Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

453-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი 453-ე გამოშვება.

წამყვანი: ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა ”მეათე სტუდიაში” გეპატიჟებით და ჯერ, გარკვეულწილ, ერაყის პრობლემაზე საუბარს გავაგრძელებთ, ჩავეძიებით რა შეკითხვას, რამდენად აქტუალური მოსაზრება, რომ აღმოსავლეთი ”ფაქიზი სფეროა”? შემდეგ გაგაცნობთ საქართველოში ჩატარებული ერთი გამოკვლევის შედეგებს და გიამბობთ ასევე საქართველოში ბიოლოგიურ მეურნეობათა მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე. ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის უცხოელი ექსპერტის, ჰანა კეგელის მოსაზრებებსაც შემოგთავაზებთ. დაბოლოს, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ვენას, სადაც 16 სექტემბერს საქართველოს კულტურის დღეები დაიწყო. მეათე სტუდიას პრაღაში გაუძღვება მარიამ ჭიაურელი.

[მუსიკა]

რამდენად აქტუალურია მოსაზრება, რომ აღმოსავლეთი ”ფაქიზი სფეროა”?

წამყვანი:
აღმოსავლეთის ქვეყნები თავისი იდუმალებით და განსხვავებულობით საუკუნეების განმავლობაში იპყრობდა დასავლეთის ყურადღებას. თუმცა, დღესაც კი არ შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთი კარგად გაერკვა აღმოსავლეთის ქვეყნების ტრადიციებსა და იქაურთა მენტალიტეტში. არადა, ბოლო პერიოდის მოვლენებმა ინტერესი იდუმალებით აღსავსე და არაპროგნოზირებადი აღმოსავლეთისადმი კიდევ უფრო გაზარდა. რამდენად აქტუალურია დღეს მოსაზრება, რომ აღმოსავლეთი ”ფაქიზი სფეროა”? ამ თემაზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
ამ კვირაში რუსულმა გაზეთმა “მოსკოვსკიე ნოვოსტიმ” გამოაქვეყნა პრეზიდენტ კარტერის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების სფეროში მრჩევლის ზბიგნევ ბჟეზინსკის სტატია სათაურით “ რა მოვუხერხოთ ანტიამერიკანიზმს”. მასში ავტორი წერს, რომ მართალია, პრეზიდენტი ბუში გონივრულად გაურბის ტერორიზმის ისლამთან გაიგივებას, მაგრამ მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები თავის გამონათქვამებში ნაკლებად გონიერნი არიან, როცა აცხადებენ, რომ ისლამური კულტურა დასავლეთისადმი მტრულად არის განწყობილი და რომ თითქოს სწორედ ეს კულტურა ქმნის ნოყიერ ნიადაგს ტერორისტებისთვის, რომლებსაც სძულთ ამერიკა. არადა, ბჟეზინსკის აზრით, ყოველ ტერაქტს საფუძვლად პოლიტიკური მოტივი უდევს. რა თქმა უნდა, ეს არც ტერორისტს ამართლებს და არც მის ქმედებას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ახლო აღმოსავლეთელი ტერორისტების სიძულვილს ამერიკისადმი თავად ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური ისტორია უქმნის ნიადაგს. შედეგად, პოლიტიკური ჩაგვრის ემოციური კონტექსტი პათოლოგიური ფანატიკოსების ჩამოყალიბების მიზეზად ხდება.

რამდენად ადეკვატური წარმოდგენა აქვს დღეს დასავლეთს აღმოსავლეთზე – ამ კითხვაზე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი სანიკიძე შენიშნავს: [გიორგი სანიკიძის ხმა] “ დასავლეთი რამდენიმე საუკუნეა ფიქრობს, როგორ შეიქმნას ადეკვატური წარმოდგენა აღმოსავლეთზე. დასავლეთს ჰყავს აღმოსავლეთში მოკავშირეებიც და მტრებიც. ამ შემთხვევაში, დასავლეთი არ უნდა ვიგულისხმოთ ერთიან ორგანიზმად, რადგან როგორც უახლოეს წარსულში ან ბოლო დღეებში გამოჩნდა, დასავლეთის ნაწილი მხარს უჭერს ამერიკის პოლიტიკას ერაყის მიმართ, ნაწილი – წინააღმდეგია.”

რაც შეეხება თავად აღმოსავლეთს – რა თქმა უნდა, აქაც დიდია განსხვავებები კონკრეტულ ქვეყნებს შორის, რომელთა ნაწილმა მეტ-ნაკლები წარმატებით მიიღო დასავლური ღირებულებები, დიდი ნაწილი კი კვლავინდებურად, დახურულ ქვეყნად რჩება. [გიორგი სანიკიძის ხმა] “განსხვავებულია სისტემა, განსხვავებული მენტალიტეტია ამ ქვეყნებში და, რასაკვირველია, იქ დასავლური კატეგორიებით მიდგომა ხშირ შემთხვევაში არ არის გამართლებული.”

თუმცა, გიორგი სანიკიძის დაკვირვებით, დასავლური ღირებულებები ნელნელა ისეთ დახურულ ქვეყანაშიც აღწევს, როგორიც, დავუშვათ, ირანია, სადაც ახალგაზრდობა სულ უფრო და უფრო დიდ ინტერესს ამჟღავნებს ამერიკული კულტურის მიმართ. კითხვაზე, საქართველოს თუ აქვს ჩამოყალიბებული აღმოსავლეთის ქვეყნებისადმი პოლიტიკა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ შენიშნა: [გიორგი სანიკიძის ხმა] “ აღმოსავლეთის ქვეყნებთან, უშაულო მეზობლებს თუ არ ჩავთვლით, მეტად მცირე კავშირები აქვს დღეს საქართველოს. პრაქტიკულად, იგივე ისეთ ახლო მეზობელთან, როგორიც ირანია, იმასთანაც კავშირები მეტად სუსტია. თუმცა, ეს განპირობებულია მრავალი პოლიტიკური მიზეზითაც. უპირველეს ყოვლისა იმ ღერძით, რომელიც არსებობს – ე.წ. მოსკოვი-ერევანი-თეირანის ღერძი.”

რაც შეეხება ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენების შედეგს, ქართველი მეცნიერი ფრთხილ პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ ეს უთუოდ გამოიწვევს ერაყის დაშლას, რაც ქურთების პრობლემის გააქტიურებაში გამოიხატება. ეს კი, ალბათ, მსგავს მოვლენებს გამოიწვევს სხვა სახელმწიფოებში – უპირველესად, სირიაში, ირანსა და თურქეთში, სადაც მოსაზღვრე რეგიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ ქურთები. შესაბამისად, გიორგი სანიკიძის აზრით, ერაყის დიქტატორის რეჟიმის შეცვლის სამართლიან სურვილს შესაძლოა მძიმე შედეგები მოყვეს, თუ დასავლეთი არ გათვლის ყველა შესაძლო სცენარს.

თამარ ჩიქოვანი რადიო ”თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ვინ უფრო დემოკრატიულია საქართველოში - ხელისუფლება თუ მოსახლეობა?

წამყვანი:
ჩვენი შემდეგი სიუჟეტი ერთ გამოკვლევას ეხება:
რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქე ქალები თავიან ქვეყანაზე, რეფორმებზე, როგორ ეკიდებიან ხელისუფლებას, დემოკრატიას, სახელმწიფოს მართვის პრინციპებს? - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში წელიწადნახევრის მანძილზე აფინანსებდა კვლევას, რომელმაც ათასობით რესპონდენტი მოიცვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთის გარდა. აქ უნდა ითქვას, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ქალთა მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს, ვინაიდან ქალების- ანუ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევრის აქტიური მონაწილეობის გარეშე, გლობალური პრობლემები, თუნდაც სიცატაკე, ან ტერორიზმი ვერ მოგვარდება. საქართველოში სპეციალისტების ჯგუფთან ერთად კვლევას ახორციელებდა "გენდერული განვითარების ასოციაცია", რომლის თავმჯდომარე, ნანი ჭანიშვილი დღეს მეათე სტუდიის სტუმარია. კვლევის ძირითადი შედეგებისა და დასკვნების გასაცნობად მას დავით პაიჭაძე ესაუბრა.

დავით პაიჭაძე:
“რას დაგპირდათ და რა არ შეასრულა საკრებულომ – არაფერი არ შეასრულა. რა მოთხოვნებს წაუყენებთ ახალ საკრებულოს – გინდ წაუყენე, გინდ არა. როგორია გარე მიგრაცია რაიონიდან – ქალებისთვის ძალიან დიდი, კაცებისთვის – დიდი. რომელმა პარტიამ გაამართლა თქვენი იმედები – არც ერთმა”. ეს არის კვლევისას დასმული რამდენიმე კითხვის ტიპური პასუხები. რომ არა კითხვები ამა თუ იმ თანამდებობაზე პირის გამწესების პრინციპთა შესახებ, ძნელი იქნებოდა ლაპარაკი საქართველოს მოქალაქე ქალბატონების დემოკრატიულ განწყობაზე. ხელისუფლებით გაწბილება ჩანს პასუხთა უმეტესობაში და მიანიშნებს არა იმდენად დემოკრატიული ცვლილებების სურვილს, რამდენადაც ნიჰილიზმსა და უნდობლობას ქვეყნის მმართველებისადმი. კვლევის წარმმართველი ორგანიზაციის, “გენდერული განვითარების ასოციაციის” თავმჯდომარე ნანი ჭანიშვილი მუშაობის შედეგად მიღებულ ერთ-ერთ დასკვნას ასე აყალიბებს [ჭანიშვილის ხმა]: “მოსახლეობის აზრი, სურვილები, ანუ მისი სოციალური დაკვეთა აბსოლუტურად არ ემთხვევა გადაწყვეტილების მიღებას არც ერთ სფეროში - არც მთავრობაში და არც პარლამენტში. ასე განსაჯეთ, მოსახლეობის აზრებისა და სურვილების გამომხატველი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტია”.

რაც შეეხება მოქალაქეთა დემოკრატიულ მოთხოვნებს, აღსანიშნავია აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი, არჩევითი იყოს რაიონის მოსამართლისა და პოლიციის უფროსის თანამდებობა. მხოლოდ სვანეთში მიაჩნიათ, კრიმინალურ კლანებს შორის ურთიერთობათა ბალანსირებისათვის, რომ პოლიციის უფროსი, ჯობს, თბილისიდან დაინიშნოს. მოსამართლისადმი დამოკიდებულება კი ერთგვაროვანია – მისგან არა მხოლოდ სამართლიანობასა და ცოდნას, არამედ სიკეთესა და პატიოსნებას მოელიან, რისი გამოვლენაც, მოქალაქეთა აზრით, გამოცდებს არ შეუძლია. ამასთან, ლაპარაკი არ არის საოლქო და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევაზე. ასევე საყურადღებოა გამოკითხულ მოქალაქეთა მისწრაფება, მოქმედებდეს საკანონმდებლო ორგანო რეგიონის დონეზე. რაგინდ ბევრს ედავებოდნენ შევარდნაძეს რწმუნებულის ინსტიტუტის ანტიკონსტიტუციურობის გამო, საქართველოს რეგიონებად დაყოფა ფაქტია, როგორც ფაქტია რწმუნებულ-გუბერნატორთა არაეფექტიანი, უპასუხისმგებლო და ვოლუნტარისტული მმართველობა. სწორედ ასეთი მმართველობის შემაკავებელ ფაქტორად ესახებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოქალაქეებს რეგიონალური მასშტაბის საკანონმდებლო ორგანოთა არჩევა და მუშაობა.

მაინც, რა არის მიზეზი, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სწრაფვებისა და სურვილების, ხოლო მეორე მხრივ, სახელისუფლო გადაწყვეტილებების აცდენისა? არ ვიცი, პასუხი რამდენად დამაჯერებელია, მაგრამ ნანი ჭანიშვილი ამ მიზეზს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა საბჭოურ მენტალიტეტში ხედავს, რომელიც თანაბრად განწონის როგორც ძველ, ისე შედარებით ახალგაზრდა თაობას [ჭანიშვილის ხმა]: “ვისთანაც უნდა მიხვიდეთ და უთხრათ, აი, მოსახლეობის აზრი გამოვიკვლიეთო, ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც გააგრძელებს საუბარს და გკითხავთ: რა აზრის არის მოსახლეობა, ვთქვათ, ამ საკითხზე? არ აინტერესებთ”. ქართველი პოლიტიკოსებისა და მოხელეების ურთიერთობა საქართველოს მოქალაქეებთან აზრსა და ფორმას იძენს მხოლოდ არჩევნების პერიოდში, სხვა დროს მათ შორის კავშირი არ არსებობს. არც ერთი მოხელე და პოლიტიკოსი არ აღიქვამს და არ მიიჩნევს თავს მოქალაქეთა მიერ დაქირავებულად. მაღალი რანგის მოხელეებისთვის თანამდებობრივი იდენტობის განმსაზღვრელია ის, რომ პოსტებზე ისინი პრეზიდენტის დანიშნულები არიან.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კვლევამ გამოავლინა, მოქალაქეთა არაორგანიზებული ნება გახლავთ. გამოკითხვებისას ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ მოსახლეობას მეტი აქტივობა მართებს, მაგრამ ამ აქტივობას ვერაფერში ავლენენ, სპონტანურად ორგანიზებული საპროტესტო შეკრებების გარდა. სამოქალაქო საქმიანობის სხვა ფორმებს საქართველოს რეგიონების მკვიდრი მოქალაქეები ცუდად იცნობენ. ნანი ჭანიშვილის დაკვირვებით [ჭანიშვილის ხმა]: “რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სპეციალურად კეთდება. მთელი მექანიზმებია შექმნილი, რომ არ მოხდეს მოსახლეობის ნების ორგანიზება და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ცენტრალიზებული წესით იღებდნენ”.

წამყვანი:
რამდენად საფუძვლიანია ნანი ჭანიშვილს ეს მოსაზრება, ადვილად დაადგენს მისივე ორგანიზაცია: ”გენდერული განვითარების ასოციაცის” საქმიანობის სფეროს ხომ რეგიონებში ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობა მიეკუთვნება. აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში ჩატარებულ გამოკვლევაზე, აქტუალური პროცესებისადმი მოქალაქე ქალების დამოკიდებულების შესახებ, დავით პაიჭაძე მოგითხრობდათ.

ბიოლოგიურ მეურნეობათა მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში

წამყვანი:
საქართველოში რომ ჩატარდეს გამოკვლევა, რა იციან მისმა მოქალაქეებმა ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის შესახებ, ამ საკითხში გათვითცნობიერებულ ბევრ ადამიანს, ალბათ, ვერ აღმოაჩენენ. არადა, დასავლეთის ქვეყნებში ე.წ. ”ბიოლოგიური პროდუქტები” დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხოლო ახლო მომავალში ბიოლოგიურად სუფთა სერტიფიცირებული პროდუქციის გამოჩენას საქართველოშიც უნდა ველოდეთ. ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის მოკლედ განმარტება, ალბათ, ასე შეიძლება: ის გამორიცხავს ქიმიური სასუქის, შხამ-ქიმიკატების გამოყენებას. უფრო ვრცელ განმარტებას ხუთიოდე წუთში, გერმანელ ექსპერტ ჰანა კეგელისაგან მოისმენთ. ახლა კი, რაც შეეხება, კონკრეტულად, საქართველოს: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” საქმიანობაში დაიწყო მე-2 ეტაპი, რაც, ძირითადად, სერტიფიცირების სამსახურის ჩამოყალიბებასა და ფერმერთა პროდუქციის მომგებიანდ გაყიდვის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ბიომეურნეობათა განვითარებას დიდად წაადგება კანონი “ბიოლოგიურ მეურნეობათა პროდუქციის სერტიფიცირების, გაყიდვისა და მარკეტინგის შესახებ”, რომლის პროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

აღნიშნული პრობლემატიკის გარშემო გიორგი კაკაბაძე გესაუბრებათ.

გიორგი კაკაბაძე:
ბიოლოგიურ მეურნეობათა განვითარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ევროგაერთიანების სტანდარტების მიხედვით მომზადდა. მასზე მუშაობის პროცესში აქტიური კონსულტაციები იმართებოდა ევროპის საუკეთესო მარკეტოლოგებთან, რომელთა შემწეობითაც შეიქმნა ორგანული ბაზარი ევროპაში. ამიტომ კანონპროექტი სავსებით აკმაყოფილებს ევროგაერთიანების მოთხოვნებს.

კანონის განხილვის პარალელურად, მიმდინარეობს სერტიფიცირების სამსახურის ჩამოყალიბება. ეს სამსახური შესაბამის ნიშანს მიანიჭებს ბიოლოგიურად სუფთა ნაწარმს, რომელიც სათანადო ადგილს დაიკავებს შიდა ბაზარზე. გარდა ამისა, ქართული ნაწარმის ევროპის ბაზარზე გასვლის პერსპექტივაც ჩნდება.

ბუნებრივია, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი, უპირველესად, თავისი ნაწარმის მომგებიანდ გაყიდვითაა დაინტერესებული. ეს კი შედარებით სიძვირეს გულისხმობს, მაგრამ როგორც “ელკანას” პრეზიდენტი ნანა ნემსაძე ამბობს,[ნემსაძის ხმა]
“ევროპის ქვეყნებშიც და ამერიკაშიც ეს პროდუქცია ძვირია. ამერიკაში სამმაგი ფასი აქვს. ევროპაში ფასში განსხვავება 10%-დან იწყება და ზოგჯერ 100%-მდეც ადის. ეს დამოკიდებულია თვითონ პროდუქტზე. გარდა ამისა, ჩვენ დავადგინეთ, რომ საქართველოს პირობებში ეს სხვაობა მაინცდამაინც დიდი არ არის იმიტომ, რომ სხვაობას, ჩვეულებრივად, იძლევა მაღალმოსავლიან მეურნეობასთან შედარება. საქართველოში კი მაღალმოსავლიანი მეურნეობები არ არსებობს, ჩვენი მეურნეობები დაბალმოსავლიანია”.

დღეისათვის ასოციაცია “ელკანა” დაახლოებით 300 ბიომეურნეობას აერთიანებს და საქართველოს არაერთ რეგიონს მოიცავს. ძლიერი მეურნეობებია გურიაში, კერძოდ კი, ჩოხატაურში და, განსაკუთრებით, ოზურგეთში, აგრეთვე, ახალციხეში, ასპინძაში, ახმეტაში. მაღალმთიანი რეგიონებიდან აღსანიშნავია რაჭა, სადაც რამდენიმე ფერმერი, ძირითადად, მეცხოველეობით არის დაკავებული.

“ელკანას” პრეზიდენტი ამბობს, რომ, საერთოდ, მაღალმთიან რეგიონებში, ადგილობრივი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ძალიან ადვილად შეიძლება ბიომეურნეობების დაფუძნება და ამ მიმართულებით ასოციაციაში დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. ბიომეურნეობებმა რატომღაც ვერ პოვეს განვითარება ისეთ დიდ რეგიონში, როგორიც იმერეთია, რაც, ნანა ნემსაძის თქმით, ნაწილობრივ, “ელკანას” არასაკმარისი აქტიურობის გამოც ხდება.
არადა, ბიომეურნეობების დღევანდელი ეტაპი უკვე ფერმერთა გაერთიანების ტენდენციით ხასიათდება:[ნემსაძის ხმა] “ერთნაირი პროდუქციის მწარმოებელი გლეხები ერთიანდებიან იმისათვის, რომ ერთად გადაამუშაონ და გაყიდონ პროდუქცია, რადგან ერთ და ორჰექტარიანი მეურნეობით, რასაკვირველია, ვერ გაიტანენ თავს. ამიტომ დაიწყეს კონსოლიდაცია”.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია “ელკანას” საკონსულტაციო მომსახურების თხოვნით მიმართეს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, სადაც ბილოგიურ მეურნეობათა დაფუძნების გამოცდილება არ აქვთ.

[ნემსაძის ხმა] “რასაკვირველია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. თუ, საერთოდ, გვსურს ბაზარზე ფიქრი, გასაგები უნდა იყოს, რომ ერთიანი კავკასიის პროდუქცია უფრო ადვილად გავა, ვიდრე ცალკე აღებული ქვეყნის”.

უკვე ცხრა წელია, რაც ბიომეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” ძირითად დონორს გერმანული ორგანიზაცია “მიზერიორი” წარმოადგენს. სულ ახლახან ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები რამდენიმე დღით ესტუმრნენ საქართველოს და ადგილზე გაეცნენ დღევანდელ ეტაპზე არსებულ მდგომარეობას. ამ ვიზიტის შედეგი კი ის გახლავთ, რომ “მიზერიორი” გააგრძელებს საქართველოში ბიომეურნეობათა განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების ფინანსურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას.

გიორგი კაკაბაძე რადიო ”თავისუფლებისათვის”, თბილისი.

ინტერვიუ ჰანა კეგელთან

წამყვანი:
ბიოლოგიურ-ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ, როგორც დაგპირდით, დღეს უფრო მეტს შეიტყობთ უცხოელი ექსპერტისაგან. ბიძინა რამიშვილი ტელეფონით დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სპეციალისტს გერმანიის ქალაქ ფრაიუბურგში, ჰანა კეგელს, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოში და კარგად იცნობს სოფლის მეურნეობის ბაზარს როგორც საქართველოში, ისე დასავლეთ ევროპაში.

იხ. აუდიო ვერსია

წამყვანი:
ბიძინა რამიშვილი ტელეფონით ესაუბრებოდა სოფლის მეურნეობის გერმანელ სპეციალისტს ჰანა კეგელს.

[მუსიკა]
საქართველოს კულტურის ფესტივალი ვენაში

წამყვანი:
საქართველოს ხელოვნების ფესტივალი, რომელიც 16 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქში გაიხსნა, მასშტაბითაც, მრავალფეროვნებითაც და საქართველოდან ვენაში ჩასული სტუმრების რაოდენობითაც, გაცილებით აღემატება აქამდე ჩატარებულ მსგავს ფესტივალებს. ამჟამად ავსტრიის დედაქალაქში იმყოფება ქართველ მომღერალთა და მუსიკოსთა, მხატვართა და ფოტოხელოვანთა, კინორეჟისორთა თუ ლიტერატორთა თითქმის 30-კაციანი ჯგუფი, რომლის ცალკეული წარმომადგენლები თითქმის ერთი თვის მანძილზე (უფრო ზუსტად კი 14 ოქტომბრამდე), ორ-სამ დღეში ერთხელ მაინც, თავიანთ ხელოვნებას გააცნობენ ვენელებს. ფესტივალზე უფრო დაწვრილებით გიამბობთ დავით კაკაბაძე, რომელიც ტელეფონით დაუკავშირდა მის ერთ-ერთ ორგანიზატორს გიორგი ოქროპირიძეს და ესაუბრა, აგრეთვე, ავსტრიის ელჩს საქართველოში ჰაიდემარი გიურერს.

დავით კაკაბაძე:
ქართული ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორია გაერთიანება “პერონი”, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახლავთ ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვარი ნანა მესხი. მასთან ერთად ქართული ფესტივალის მოწყობაში აქტიურად მონაწილეობდა გიორგი ოქროპირიძე, ვენის “კულტურშმიდეს” (ანუ “კულტურის სამჭედლოს”) დამაარსებელი. გოგის ვთხოვე, ჩვენი მსმენელისთვის ფესტივალის პროგრამაზე მოეთხრო.
იხ. აუდიო ვერსია

როგორც გოგი ოქროპირიძემ მითხრა, მრავალფეროვანია ფესტივალის კინოპროგრამაც.
იხ. აუდიო ვერსია

როგორც ზემოთაც გითხარით, ფესტივალი 16 სექტემბერს დაიწყო. იგი გახსნა ავსტრიის ელჩმა საქართველოში ჰაიდემარი გიურერმა. როგორც ქალბატონმა გიურერმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, ის უკვე რამდენიმე წელია იცნობს გიორგი ოქროპირიძეს, რომელმაც 1996 წელს პირველად მოაწყო ქართული კულტურის კვირეული ავსტრიაში. ერთ წელიწადში ამას, ისევ გიორგი ოქროპირიძის ინიციატივით, ქართული ფილმების კვირეული მოჰყვა.

[ჰაიდემარი გიურერის ხმა]: ”შემდეგ მას დავეხმარე საქართველოში მოქანდაკეთა ქართულ-ავსტრიული სიმპოზიუმის ორგანიზებაში. გიორგი ოქროპირიძე ყველა ამ ღონისძიებას საუცხოოდ გაუმკლავდა – ჩვენი ძალიან კმაყოფილი დავრჩით და მე მადლობელი ვარ ყოველი ინიციატივისთვის, რომლის მიზანია ქართული კულტურის წარდგენა ავსტრიაში. რასაკვირველია, მით უფრო მადლობელი ვარ, როცა ასეთი რამ კერძო ინიციატივით ხდება, ანუ როცა საჭირო არ არის სახელმწიფოს რთული ადმინისტრაციული მანქანის საქმეში ჩართვა. ეს ორგანიზატორები, მართლაც, საუცხოო ინიციატივას იჩენენ.”

მაგრამ რაოდენ დიდ ინიციატივასაც უნდა იჩენდნენ ორგანიზატორები, ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის გარეშე მათ არაფერი გამოუვიდოდათ. ეს გოგი ოქროპირიძემაც დამიდასტურა.
იხ. აუდიო ვერსია

ფესტივალის პროგრამაში, გარდა უკვე ნახსენები მუსიკალური თუ კინოპროგრამისა, შეტანილია სიმპოზიუმი, რომლის მონაწილეები – ქართველი და უცხოელი პოლიტოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები – იმსჯელებენ საქართველოში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, აგრეთვე, ხელოვნების მდგომარეობაზე.

აი, რა მითხრა ამასთან დაკავშირებით საქართველოში ავსტრიის ელჩმა ჰაიდემარი გიურერმა: [გიურერის ხმა] ”ვფიქრობ, ქართული კულტურის კვირები მეტად მწვავე პოლიტიკურ ფონზე ტარდება და, ამ მხრივ, ძნელი იქნებოდა უფრო ხელსაყრელი დროს გამონახვა. ქართული კულტურის დღეები დაიწყო "პანკისის მოდების”ჩვენებით: მან პოლიტიკასა და კულტურას შორის კავშირი წარმოაჩინა და ავსტრიელებს საქართველოსათვის პრობლემური საკითხები დაანახა”.

წამყვანი:
ვენაში მიმდინარე ქართული ხელოვნების დღეებისადმი მიძღვნილი მასალა დავით კაკაბაძეს უკვე მომზადებული ჰქონდა, როცა ავსტრიიდან მეტად სამწუხარო ცნობა მივიღეთ: გარდაიცვალა ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა, მაგრამ საქართველოში უკვე საკმაოდ კარგად ცნობილი ფლეიტისტი დათო ოძელაშვილი.

ჩვენი პროგრამისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. რადიო ”თავისუფლების” თბილისის სტუდიაში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით.
XS
SM
MD
LG