Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ირგვლივ კიდევ უფრო მწვავდება


რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობის პირობებში მივიწყებას მიეცა თბილისის ადგილობრივი არჩევნების შედეგების რევიზიის პროცესი. საგარეო აგრესიის მოსაგერიებლად ოპოზიციურ პარტიათა

მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადა, თუმცა არიან ისეთებიც, ძირითადად, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებული პარტიები, რომლებიც ამ თანამშრომლობის წინაპირობად თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს მუშაობის დაწყებას ასახელებენ. კერძოდ კი, ნაციონალური მოძრაობა და ლეიბორისტული პარტია არჩევნების შედეგების რევიზიამდე მოითხოვენ საკრებულოს შეკრებას.

როგორც ცნობილია, თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების გადამოწმება ნაციონალური პარტიის ინიციატივას წარმოადგენდა, თუმცა ამავე პარტიამ დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყება რევიზიის შედეგების დამთავრებამდე მოითხოვა და, ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, ხელისუფლება თბილისის არჩევნების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. თბილისში ხანგრძლივი სახელისუფლებო ვაკუუმის შევსება ძველი საკრებულოს წევრებმა სცადეს და უფლებამოსილების გახანგრძლივება მოითხოვეს.

ამან კიდევ უფრო გაართულა ნაციონალური მოძრაობის, ლეიბორისტული პარტიისა და ხელისუფლების ურთიერთობა. ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თბილისის მერია კორუფციაში დაადანაშაულა და საკრებულოს ყოფილი წევრები მერის ჯიბის დეპუტატებად გამოაცხადა, თუმცა რატომღაც არ გაიხსენა თავისივე პარტიის წევრი, თბილისის ვიცე-პრემიერი მუხრან მდივანი.

ნაციონალურმა მოძრაობამ ძველი დეპუტატების ინიციატივაში ახალი საკრებულოს ფორმირების დაბლოკვის განზრახვა დაინახა და აქ უკვე ისეთი პოლიტიკური კონფლიქტი გაჩაღდა, რომ სიმწვავით რუსეთ-საქართველოს ურთიერთბრალდებებს არაფრით ჩამოუვარდება.

ძველი საკრებულოს წევრმა, ყოფილმა ლეიბორისტმა მაია ელოშვილმა 25 სექტემბერს ის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც გარკვეულწილად ნათელს ჰფენს დარღვევებით გამართულ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიათა მცდელობას, როგორმე დააჩქარონ ახალი საკრებულოს ფორმირება,. ელოშვილის თქმით, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ საზოგადოებას დაუმალა ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის ბიუროს მიერ 2002 წლის 5 ივლისს სტრასბურგში მიღებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ნათქვამია:

[ელოშვილის ხმა] „სამწუხაროდ, 2 ივნისის არჩევნები წარმატებულის მაგივრად, უფრო უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ქართული დემოკრატიისათვის, აღინიშნებოდა სერიოზული დარღვევები საარჩევნო მომზადების პროცესში, განსაკუთრებით ეს შეეხება საარჩევნო სიებს და საარჩევნო კოდექსს, რომელშიც ჯერ არ ყოფილა შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც ევროსაბჭოსა და ეუთოს მიერ გაკეთებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებდა. ზემოხსენებული სიტუაციის ფონზე, არსებობს ძლიერი არგუმენტი იმისათვის, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს შესაფერის დროს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების საუძველზე.“[სტილი დაცულია]

ცხადია, რომ ასეთი არჩევნებით ჩამოყალიბებული საკრებულო ლეგიტიმურობას მნიშვნელოვანწილად მოკლებული იქნება, თუმცა არჩევნების ხელახალი ჩატარებაც თითქმის შეუძლებელია გამარჯვებული პარტიების წინააღმდეგობის გამო, რომლებიც არჩევნების შედეგების გადათვლის საფუძველზე საკრებულოში ადგილების გადანაწილების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებასაც არ ელოდებიან. არადა, საარჩევნო დოკუმენტაციის რევიზიის შედეგები ახალი საკრებულოს ლეგიტიმურობის ხარისხის გაზრდას გამოიწვევს, თუმცა თავად გადათვლის პროცესიც გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება და მისი ხარისხიც ეჭვს ბადებს.

ეს მრავალწახნაგა კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება და ძნელია იმის თქმა, თუ როდის მიუახლოვდება თავის ლოგიკურ გადაწყვეტას. ერთი კი ცხადია, რომ საკანონმდებლო ორგანოს გარეშე დედაქალაქის დატოვება, მართლაც, გარკვეული ძალების ინტერესებში შედის. სხვაგვარად ძნელია იმის ახსნა, თუ რატომ ჭიანურდება პრობლემის ამა თუ იმ მიმართულებით გადაჭრა. ერთნი ამ ყველაფრის ორგანიზებას დედაქალაქის მერს მიაწერენ, მეორენი კი - ცენტრალურ ხელისუფლებას. თუმცა ვინც არ უნდა იყოს ეს, იგი ვირტუოზულად იყენებს პოლიტიკური ძალების დაჟინებულ სურვილს, როგორმე სწრაფად დაეუფლონ თბილისის საკრებულოს მანდატს.
XS
SM
MD
LG