Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაუმკლავდება აშშ პრობლემას, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში მასობრივი განადგურების იარაღის მიკვლევამ წარმოშვა?


ხუთშაბათს ვაშინგტონიდან სრულიად მოულოდნელი განცხადება გავრცელდა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ამცნო იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთი კორეა - მისივე აღიარებით,

ატომური იარაღის დამზადებაზე მუშაობს. საქმე ეხება ჩრილოეთი კორეის მიერ 1994 წელს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას, რის შესახებაც ვაშინგტონისათვის ცნობილია მას შემდეგ, რაც ფხენიანს ორი კვირის წინ ეწვია სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს კელი. კელიმ ჩრდილოეთი კორეის ხელისუფალთ წარუდგინა ამერიკული დაზვევრის მიერ მოპოვებული სამხილები ატომური იარაღის პროგრამის შესახებ და პასუხად მოისმინა აღიარება, რომ ჩრდილოეთი კორეა რვა წელია, საიდუმლოდ ანვითარებს ასეთ იარაღს.
შედეგად ვაშინგტონი მორიგი რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა, და ეს მაშინ, როცა ჩართულია ანტიტერორისტულ ომში და თან ერაყზე შესაძლო სამხედრო იერიშისათვის ემზადება...

ჯორჯ ბუშის პრეს-მდივნის განცხადებით, პრეზიდენტი მეტად შეშფოთებულია ჩრილოეთი კორეის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვებით. თუმცა, განსხვავებით ერაყისაგან, რომელსაც განიარაღებაზე უარის შემთხვევაში ომით ემუქრებიან, ფხენიანის განიარაღების საკითხში ჯორჯ ბუშს დიპლომატიის იმედი აქვს.

ყველა ამ განცხადებას ჩრდილოეთი კორეის მხრივ კომენტარი არ მოჰყოლია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მან ატომური იარაღის ფლობის აღიარება გადაწყვიტა, ზოგ მიმოხილველს აფიქრებინებს, რომ ფხენიანი მზად არის, ბოლო მოუღოს მსოფლიოსაგან იზოლაციას. ასეთ ვარაუდის საფუძველს იძლევა ქვეყნის მმართველი კომუნისტური რეჟიმის ზოგიერთი ბოლოდროინდელი ნაბიჯი, მათ შორის იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობის ნორმალიზებისაკენ მისწრაფება.

და მაინც, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა ხუთშაბათს გამოთქმულ ვარაუდს - ჩრდილოეთ კორეას მცირე რაოდენობით ატომური იარაღი აქვსო -, ასეთი კომენტარი დააყოლა: [რამსფელდის ხმა] "არა მგონია, ეს ვინმემ მაინც ჩათვალოს სასიკეთო ნიშნადო".

ჩრდილოეთ კორეას, მართალია, ისევე როგორც ერაყსა და ირანს, ვაშინგტონში ე.წ. "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნებენ, მაგრამ, სახელმწიფო დეპარატამენტის პრესმდივან რიჩარდ ბაუჩერის განმარტებით: [ბაუჩერის ხმა] "არ არსებობს ერთიანი პოლიტიკური კურსი, რომელიც ყველა ამ ქვეყანას ერგება. ჩვენი სურვილია, მშვიდობიანად მოვაგვაროთ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება და სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ."

აი, ერაყი სხვაა - თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის განმარტებით იმის გამო, რომ უკვე არსებობს სადამ ჰუსეინის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა და მეზობელ ქვეყანაში შეჭრის პრეცედენტები; ხოლო მიმოხილველების განმარტებით, იმის გამოც, რომ ვაშინგტონი ვერ წამოიწყებს ომს ფხენიანის წინააღმდეგ.

აშშ-ის მოკავშირე სამხრეთ კორეაში 40 000 ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული, მაშინ როცა ჩრდილოეთ კორეას მილიონზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს, მათი 70 პროცენტი - სამხრეთის საზღვარზე. ამას ემატება სამხრეთი კორეის დედაქალაქზე დამიზნული 12 000 საარტილერიო ქვემეხი. ასე რომ, სამხედრო ექსპერტი არ უნდა იყო, რომ მიხვდე: კორეის ნახევარკუნძულზე მორიგი ომის შემთხვევაში, სამხრეთი კორეის დედაქალაქი პირველივე დღეს ნანგრევებად იქცეოდა! როგორც ჩვენი რადიოს ვაშინგტონელ თანამშრომელთან, ჯეფრი დონოვანთან საუბარში ამერიკელმა მკვლევარმა, ამ ქვეყნის ყოფილმა ელჩმა სამხრეთ კორეასა და ჩინეთში, ჯეიმს ლილიმ თქვა [ლილის ხმა] "კორეაში სამხედრო ოპერაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთი რამ შეიძლება ერაყში მოხდეს, მაგრამ არა ჩრდილოეთ კორეაში. ეს იქნებოდა მეორედ მოსვლა, საშინელება. "

ამასობაში ვაშინგტონმა, დაპირებისამებრ, დიპლომატიას მიმართა - დაიწყო კონსულტაციები სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან.
XS
SM
MD
LG