Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა აფხაზეთში კონფლიქტის შესახებ


ეკა წამალაშვილი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირაში რუსეთის პრესამ არაერთი წერილი მიუძღვნა აფხაზეთის კონფლიქტის თემას. პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, პუბლიკაციებში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული.

ზოგიერთი წერილის შესახებ 14 აგვისტოს გაზეთი “ვრემია მნ” წერს, რომ “ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებისადმი დასავლეთის დამოკიდებულება გაეროს უშიშროების საბჭოს 29 ივლისის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა. მხარეებს დაჟინებით ურჩევენ,
რომ საბოლოო კომპრომისამდე მივიდნენ, ამასთან, აფხაზებს მოუწოდებენ, კომპრომისი საქართველოს სამართლებრივ სივრცეში მოძებნონ. ამდენად,
აფხაზეთს არაორაზროვნად მიანიშნეს, რომ ის საერთაშორისო აღიარებს ვერ მიიღებს”.

გაზეთის თქმით, “ასეთი პოზიცია სავსებით გასაგებია: დასავლეთს სტაბილური
და ერთიანი საქართველო სჭირდება. ქვეყნის ტერიტორიაზე
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაივლის, მოუგვარებელმა აფხაზურმა კონფლიქტმა კი შეიძლება პოტენციური საფრთხე შეუქმნას პროექტს. ამასთან ერთად, აფხაზეთის ხელმძღვანელობის პრომოსკოვური ორიენტაცია აშკარად არ შეესაბამება კავკასიაში რუსეთის გავლენის შეზღუდვის გეგმებს”.

“ვრემია მნ”-ს ცნობით, “ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მოსკოვი, რომელიც ნატოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ესწრაფვის, უკვე უახლოეს პერიოდში შეწყვეტს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის
მხარდაჭერას.

ამგვარი დასკვნა ეფუძნება იმას, რომ რუსეთი ფაქტობრივად აღარ არის ოპოზიციურად განწყობილი ბაქო-ჯეიჰანის პროექტის მიმართ და უფრო მეტიც,
ამ პროექტში მონაწილეობის მიღებასაც აპირებს. საუბარია ნავთობსადენზე,
რომელმაც პერსპექტივაში ნოვოროსიისკში განლაგებული ნავთობის უმსხვილესი ტერმინალი ბაქო-ჯეიჰანის მაგისტრალს უნდა დაუკავშიროს. ამასთან
დაკავშირებით რუსეთს ახალ პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ: ახალი მილსადენი აფხაზეთის ტერიტორიაზე გაივლის და გაუგებარია, აფხაზები როგორ მოიქცევიან”.

შემდეგ გაზეთი აღნიშნავს, რომ “აფხაზებისთვის რუსეთის ქვეშევრდომობის მასობრივი დარიგების ფაქტი არანაირ სქემაში არ ჯდება, – სხვადასხვა
შეფასებით, რესპუბლიკის მცხოვრებთა 60-დან 80%-მდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გახდა”.
“ვრემია მნ”-ს თქმით, “იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი, ასე ვთქვათ, “დათმობს” აფხაზეთს, მაშინ თვითონ მოუწევს რუსეთის 130 000 მოქალაქის გასახლება აფხაზეთიდან, რისი განხორციელებაც აბსოლუტურად შეუძლებელია”.

განსხვავებული პოზიცია უკავია პოლიტოლოგ ანდრეი ფიოდოროვს, რომლის წერილი გაზეთის ამავე ნომერშია გამოქვეყნებული. მისი თქმით, “დღეს აშკარაა,
რომ მხარეები არ არიან მზად მოლაპარაკებების გზით პრობლემის
გადაჭრისათვის. თბილისს არ ძალუძს ძალის საშუალებით მისი გადაჭრა – აფხაზეთის არმია საკმარისად ბრძოლისუნარიანია და საკმარისად კარგად არის შეიარაღებული. და, რაც პრინციპიალურია, აფხაზეთი რუსეთის პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილის დიდი სიმპათიებით სარგებლობს. რუსეთისა და საქართველოს ბოლოდროინდელი ურთიერთობების ჭრილში კი ამ სიმპათიების გაძლიერებაა მოსალოდნელი მხოლოდ”.

ამიტომ ანდრეი ფიოდოროვი მიიჩნევს, რომ აფხაზეთი შევარდნაძის წასვლას ელოდება.

“მისი წასვლა კი გარდაუვალია, – ამბობს იგი, – ამდენად, მოვლენათა
განვითარება ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ მოვა თბილისის ხელისუფლების სათავეში: იქნება ეს “შევარდნაძის კაცი”, თუ ვიღაც სხვა, იქნებ, მოსკოვის წარგზავნილიც, რომელიც კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ გზას მიანიჭებს უპირატესობას”.

16 აგვისტოს “ნეზავისიმაია გაზეტას” ფურცლებზე აფხაზეთის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს:

“რეალობა ისეთია, რომ უნდა ვისაუბროთ არა ქართულ-აფხაზურ, არამედ
ქართულ-რუსულ დაპირისპირებაზე ამ რეგიონში. საქართველო უკვე რამდენიმე წელია გარკვეულწილად ფარულ სამამულო ომს აწარმოებს. რუსეთი კი ამ ომში აგრესორის როლში გამოდის.”

თამაზ ნადარეიშვილი დარწმუნებულია, წერს გაზეთი, რომ “თუ ქართველები და აფხაზები რაღაცაზე მოილაპარაკებენ, ყველა შეთანხმება მაინც ჩაიშლება მოსკოვიდან მიღებული ბრძანებით”.
XS
SM
MD
LG