Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის წარუმატებელი პოლიტიკის მიზეზები


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის რუსეთის პრესაში ერთ-ერთი მთავარი თემა კიშინიოვის სამიტი გახლდათ. ამასთან ერთად, ექსპერტები რუსეთის პოლიტიკის წარუმატებლობაზეც ლაპარაკობდნენ.

გესაუბრებით რამდენიმე პუბლიკაციის გარშემო.

8 ოქტომბრის “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ “კიშინიოვის სამიტზე მოულოდნელი არაფერი მომხდარა. პრობლემების განხილვა წმინდა რიტუალურ ხასიათს ატარებდა: ყველა დოკუმენტის ხელმოწერას სულ რაღაც საათნახევარი დასჭირდა. ამიტომ პრაქტიკულ პლანშიც სამიტის შედეგები კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტებმა მხოლოდ ერთგვარი სუსტი იმპულსი მისცეს სამომავლო ინტეგრაციულ წინსვლას”.

9 ოქტომბრის გაზეთი “ვრემია ნოვოსტეი” კი წერს: “მიუხედავად იმისა, რომ კიშინიოვის მშვიდობიანმა შეთანხმებებმა კონფლიქტის ყველა მონაწილის მოწონება დაიმსახურა, კეთილი განზრახვების რეალიზება შეიძლება გარკვეულ სიძნელეებს წააწყდეს. ასე მაგალითად, ქართული მხარე გამოვიდა წინადადებით, რომ საზღვრის ერთობლივი პატრულირების რეჟიმი არა მხოლოდ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მონაკვეთებზე გავრცელებულიყო, არამედ იმ ტერიტორიებზეც, სადაც რუსეთი თბილისის მიერ არაკონტროლირებად სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ესაზღვრება”.

“ვრემია ნოვოსტეის” თქმით, “გასაგებია, რომ ეს წინადადება აბსოლუტურად უპერსპექტივო იყო. ამ იდეის რეალიზების ცდა იმთავითვე გამოიწვევდა ქართველ მესაზღვრეთა შეტაკებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რაზმებთან. ამასთან დაკავშირებით მეტად დიპლომატიური კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა სერგეი ივანჩენკომ: “ძალების გაფანტვა აქ, ალბათ, მიზანშეწონილი არ იქნებოდა. თავდაპირველად ერთობლივი ძალისხმევის კონცენტრირებაა საჭირო ყველაზე სერიოზული მიმართულებებით”.

ნაციონალური სტრატეგიის საბჭოს დირექტორის სტანისლავ ბელკოვსკის აზრით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ცხადი გახდა, რომ მოსკოვმა დაკარგა პოსტსაბჭოთა სივრცის სისტემის წარმომქმნელი ძალის სტატუსი. მისი თქმით, “დსთ-ის თითოეულმა ქვეყანამ მოძებნა ძირითადი ალტერნატიული მფარველი დასავლეთში ან აღმოსავლეთში”.

8 ოქტომბრის “ნეზავისიმაია გაზეტას” წერილში სტანისლავ ბელკოვსკი დაასკვნის, რომ “სწორედ იმ 33 თვის განმავლობაში, როცა კრემლი აღტაცებული იყო თავისი “ვირტუალური პოლიტიკით”, აშშ-მა და ევროკავშირმა პირდაპირი ურთიერთობები ააგეს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინათ რუსეთის ორბიტაზე იყვნენ. სწორედ ამიტომ ვლადიმირ პუტინის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანკეტი კიშინიოვში თანამეგობრობის ქელეხად იქცევა”.

9 ოქტომბრის “ნეზავისიმაია გაზეტაში” გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი ამბობს, რომ “კავკასიაში კომპლექსური სტრატეგიული პროგრამის ფორმირებასა და რეალიზებაში რუსეთის ხელისუფლებამ აშკარა ჩავარდნა განიცადა. ამას ემატება მოსკოვის პოზიციების დასუსტება კასპიის ნავთობისთვის დავაში, ნავთობსადენებისთვის ბრძოლაში მარცხი და ამერიკელთა სამხედრო ყოფნა საქართველოში”.

ექსპერტის თქმით, “კავკასიურ-კასპიურ რეგიონში აშშ მსოფლიო ბატონობის თავისი გლობალური სტრატეგიისა და მსოფლიოს საკვანძო სარესურსო რაიონებზე კონტროლის დამყარების ჩარჩოებში მოქმედებს. თურქეთი რეგიონალური ლიდერობის თავის დოქტრინას ახორციელებს. რუსეთი კი გარეშე ძალთა ზემოქმედების ობიექტის მდგომარეობაშია, ქაოტურ დაცვით მოქმედებებს მიმართავს და სულ უფრო მეტად თმობს თავის პოზიციებს. საქართველო, უფრო ზუსტად კი, შევარდნაძის რეჟიმი, სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა იმ მაპროვოცირებელ ელემენტს, რომელიც რუსეთს აღიზიანებს და ასეთნაირად იტყუებს მას ამერიკულ-თურქულ სტრატეგიულ მახეში. რუსეთიც მუდმივად ეგება ამ მახეში”.
XS
SM
MD
LG