Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“შემოდგომის თბილისის” სიურპრიზები


კვირის დასაწყისში თბილისმა ერთდროულად უმასპინძლა თანამედროვეობის სამ დიდ მუსიკოსს: ვიქტორ ტრეტიაკოვს, ელენა რევიჩსა და იური ბაშმეტს.

მათ მონაწილეობა მიიღეს ჯანსუღ კახიძის მიერ დაარსებულ ფესტივალში “შემოდგომის თბილისი”, რომელიც მეათედ ტარდება საქართველოში.

თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე იური ბაშმეტმა საფრანგეთში, კანის რუსული ხელოვნების ფესტივალზე, გამართა კამერული მუსიკის კონცერტი, რომელსაც პოპულარული ინტერნეტგაზეთი “პარკ კულტური” გამოეხმაურა. რუსი ჟურნალისტი წერდა, რომ ცარიელ დარბაზში ჩატარებული ამ კონცერტით ბაშმეტმა მუსიკალურ სამყაროში საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც კლასიკური მუსიკალური “შლიაგერების” შემსრულებელმა, რომელიც “ღამის სერენადასა” და “ყვავილების ვალსს” ეფექტურად უკრავს, მაგრამ თანამედროვე მუსიკის ენას ვერ ეუფლება”. “კანის საფესტივალო სასახლის დირექტორმა შემთხვევით არ უწოდა ბაშმეტს დოსტოევსკის გმირი,” – აღნიშნავს “პარკ კულტურის” მუსიკალური მიმომხილველი... სწორედ იმ დღეს, როცა ეს სტატია ინტერნეტით გავრცელდა, იური ბაშმეტი თბილისში ჩამოვიდა და თითქოს სწორედ რუსი კრიტიკოსის საპასუხოდ, მუსიკალური კულტურის ცენტრში ბენჟამინ ბრიტენის ურთულესი და, ასე ვთქვათ, “სუპერთანამედროვე” ნაწარმოები - “ორმაგი კონცერტი” შეასრულა. რა გამოვიდა? ქალაქ კანის დამშვიდებულ და “დანაყრებულ პუბლიკუმს” – ვალსები და სერენადები, აფორიაქებულ და დამშეულ თბილისს კი, აი, ასეთი მუსიკა? [ჩართვა]

ბენჟამინ ბრიტენი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი იშვიათი კომპოზიტორია, რომელმაც ომებისა და კატასტროფების ეპოქაში მუსიკის კლასიკური ჰარმონიულობა და სიცხადე შეინარჩუნა და მუსიკალური ფრაზების ბაროკული ორნამენტიკა ბრწყინვალედ შეუთავსა პოლიტონალურ ენას. ასეთი მუსიკა კი დაუკავშირდა ქართველი მსმენელის დღევანდელ განწყობილებას. ასეთი მუსიკა “აიტაცა” ჩვენმა ორკესტრმაც, რომელიც წინა დღეს, ვიქტორ ტრეტიაკოვის კონცერტზე, ცოტა არ იყოს, დაბნეული ჩანდა, მაგრამ ბაშმეტს, აგრეთვე, რუს მევიოლინეს ელენა რევიჩს, როგორც ჩანს, უკეთ გაუგო. თუმცა ორკესტრი რომ კარგ ფორმაშია, წინა დღესაც გამოჩნდა, სტრავინსკის “კურთხეული გაზაფხულის” შესრულების დროს.

სტრავინსკი, ბრიტენი, რამდენიმე დღეში - ვერდის “მაკბეტი”... როგორც ხედავთ, მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” საიუბილეოდ ქართველებისთვის ნაკლებად ცნობილ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას. არადა, კონცერტები ჯერჯერობით ანშლაგით ტარდება. ომებისა და კატასტროფების მოლოდინში ჰარმონიასთან, სიცხადესთან ზიარების სურვილი ხომ, როგორც წესი, მძაფრდება ხოლმე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG