Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკრიმინალური ოპერაციის ახალი ფაზა. შიდა ქართლში შინაგანი ჯარისა და პოლიციის ბლოკსაგუშაგოები გაიხსნა


პანკისის ანტიკრიმინალური ოპერაციით მიღებულ გამოცდილებას საქართველოს ხელისუფლება შიდა ქართლში იყენებს. შინაგანი ჯარისა და პოლიციის ბლოკსაგუშაგოები ახლა უკვე გორის რაიონის

იმ სოფლებში გაიხსნა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ზონას ესაზღვრება.
შიდა ქართლის ოპერაცია კონფლიქტის ზონაში მოქმედ სამშვიდობო ძალებთან შეთანხმებით დაიწყო და ამ ფაქტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება, მოსალოდნელთან შედარებით, მშვიდად შეხვდა. კოკოითი, რომელიც შიდა ქართლში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარების გეგმას აპროტესტებდა, ბოლოს და ბოლოს, შეეგუა მას და ახლა ამგვარი ოპერაციის ჩატარებას თავადაც იწყებს, ოღონდ - თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.


შიდა ქართლში გაჩაღებული ყაჩაღობის, ავტომანქანების გატაცებისა და ცხინვალის მიმართულებით მათი გადაყვანის, ცხინვალიდან აქეთ კი იარაღისა და ნარკოტიკების შემოტანის გარდა, ქვეყანას დიდი ხანია უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს კონტრაბანდული ტვირთი, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან ამ რეგიონის გავლით შემოედინება. საქართველოს ხელისუფლებაც შიდა ქართლის ანტიკრიმინალური ოპერაციის უმთავრეს მიზნად განუბაჟებელი ტვირთის შემოტანის აღკვეთას ასახელებს. ედუარდ შევარდნაძის განმარტებით, რომელიც მან 16 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე გააკეთა, ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყებას შიდა ქართლში ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტიც გაგებით უნდა შეხვედროდა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “განუბაჟებელი ტვირთის გადმოტანა შეუძლებელი უნდა გახდეს. კოფლიქტამდეც რომ მივიდეს საქმე, ჩვენი გასაკეთებელი მაინც უნდა გავაკეთოთ.
მე მქონდა საუბარი ზასოხოვთან. ის თანახმაა ხელი შეგვიწყოს და ცხელ გულზე უნდა მივიღოთ ზომები, რომ საქართველოში განუბაჟებელი ტვირთი არ შემოდიოდეს.”


მაგრამ პრობლემა მარტო კონტრაბანდა არაა. ქართულ-ოსური კონფლიქტის არაკონტროლირებადი ზონის არსებობით კარგა ხანია ხელს ითბობენ ოსი კრიმინალებიც და მათი ქართველი კოლეგებიც. ცხინვალის მხარეს მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ყველაზე ძლიერად დუდაევების დაჯგუფება მიაჩნიათ. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის წარმომადგენელ ირაკლი მაჭავარიანის თქმით, სწორედ ამ ჯგუფის ბლოკირება უნდა მოახდინოს შინაგანი ჯარებისა და პოლიციის ერთ-ერთმა საგუშაგომ , კერძოდ, სოფელ მეჯვრისხევის საგუშაგომ. დანარჩენი ორი საგუშაგო უშუალოდ ცხინვალს ესაზღვრება. ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გახსნილ სამივე საგუშაგოზე, ძირითადად, შინაგანი ჯარების შეზღუდული კონტინგენტი უნდა განლაგებულიყო. ოპერაციის დაწყება შეთანხმებული იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედ სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასთან. მათი მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ასე თუ ისე, გაგებით შეხვდა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც, თუმცა შიდა ქართლში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარების გეგმას ის ორიოდე კვირის წინ მთელი ძალით აპროტესტებდა. როგორც ჩანს, კოკოითი მიხვდა, რომ ამ აჟიოტაჟით ზედმეტ პრობლემებს იქმნიდა. სოჭის ცნობილი შეთანხმებიდან მოყოლებული, კონფლიქტის ზონაში სამართალდამცავების მოქმედებას არც ერთი დოკუმენტი არ კრძალავს. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას არჩევანი ჩათრევასა და ჩაყოლას შორის უნდა გაეკეთებინა და მან გამოთქვა კიდეც მზადყოფნა, ანტიკრიმინალური ოპერაცია თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც ჩაატაროს, რა თქმა უნდა, საკუთარი ძალებით. თუმცა, იმის გათვალიწინებით, რომ ქართული და ოსური მხარეების მიერ კონტროლირებადი სოფლები ერთმანეთის მონაცვლეობით არის განლაგებული და ამის გამო ცალმხრივი ღონისძიებები წარუმატებლობისთვის არის განწირული, ირაკლი მაჭავარიანი ერთობლივ ღონისძიებებზე შეთანხმებას არ გამორიცხავს.
XS
SM
MD
LG