Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ მოიწონა რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ ბუშს ანიჭებს


ანდრო ეული, პრაღა ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ მოიწონა რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ ბუშს ანიჭებს უფლებამოსილებას, სამხედრო ძალა გამოიყენოს ერაყის წინააღმდეგ,

თუკი ეს აუცილებელი გახდება ბაღდადის მასობრივი განაგდურების არსენალის სალიკვიდაციოდ. უკეთებს რა კომენტარს ერაყის გარშემო შექმნილ კრიზისს, გერმანიის გაზეთი ”ველტი” ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის სასახლეების შესახებ წერს. ათობით ამგვარი სასახლეა აგებული ერაყში, და ამ ნაგებობათა ტერიტორიაზე, შესაძლოა, სხვადასხვა, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული ობიექტები იმალებოდეს. წარსულში სადამ ჰუსეინი თავის სასახლეებში არ უშვებდა გაეროს განიარაღების ექსპერტებს, ან, უკეთეს შემთხვევაში, წინასწარ შეტყობინებას მოითხოვდა, ხოლო შემდეგ, როცა ექსპერტები მოდიოდნენ, ყველა შენობა უკვე დაცარიელებული იყო. გაზეთი განაგრძობს:

”1998 წელს, ერაყელმა დიქტატორმა ქვეყნიდან გააძევა განიარაღების ექსპერტები, როცა მათ პრეზიდენტის რეზიდენციის შემოწმება სცადეს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ჰუსეინის ერთ-ერთი ვილა, რომელიც რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს იკავებს, თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოსურათზეა აღბეჭდილი. მასზე მოჩანს ვეებერთელა საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტები, აგრეთვე ბრტყელსახურავიანი 3 დიდი შენობა, რომელთა დანიშნულება – გაურკვეველია. საბურავების ნაკვალევიდან ჩანს, რომ შენობებთან ხშირად მიდიან საბარგო ავტომანქანები; სახურავებზე, ვეებერთელა ვენტილატორები მოჩანს. შესაძლოა ეს, სურსათის შესანახი მცივრებია, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ამ შენობებში ლაბორატორია იყოს მოწყობილი. ამის დადგენა, რეზიდენციის შემოწმების გარეშე, შეუძლებელია.”

გაზეთ ”ქრისჩენ საიენს მონიტორის” აზრით, ამერიკა-ერაყის დაპირისპირებამ ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა იორდანია. სარედაქციო სტატიაში გაზეთი წერს:

”სადამ ჰუსეინის პორტრეტები, მრავლად რომ იყო გამოფენილი იორდანიაში 1991 წლის ომის დროს, დიდი ხანია გაყვითლდა და გაქრა, მაგრამ თანაგრძნობა ამ ქვეყანაში, პირადად ჰუსეინისადმი თუ არა, ერაყისადმი – დიდია, და დღეს იორდანიელებს, ვაშინგტონის მხრიდან ერაყზე მოსალოდნელი თავდასხმა, აგრეთვე ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე კონფლიქტი ადარდებს. ამგვარ ვითარებაში მეფე აბდულა მეორე რთული არჩევანის წინაშე დგას: ერთის მხრივ, იგი დიდად, გაცილებით უფრო მეტადაა დამოკიდებული ამერიკის დახმარებაზე, ვიდრე მისი მამა მეფე ჰუსეინი იყო 12 წლის წინათ, როცა ანტიერაყულ კოალიციაში შესვლაზე თქვა უარი; მეორეს მხრივ, აბდულამ ანგარიში უნდა გაუწიოს მოსახლეობის აზრს, რომლის 60 პროცენტს პალესტინელები, ხოლო 10-ს ერაყელები შეადგენენ. ამდენად, იორდანიის ხელმძღვანელობას ბალანსირება უხდება ერაყსა და ამერიკას შორის.”

გაზეთი ”გარდიანი” მოსკოვში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის ვიზიტს ეხმაურება. ბლერი 10 ოქტომბერს, ორდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის დედაქალაქს, რათა პრეზიდენტი პუტინი დადებითად განეწყო ვაშინგტონის მიერ ერაყის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიისადმი. გაზეთი წერს:

”ბლერის ნათქვამიდან ჩანდა, რომ იგი ანგარიშს უწევს მოსკოვის ინტერესის დაცვასაც, სახელდობრ იმის გარანტიას, რომ ერაყმა გაისტუმროს მოსკოვის ვალი. ტონი ბლერს არ მოუხსენებია კორესპონდენტებისთვის პუტინთან გამართული მოლაპარაკების დეტალები. საგულისხმო ისაა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კვლავ გამოუთქვა რუსეთს თანაგრძნობა ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით, როცა გაიხსენა ასობით რუსი, გასული წლის 11 სექტემბრამდე კარგა ხნით ადრე რომ მოკლეს ტერორისტებმა. რუსეთი უფლება აქვს, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ადამიანის უფლებებიც უნდა იქნეს ამასთანავე დაცულიო – განაცხადა მოსკოვში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.”

”ბაღდადი, მოსკოვი და ნავთობი” – ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გერმანიის გაზეთ ”ფრანკფურტერ ალგემაინეში”. გაზეთი კომენტარს უკეთებს რუსეთის პოზიციას ერაყის საკითხში და აღნიშნავს, რომ კრემლის მოქმედება სხვადასხვა მოსაზრებითაა ნაკარნახევი. გაზეთი წერს:

”ჯერ ერთი, მოსკოვს ხელს არ აძლევს საკუთარი ავტორიტეტის შელახვა არაბულ სამყაროში, უფრთხილდება პრესტიჟს და ევროპელების მსგავსად, რეგიონის დესტაბილიზაცია აშინებს. მაგრამ რუსი გეოსტრატეგების მიზანია, რომ თუ ვაშინგტონის შეჩერება ვერ მოხერხდა, მაქსიმალურად სარფიანი შეთანხმების მიღწევა ამერიკელებთან. იგულისხმება გავთობი. რუსეთი ხომ მეორეა მსოფლიოში, საუდის არაბეთის შემდეგ, ამ საწვავის წარმოების მოცულობით; ამდენად, მოსკოვის პოზიციას, ამერიკა-ერაყის დაპირისპირებაში, რუსეთის ნავთობკომპანიები განსაზღვრავენ მნიშვნელოვანწილად. ბაღდადს, 8 მილიარდი დოლარი აქვს გადასახდელი მოსკოვისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აღებული ვალების გასატუმრებლად. კრემლში შიშობენ, რომ სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ ერაყის ნავთობს ტეხასელი და ალაბამელი მეწარმეები დაეპატრონებიან”.

”ვაჭრობა რუსეთთან” – ასეთი სათაური აქვს გაზეთ ”ნიუ-იორკ-ტაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი მარკ ბჟეზინსკი, ევრაზია-რუსეთის განყოფილებას ხელმძღვანელობდა შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოში ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს. ”რა მოტივი ამოძრავებს რუსეთს? რასაკვირველია, საკუთარი ინტერესები” – წერს სტატიის ავტორი და განაგრძობს:

”მოსკოვს ის აშინებს, რომ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ერაყი უარს იტყვის ძველი ვალების გასტუმრებაზე. გარდა ამისა, კრემლთან ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები – ჟირინოვსკი და ზიუგანოვი – სადამ ჰუსეინის ინტერესებს იცავენ მოსკოვში. პრეზიდენტი პუტინი ვერ დაუშვებს იმას, რომ შეერთებულ შტატებს მიემხროს ამჟამინდელ კონფლიქტში, მით უმეტეს, როცა რუსეთში სულ უფრო მატულობს უკმაყოფილება მსოფლიო პოლიტიკაში ვაშინგტონის წამყვანი როლის გამო. თუმცა რუსეთის ლიდერებს კარგად მოეხსენებათ, როგორ ესაჭიროება პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას გაეროს მკაცრი რეზოლუცია ერაყის მიმართ, და ისიც იციან, რომ გარიგება ვაშინგტონთან შესაძლოა მეტად სარფიანი აღმოჩნდეს.”

ახლახან სანკტ-პეტერბურგის მახლობლად აღმოაჩინეს მასობრივი საფლავები იმ ადამიანებისა, ვინც საბჭოთა რეჟიმის დროს განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი გახდა და, როგორც გაზეთი ”ქრისჩენ საიენს მონიტორი” შენიშნავს ამასთან დაკავშირებით, რუსეთს აშინებს საკუთარი წარსული და ხელისუფლებაც ხსენებულ ფაქტზე დუმილს ამჯობინებს. დახვრეტილი ადამიანების გვამებს მოხალისეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი დაეძებს სანკტ-პეტერბურგის მიმდებარე ტყეებში. ხელისუფლება ამ ინიციატივას არ მიესალმა, ხოლო საზოგადოება გულგრილი რჩება.

ბრიტანეთის გაზეთი ”ტაიმსი” აღწერს სავაჭრო ომს, რომელიც ”კოკა-კოლას” გამოუცხადეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა:

”ამერიკული ნაწარმისადმი ბოიკოტის იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება ისლამურ სამყაროში. სულ უფრო მეტი მომხმარებელი უჩნდება ირანში წარმოებულ გამაგრილებელ სასმელს ”ზამ ზამ კოლას”. ეს კომპანია ირანში, გამაგრილებელი სასმელების 47 პროცენტს აკონტროლებს ადგილობრივ ბაზარზე; განვლილი 4 თვის მანძილზე, 10 მილიონი ბოთლი ”ზამ ზამ კოლა” საუდის არაბეთმა შეისყიდა; მისი ექსპორტი ხდება მრავალ სხვა არაბულ ქვეყანაში. დანია – პირველი კლიენტია ”ზამ ზამ კოლასი” ევროპაში. დაგეგმილია ექსპორტი ევროპის სხვა ქვეყნებში, აგრეთვე ინდონეზიაში, კანადაში, პაკისტანსა და აფრიკის ქვეყნებშიც. ირანელთა წარმატებამ სხვებს მისცა სტიმული. ფრან ბიზნესმენს, მუსლიმან თაუფიკ მატლოუთის განზრახული აქვს ნოემბერში პარიზში ”მეკა კოლას” წარმოება დაიწყოს. ამასობაში, მრავალ მუსულმანურ სახელმწიფოში 20-40 პროცენტით შემცირდა ”კოკა-კოლას” გაყიდვა. ხოლო ამ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი საქმე ბიზნესია, და არა პოლიტიკა”.
XS
SM
MD
LG