Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ცნობები ამერიკაში ”ალ-ყაიდის” საქმიანობის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, ამერიკის ქალაქ დენვერში დააპატიმრეს ექვსი მამაკაცი, რომლებიც, წაყენებული ბრალდების თანახმად, ოსამა ბინ ლადენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ”ალ-ყაიდასთან” თანამშრომელობდნენ.

ხოლო გასულ თვეს, ამავე ბრალდებით, დენვერში, 36-წლის ჯეიმს უჯამა დააპატიმრეს.

როცა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა, 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქ დეტროიტში გაჩხრიკეს ბინა, სადაც 3 კაცი ცხოვრობდა, ყალბი საბუთების ხროვა, თურქეთსა და იორდანიაში ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად შემუშავებული გეგმა, აგრეთვე ნახეს ვიდეოფირი, რომელზეც დისნეილენდი, ლას ვეგასის ერთ-ერთი კაზინო და ცნობილი სასტუმრო ”ემჯიემი” იყო გადაღებული.

ქარიმ ქუბრითი, აჰმედ ჰანანი და ფარუქ ალი-ჰაიმუდი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დააკავეს და სავიზო რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს. ხოლო ოთხშაბათს, ეს სამეული, ამდენივე თანამზრახველთან ერთად დიდი ჟიურის წინაშე წარსდგა ”ალ-ყაიდის” ტერორისტულ ქსელთან თანამშრომლობის ბრალდებით.

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ფართო ქსელი ადამიანებისა, რომელთაგან ბევრი - შეერთებული შტატების მოქალაქეა, ანდა ლეგალურად ცხოვრობს ქვეყანაში, და ათასნაირი მაქინაციებით, სიგარეტის უკანონო გაყიდვით, საქველმოქმედო სახსრების მითვისებითა და ქვეყანაში ნაღდი ფულის არალეგალური შეტანით, ტერორისტულ დაჯგუფებებს აფინანსებდა.

დაპატიმრებულთაგან ხუთს, დეტროიტში წაუყენეს ბრალდება, ხოლო მეექვსეს – სიეტლში.ამ უკანასკნელს, მაჰმადიან აქტივისტს ერნესტ ჯეიმს უჯამას, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ”ჯიჰადის საწვრთნელი ბანაკის” დაარსებასა და ”ალ-ყაიდის” დაფინანსებასა და მხარდაჭერაში ედება ბრალი. ჯეიმს უჯამას, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, იმაშიც ედება ბრალი, რომ მომწამლავი ნივთიერების შექმნა ჰქონდა განზრახული, რომელიც მოსახლეობის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინა.

დეტროიტში დაპატიმრებული ხუთეული, 2 თანამზრახველთან ერთად, წაყენებული ბრალდების თანახმად, ”ალ-ყაიდასთან” დაკავშირებული, ისლამისტთა ექსტრემისტული მოძრაობის იატაკქვეშა დამხმარე ჯგუფი იყო.
ამ ხუთეულთან ერთად, ბრალდება, დეტროიტში, იუსულ ჰმიმსას, აგრეთვე ვინმე აბდელას წაუყენეს. ამ უკანასკნელის გვარი გამოძიებას ჯერჯერობით არ დაუდგენია. აბდელას გარდა ყველა დაპატიმრებულია.

ალი-ჰაიმუდი აპრილში დააპატიმრეს დეტროიტის აეროპორტის სანაყინეში, სადაც გამყიდველად მუშაობდა. ქუბრითი და ჰანანი ჭურჭლის მრეცხავებად მუშაობდნენ დეტროიტში. ერთ ხანს, ქუბრითი, ვირჯინიის შტატის ქალაქ ფოლს ჩარჩში ცხოვრობდა იმავე ქუჩაზე, სადაც 11 სექტემბრის ტერაქტის 2 მონაწილე ბინადრობდა. ქუბრითი და ჰანანი 2 წლის წინათ ჩავიდნენ შეერთებულ შტატებში მაროკოდან.

ჰმიმშა 28 სექტემბერს დააპატიმრეს აიოვას შტატის ქალაქ სედარ რაპიდსში. ჯეიმს უჯამას, ანუ ჯეიმს ერნესტ ტომპსნს, წაყენებული ბრალდების თანახმად, ტერორისტთა საწვრთნელი ბანაკის დაარსება ჰქონდა განზრახული ორეგონის შტატის დაბა ბლაიში.

ამასობაში, ოფიციალურიმა პირებმა ვაშინგტონში განაცხადეს, რომ უახლოეს თვეებში ”ალ-ყაიდასთან” თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი კიდევ ბევრი პირის დაპატიმრებაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG