Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი ჰეიგელი პრეზიდენტ ბუშს ურჩევს, თავი შეიკავოს ერაყის წინააღმდეგ ცალმხრივი სამხედრო აქციისაგან


ანდრო ეული, პრაღა პრეზიდენტ ბუშის წამყვანმა პოლიტიკურმა მოკავშირემ და თანაპარტიელმა, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლენიანმა წევრმა ჩაკ ჰეიგელმა ორშაბათს მოუწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს,

ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებამდე ყოველნაირად შეეცადოს ამ საკითხში სხვა ქვეყნების მიმხრობას. სენატორ ჰეიგელის თქმით, ჯორჯ ბუშმა ისიც უნდა უზრუნველყოს, რომ სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ ერაყელ ხალხს სამართლიანი და წარმომადგენლობითი მთავრობა ჰყავდეს, ხოლო ერაყთან მოსალოდნელი ომის ტვირთი მხოლოდ ამერიკელ ჯარისკაცებსა და გადასახადების გადამხდელებს არ დააწვეს ზურგზე.


ამასობაში, კონგრესის ორივე პალატაში უნდა დაიწყოს იმ რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელიც მწვანე შუქს მისცემს პრეზიდენტ ბუშის ნებისმიერ ქმედებას ერაყის წინააღმდეგ, მათ შორის სამხედრო აქციასაც.

ჩაკ ჰეიგელის აზრით, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ანგარიში უნდა გაუწიოს იმ ფაქტს, რომ ერაყის საკითხში ვაშინგტონის პოზიციას თვით შეერთებული შტატების მოკავშირეებიც არ იზიარებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებზე.

ამ სამი კვირის წინათ, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა შეახსენა გაეროს, რომ ქმედითი ზომების მიღებაა საჭირო იმისთვის, რათა ერაყმა განუხრელად შეასრულოს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის რეზოლუციები და, უწინარესად, ის რეზოლუცია, რომლის თანახმადაც სადამ ჰუსეინს კარგა ხნის წინათ უნდა მოეხდინა თავისი ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური არსენალის სრული ლიკვიდაცია. ბუში და მისი ერთგული მოკავშირე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი აცხადებენ, რომ სადამ ჰუსეინმა განაგრძო ხსენებული იარაღის წარმოება, განსაკუთრებით 1998 წლის შემდეგ, როცა ერაყი გაეროს განიარაღების კომისიამ დატოვა.

სენატორ ჰეიგელს მიაჩნია, რომ ვაშინგტონისთვის ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია თავისი მეგობრების დაყოლიება ერაყის წინააღმდეგ ერთობლივ ქმედებაზე, და არა საყვედურის გამოთქმა გაეროს მისამართით და ცალმხრივი ნაბიჯის გადადგმა. ჩაკ ჰეიგელი ერთადერთი წამყვანი პოლიტიკოსი არ არის, ვინც თავშეკავებისაკენ მოუწოდებს ვაშინგტონს. 23 სექტემბერს ასეთივე განცხადებით გამოვიდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი, რომელიც ჯორჯ ბუშმა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.

პარასკევს კიდევ ერთი გავლენიანი დემოკრატი, სენატორი ედუარდ კენედი გამოვიდა სიტყვით ვაშინგტონში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ერაყთან ომის დაწყების მიზანშეწონილობა.

კონგრესის ორივე პალატაში იწყება განხილვა რეზოლუციის პროექტისა, რომელმაც მწვანე შუქი უნდა მისცეს ჯორჯ ბუშის ნებისმიერ, მათ შორის სამხედრო აქციას ერაყის წინააღმდეგ, ხოლო 5 ნოემბერს შეერთებულ შტატებში კონგრესის ე.წ. ”საშუალედო” არჩევნები გაიმართება. ამერიკელებმა მთლიანად უნდა განაახლონ 435-ადგილიანი წარმომადგენელთა პალატა, აგრეთვე, 33 ახალი სენატორი აირჩიონ კონგრესის 100-ადგილიან ზედა პალატაში. დემოკრატებს ამჟამად მინიმალური უპირატესობა აქვთ სენატში და, შესაძლოა, წარმომადგენელთა პალატაშიც მოიპოვონ უმრავლესობა, თუ 5 ნოემბერს კიდევ ექვსი ადგილი მიიღეს. ამდენად, მიმდინარე დებატებმა ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანწილად განაპირობოს მომავალი კონგრესის შემადგენლობა.
XS
SM
MD
LG