შეფასებით აუცილებელი არ არის პიროვნების კულტი უსასრულოდ გაგრძელდეს. ბრემერის თქმით, როცა ქვეყანა ეცნობა სხვა ქვეყნების კულტურასა და მართვის მეთოდებს, ამას პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვება და საბოლოოდ შუა აზიაში სწორედ ეს მოხდება.
[ბრემერის ხმა] “რამდენად უფრო განვითარდებიან ეს ქვეყნები ეკონომიკურად და რაც უფრო გააღრმავებენ გარე სამყაროსთან კონტაქტებს, იმდენად უფრო გაუჭირდებათ ადგილობრივი ლიდერების განდიდების ტრადიციის შენარჩუნება.”

ბრემერს მაგალითად უზბეკეთი მოჰყავს. ბოლო ექვსი თვის განმავლობში, მას შემდეგ, რაც იქ შეერთებული შტატების ბაზები გაჩნდა და უამრავი ამერიკელი მიდი-მოდის, მომრავლდა აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაცები , რომლებიც ჯანდაცვის, ქალთა უფლებებისა და გარემოს დაცვის სფეროებში მოღვაწეობენ.

რაც დრო გადის მით უფრო მეტი ინფორმაცია შედის და ვრცელდება ქვეყანაში და ეს სიტუაცია მოითხოვს მასზე ამა თუ იმ გზით უზბეკეთის მთავრობის რეაქციას.
XS
SM
MD
LG