Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს სახელმწიფოსა და ეკლესიის შეთანხმება საზოგადოებისა და მორწმუნეებისათვის


დავით პაიჭაძე, თბილისი სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადებაზე ლაპარაკი, კარგა ხანია, დაიწყო. პირველად ეს იდეა გაახმაურეს ადვოკატმა დავით ლანჩავამ,

რომელიც ცნობილია ექს-მინისტრ ფრიდონ ინჯიასა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ინტერესების დაცვით, და ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ. ეკლესიამ თავიდანვე დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას, მეტიც - აშკარად არ ჩანდა, თორემ მისი ერთ-ერთი ავტორი სწორედ ეკლესია იყო. როგორც ცნობილია, შეთანხმების თავდაპირველი პროექტი მრავალჯერ შეიცვალა და, საბოლოოდ, ხელი მოეწერა ტექსტს, რომელშიც ეკლესიის სასარგებლოდ იმთავითვე ჩადებულ პრივილეგიათა რიცხვი თითქოს მინიმუმამდე დავიდა. და მაინც, შეთანხმების დადების შემდეგ ხომ არ აღმოჩნდება საქარველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ქვეყანაში მოქმედ სხვა კონფესიებთან და აღმსარებლობით ჯგუფებთან შედარებით, უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმში? ხომ არ დაედება ამით საფუძველი სხვადასხვა რწმენის მიმდევართა უფლებრივ უთანასწორობას სწორედ სარწმუნოებრივი განსხვავების ნიადაგზე?

მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება უკვე თავად წარმოადგენს პრივილეგიას იმ დროს, როცა ყველა დანარჩენი რელიგიური ორგანიზაცია მოკლებულია სახელმწიფოსთან ურთიერთობის ამგვარად გარკვევის შესაძლებლობას. თუმცა არ არის გამორიცხული, სამომავლოდ ისინიც შეეცადონ, არ დარჩნენ ჩვეულებრივი სამოქალაქო რეგისტრაციის ამარა და სახელმწიფოსთან ურთიერთობის ახალი ფორმები ეძებონ. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რაც შეეხება, 14 ოქტომბერს მოხდა მისი ფორმალური ცნობა სახელმწიფოს მიერ, თან ისეთი იურიდიული ფორმით, რომ ის ერთბაშად აღემატა სხვა რელიგიურ გაერთიანებებს. ბიბლიის ახალ ქართულ ენაზე ერთ-ერთი მთარგმნელის, პროფესორ ზურაბ კიკნაძის აზრით, საზოგადოება საჭიროებს საკონსტიტუციო შეთანხმების ისეთ განმარტებასა და ინტერპრეტაციას, რაც დღეს არსებულ იურიდიულ პრივილეგიას უფრო ფართო შინაარსის პრივილეგიად არ წარმოაჩენს. წინააღმდეგ შემთხვევაში [ზურაბ კიკნაძის ხმა]: “შეუწყნარებლობა არ იკლებს, შეიძლება უფრო გაძლიერდეს სხვა კონფესიების მიმართ”.

უფლებადამცავმა გიგა ბოკერიამ განმიცხადა, რომ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით საპატრიარქო აქამდეც სარგებლობდა, რისი საფუძველიც იყო კონსტიტუციის მეცხრე მუხლი. გარდა ამისა, მართლმადიდებელ ეკლესიას სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე მეტი უფლებები ჰქონდა საგადასახადო და განათლების, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში. არსებითად, საკონსტიტუციო შეთანხმებით მოხდა აქამდე არსებული პრივილეგიების დადასტურება. თავისთავად, შეთანხმების დადება არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს რწმენის თავისუფლებისთვის, თუ ამას მოჰყვება თანმიმდევრული ნაბიჯები, მიაჩნია გიგა ბოკერიას, ანუ სახელმწიფო შეუთანხმდება სხვა რწმენისა და აღმსარებლობის მქონე ჯგუფებსა თუ ორგანიზაციებს.

შეთანხმების ცალკეულ მუხლთა ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული, მოჰყვება თუ არა დღევანდელ დღეს ეკლესიის პრივილეგიათა ზრდა. მაგალითად, გიგა ბოკერიას მოჰყავს მუხლი, სადაც ლაპარაკია [ბოკერიას ხმა] “იმაზე, რომ სახელმწიფო მართლმადიდებელი სარწმუნოების, როგორც საგნის, სწავლებას შეუთანხმებს საპატრიარქოს და პედაგოგთა დამტკიცებაც მოხდება ეკლესიასთან შეთანხმებით. ეს მუხლი შეიძლება ინტერპრეტირებული იქნას ისე, თითქოს სახელმწიფომ უკვე აიღო ვალდებულება, ასწავლოს მართლმადიდებელი სარწმუნოება, როგორც საგანი. მე არ მიმაჩნია ეს სწორ ინტერპრეტაციად. სწორი ინტერპრეტაცია ის იქნება, რომ თუ საჯარო სკოლებში მართლმადიდებლობის სწავლება ხდება, სახელმწიფო ჰკითხავს საპატრიარქოს, როგორ უნდა ასწავლოს ის”.

რაც უნდა ითქვას ახლა, შეთანხმება მალე ძალაში შევა (პარლამენტართა ერთსულოვანი მხარდაჭერა მისი რატიფიცირების დროს გარანტირებულია) და თანდათან კონკრეტულ ქცევებსა და გადაწყვეტილებებში გამოჩნდება, ვინ რა შინაარსს დებს მასში.
XS
SM
MD
LG