Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აქციეს ზურგი შევარდნაძეს ახალმა მემარჯვენეებმა და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა?


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ პარასკევს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ შევარდნაძის გამოსვლის შემდეგ 5 ფრაქციის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებას ამ ნაბიჯის არაერთი განმარტება თუ

ინტერპრეტაცია მოჰყვა. საგულისხმო იყო, რომ დემარშის გამოცხადება "ახალი მემარჯვენეების" ლიდერს დავით გამყრელიძეს მიანდეს, ხოლო გასულთა შორის იყო ვაჟა ლორთქიფანიძე ფრაქცია "ახალი აფხაზეთი - ქრისტიან-დემოკრატებთან" ერთად. ლორთქიფანიძე, რომელსაც საერთოდ არ ახასიათებს მკვეთრი ნაბიჯები და განცხადებები, აღმოჩნდა, მცირე ხნით მაინც, რადიკალური ოპოზიციის კამპანიაში, თუმცა ყველას ახსოვს, რომ ერთობლივ პრესკონფერენციას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი არ დასწრებია. ოფიციალურად გაცხადებულ მიზეზთა გარდა, გამყრელიძისა და ლორთქიფანიძის ქცევის ასახსნელად შეიძლება არსებობდეს კიდევ ერთი, აქამდე უცნობი, მოტივი.

ვაჟა ლორთქიფანიძეს პარლამენტის დარბაზიდან გასასვლელად ის მიზეზი ჰქონდა, რომ ვერ დაეთანხმა პრეზიდენტის მოხსენების პათოსს, ვერ გაიზიარა ანგარიშის დებულებები. როგორც ცნობილია, დემარშის მონაწილე ფრაქციათა ხელმძღვანელები პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლამდე ხვდებოდნენ შევარდნაძეს და ცდილობდნენ, პრეზიდენტს მოხსენებაში გაეთვალისწინებინა მათი მოსაზრებები თუ წინადადებები. შევარდნაძემ ეს არ შეისმინა. დეპუტატებმაც, თავიანთი ფრაქციებითურთ, შესაბამისად უპასუხეს. კანცელარიაში კონსულტაციებზე მხოლოდ შევარდნაძის მიერ დასახელებული ზურაბ ჟვანია და დავით გამყრელიძე არ დადიოდნენ. პრეზიდენტი სხვა ფრაქციების ხელმძღვანელებსაც ხვდებოდა, მათ შორის, ვაჟა ლორთქიფანიძესაც. თან, ხვდებოდა არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად. შევარდნაძის მოხსენება ნაკლებ მიუღებელიც რომ ყოფილიყო ექს-სახელმწიფო მინისტრისათვის, დემარშის დროს დარბაზში მისი დარჩენა ტაქტიკური შეცდომა იქნებოდა: ლორთქიფანიძე სოლიდარული უნდა ყოფილიყო კოლეგა-პარლამენტარებთან.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაჟა ლორთქიფანიძის მიუსვლელობა, ერთი შეხედვით, გასაგებია: ლორთქიფანიძე წარმოუდგენელია, ვთქვათ, სააკაშვილის გვერდით, ანუ ირონიული და რადიკალური რიტორიკის კონტექსტში. მაგრამ ბაღდათელ დეპუტატს საამისოდ სხვა მიზეზიც უნდა ჰქონოდა.

11 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ცნობილი განცხადება გააკეთა. პუტინის პათოსმა მალე შეიძინა კონკრეტული შინაარსი: შევარდნაძეს დაკავებული ჩეჩნების გადაცემა მოსთხოვეს, რაც მან, ნაწილობრივ, შეასრულა კიდეც. იმავე 11 სექტემბერს რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ კოლესნიკოვმა მოუწოდა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, გადასცენ რუსეთს ბადრი პატარკაციშვილი. ეს მოთხოვნა თითქოს არახალია, რუსეთი პატარკაციშვილის გადაცემას საქართველოში მისი დაბრუნების დღიდან მოითხოვს, მაგრამ ადრინდელ ბრალდებას, “აეროფლოტის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის ციხიდან გაქცევის მცდელობაში ხელშეწყობას, წელს ახალი ბრალდება დაემატა: ბადრი პატარკაციშვილს ინკრიმინირებული აქვს 1994-95 წლებში, სააქციო საზოგადოება “ლოგოვაზში” ბორის ბერეზოვსკისთან მუშაობის დროს, სააქციო საზოგადოება “ავტოვაზიდან” 2033 ავტომანქანის დატაცება. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, კიშინიოვში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისას წამოიჭრა არა მხოლოდ საზღვრის დამრღვევი ჩეჩნების, არამედ ბადრი პატარკაციშვილის ექსტრადიციის საკითხი. ვაჟა ლორთქიფანიძისა და პატარკაციშვილის ახლო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ნაბიჯი შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს პრეზიდენტისათვის გაგზავნილ გამაფრთხილებელ სიგნალად, რათა შევარდნაძემ, ჩვეულებისამებრ, არ დათმოს და არ გაბედოს აწ უკვე ქართველი ბიზნესმენის რუსეთის პროკურატურისთვის გადაცემა. ამით შევარდნაძე გადაიმტერებს მისდამი ლოიალურად განწყობილ ძალებსაც.

თუ გავიხსენებთ “ახალი მემარჯვენეებისა” და პატარკაციშვილის დაახლოებას წინასაარჩევნო პერიოდში, პატარკაციშვილის მხრივ ამ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას, შეგვიძლია მსგავსადვე წავიკითხოთ დავით გამყრელიძის პროტესტიც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს “ახლებისა” და პატარკაციშვილის კავშირები ძველებურად ინტენსიური აღარ არის.
XS
SM
MD
LG